Facebook Twitter

საქმე # 020142220700122993

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №43აგ-21 თბილისი

კ. ე., 43აგ-21 27 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ე. კ., - დაბადებული წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით (2011 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ე. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 28 თებერვლიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 იანვრის განაჩენით დამტკიცდა მსჯავრდებულ ე. კ-ს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს - კ. კ-ს, რ. კ-სა და პროკურორ თენგიზ ჭითაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება – გარიგება სასჯელზე.

გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ე. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით (2011 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით, 2 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ე. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ე. კ-ს 2014 წლის 28 თებერვლიდან, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეფარდებული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

3. 2020 წლის 9 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ე. კ-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა გადასასინჯი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

შუამდგომლობის ავტორს ახლად გამოვლენილ გარემოებეთა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიაჩნია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Batiashvili v. Georgia), რომლის მიხედვითაც, მოცემულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა. დაცვის მხარის განმარტებით, ამ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ე. კ-სა და ი. ბ-ს შორის შემდგარი საუბარი, რაც შემდგომში გახდა კიდეც ი. ბ-ს მსჯავრდების საფუძველი, დამონტაჟებული იყო. აღნიშნული კი მეტყველებს ე. კ-ს უდანაშაულობაზე; გარდა ამისა, განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებია ასევე: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენი ნ. ა-ს მიმართ და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 იანვრის განაჩენი მ. ჩ-ს მიმართ, რომელთა მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენები, რაც ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ე. კ-ს უკანონო შეიარაღებული ფორმირება არ შეუქმნია და არ უხელმძღვანელია მისთვის; დაცვის მხარეს ასევე მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის განაჩენის სამოტივაციო ნაწილში მითითებულ, ე. კ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ „სხვა მტკიცებულებებში“, სააპელაციო პალატა მოიაზრებს ი. ბ-ს მიმართ არსებულ გამამტყუნებელ განაჩენსაც, რაც არასწორია; ამასთან, ე. კ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებსაც დაცვის მხარე დეტალურად მიმოიხილავს და მიაჩნია, რომ ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია და არ ადასტურებს ე. კ-ს ბრალეულობას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ე. კ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 იანვრის განაჩენები დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებული ე. კ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად თქვა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივებს გადასასინჯი განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ, კერძოდ:

3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმისათვის, რათა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაისინჯოს განაჩენი, ერთდროულად უნდა არსებობდეს ორი სავალდებულო პირობა, კერძოდ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა და ის, რომ გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევაზეა დაფუძნებული.

4. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Batiashvili v. Georgia) კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ი. ბ-ს ბრალი ედებოდა შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების მონაწილეობის თაობაზე ხელისუფლების ორგანოების შეუტყობინებლობისა და შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირის“ ხელმძღვანელის - ე. კ-ს ინტელექტუალური მხარდაჭერის გამო. სასამართლომ დაასკვნა, რომ ეროვნულ დონეზე არსებობდა ე. კ-სა და ი. ბ-ს შორის გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ორი ვერსია. ერთი, რომელიც შსს-ს მიერ მედიას გადაეცა და გაშუქდა ტელევიზიით, იყო დამონტაჟებული და იქმნებოდა ისეთი ფონი, რომ თითქოს, დაჯგუფების ლიდერი ე. კ. აჯანყების ფარგლებში თანამშრომლობდა აფხაზ სეპარატისტებთან და მომჩივანი (ი. ბ.) ამ ყოველივეს ამართლებდა. სასამართლომ ყურადღება მიაქცია, რომ ი. ბ-ს ბრალდება ეფუძნებოდა მხოლოდ დამონტაჟებულ აუდიოჩანაწერს, რომელიც მედიაში გავრცელდა. მოვლენების ეს განვითარება ცხადყოფდა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის მიზნებისთვის, მომჩივნის მდგომარეობაზე გავლენა იქონია საგამოძიებო ორგანოების ქმედებამ, რომელმაც მტკიცებულების გაყალბებით, მომჩივანთან მიმართებით არასწორი ეჭვები გააჩინა, რათა შემდგომში ამ მასალაზე დაყრდნობით მისთვის სისხლისსამართლებრივი ბრალი წაეყენებინათ. ევროპულმა სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ სატელეფონო აუდიოჩანაწერის ტელევიზიით გაშუქების შემდეგ, პარლამენტის წევრებმა გააკეთეს რამდენიმე განცხადება და გამოთქვეს მოსაზრებები კოდორის ხეობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ი. ბ-ს როლზე. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის სატელეფონო ჩანაწერის დამონტაჟება, რომელშიც სახელმწიფო უწყება იყო ჩართული და ამ ფორმით მოცემული ჩანაწერის ტელეარხით გავრცელება ემსახურებოდა მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენას სასამართლოს მიერ მისი ბრალის დადასტურებამდე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია, რის გამოც სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა.

5. ამდენად, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ირკვევა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა მხოლოდ ი. ბ-თან მიმართებით და იგი არ უკავშირდება მსჯავრდებულ ე. კ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხულ ქმედებებს.

6. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებულ განაჩენებს, ვერც ისინი გახდება ე. კ-ს უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი, ვინაიდან არც ნ. ა-ს მიმართ გამოტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ) და არც მ. ჩ-ს მიმართ გამოტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის გამამართლებელი განაჩენი (უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით), ადასტურებს ე. კ-ს უდანაშაულობის ფაქტს, რადგან ნ. ა-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით დადგინდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნ. ა-ს არ მიუღია მონაწილეობა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში, ხოლო მ. ჩ-ს შემთხვევაში კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის გამამართლებელი განაჩენის მიხედვით, არ დადასტურდა კონკრეტულად მისი ბრალეულობა, მათ შორის - უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში, მასში მონაწილეობასა და ამბოხებაში, რაც არ ადასტურებს ე. კ-ს უდანაშაულობას, რის გამოც ეს განაჩენებიც ვერ დაედება საფუძვლად კასატორის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

7. რაც შეეხება კასატორის კიდევ ერთ მოსაზრებას, რომ გადასასინჯი განაჩენი ემყარება ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს, რაც არ ადასტურებს მის ბრალეულობას, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მისი მსჯავრდების საქმეში არსებული მტკიცებულებები შეფასებულია განაჩენის დადგენისას და ამ ნაწილში ე. კ-ს არ წარმოუდგენია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად, ამტკიცებს მის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ე. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი