საქმე # 020142221700143172
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №39აგ-21 ქ.თბილისი
ა–ე დ., 39აგ-21 14 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ა–ს ადვოკატ პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განაჩენით დ. ა–ე, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და (დაუსწრებლად) მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში შევიდა პროკურორ ირაკლი დონდოლაძის შუამდგომლობა მსჯავრდებულ დ. ა–ს მიმართ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ა–ს ქმედების კანონთან შესაბამისობაში მოყვანამდე უარი ეთქვა პროკურორ ირაკლი დონდოლაძეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
3. 2021 წლის 7 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ დ. ა–ს ადვოკატმა პ. ბ–მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა ძებნილ მსჯავრდებულ დ. ა–ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ: განაჩენში მითითებული კვალიფიკაციის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული ქმედების შესაბამისობაში მოყვანა დღეს მოქმედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ა–ს ადვოკატ პ. ბ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ა–ს ადვოკატმა პ. ბ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ დასაშვებად ცნოს მისი შუამდგომლობა.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც აპელანტს უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია, შეუძლია, გაასაჩივროს სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან მაგისტრატი მოსამართლის განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარს განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. ამავე კოდექსის 293-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში - დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
3. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება სასამართლოს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელიც აღარ ექვემდებარება სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრებას.
4. ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, როდესაც განაჩენი დადგენილია მსჯავრდებულის დაუსწრებლად, განაჩენი არ გასაჩივრებულა სააპელაციო წესით და არ ამოწურულა გასაჩივრების კანონით განსაზღვრული შესაძლებლობა, - საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის №21აგ-17 განჩინება; 2017 წლის 29 სექტემბრის №52აგ-17 განჩინება; 2017 წლის 30 ოქტომბრის №74აგ-17 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განაჩენი გამოტანილია დ. ა–ს დაუსწრებლად, იგი ძებნილია და ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის.
5. სასამართლო განმარტავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვრცელდება იმ დანაშაულებზე, რომლებიც საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით, ნაწილით ან ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მისი მოქმედება ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მოქმედ რედაქციაზე, ხოლო დ. ა–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, 2014 წელს მოქმედი რედაქცია), რაც არ არის შესაბამისობაში მოყვანილი დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის ნორმასთან. ამდენად, ვიდრე ზემოაღნიშნული მუხლი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესის თანახმად, შესაბამისობაში არ მოვა მოქმედ კანონმდებლობასთან (სსკ-ის მოქმედ რედაქციასთან), საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, იმსჯელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებაზე (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №4I-15; №71-21; №1211-21).
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ დ. ა–ს ადვოკატ პ. ბ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ა–ს ადვოკატ პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ დ. ა–ს ადვოკატ პ. ბ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე