საქმე # 140100120003898454
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №751აპ-21 ქ. თბილისი
ხ-ი დ, 751აპ-21 10 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ა. კ-სა და მ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენით:
1.1. დ. ხ, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და დ. ხ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 5 ივლისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ხ-მა ჩაიდინა ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ქურდობისათვის მსჯავრდებული დ. ხ. 2020 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 00:11 საათზე, ყაჩაღურად თავს დაესხა გ-ში, ც-ის გზატკეცილი №..-ში მდებარე გაზგასამართ სადგურ შპს ,,ე-ის“ თანამშრომლებს - ვ. ტ-ს, გ. კ-სა და გ. მ-ს, რომლებსაც იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მოსთხოვა თანხა. დაზარალებულებმა თავდამსხმელს გადასცეს შპს-ს კუთვნილი 410 ლარი, რის შემდეგაც დ. ხ. მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ა. კ-ემ და მ. შ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენის გაუქმება და დ. ხ-ის გამართლება.
4.1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ა. კ-სა და მ. შ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულ ვ. ტ-სა და მოწმეების - გ. მ-ის, გ. კ-ის, ვ. ო-ის, გ. ქ-სა და სხვათა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 17 ივნისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №../..-... დასკვნა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის ფონოსკოპიური ექსპერტიზის №... დასკვნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 29 ივნისის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №... დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 6 იანვრის ექპერტიზის №........ დასკვნა, სახლის ჩხრეკის ოქმი და სხვა მტკიცებულებები), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ. ხ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
8. საქმის მასალების თანახმად, დაზარალებულმა ვ. ტ-მა განმარტა, რომ 2020 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, თანამშრომლებთან - გ. მ-სა და გ. კ-სთან ერთად იჯდა მოსასვენებელ ოთახთან (ჯიხურთან) და საუბრობდა. ამ დროს მათ მიუახლოვდა მაღალი, შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც ხელებზე ეკეთა ხელთათმანები, სახეზე კი - პირბადე, თავზე ეხურა კეპიანი ქუდი და ხელში ეჭირა ყუთი. აღნიშნული მამაკაცი მიესალმა მათ და უთხრა, რომ ყუთში ჰქონდა ბომბი და თუ ფულს არ მისცემდნენ, ააფეთქებდა და დახოცავდა. მამაკაცი ასევე დაემუქრა იარაღის მსგავსი საგნით. დაზარალებულს შეეშინდა და თავდამსხმელს გადასცა დაახლოებით 180 ლარი. მამაკაცს ფული ასევე გადასცეს გ. კ-მა და გ. მ-მაც, რის შემდეგაც თავდამსხმელი წავიდა დასავლეთის მიმართულებით. მამაკაცმა მათგან წაიღო 400 ლარზე მეტი ოდენობის თანხა. ეს ყველაფერი გაგრძელდა დაახლოებით ორ წუთს. ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ. მ-მა და გ. კ-მა.
9. მსჯავრდებული დ. ხ. რომ ა. ო-ის სახლთან იმყოფებოდა, დადასტურებულია მოწმეების - ვ. ო-სა და გ. ქ-ის ჩვენებებითაც, კერძოდ: ვ. ო-ემ განმარტა, რომ დაახლოებით პირველ საათზე, ა. ო-ძე და დ. ხ. გორში, ც-ის გზატკეცილზე, ა. ო-ის საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე ტერიტორიიდან წამოიყვანა ქალაქის მიმართულებით. მათ უნდოდათ ქარელში წასვლა, რის გამოც მიიყვანა მარკეტის წინ გაჩერებულ ტაქსთან, სადაც ჩასხდნენ დ. ხ. და ა. ო; გ. ქ-მა კი განმარტა, რომ 2020 წლის 11 ივნისს იდგა ცხინვალის გზატკეცილზე, რესტორან ,,მ-ის“ მოპირდაპირე მხარეს, რა დროსაც მისი ნაცნობი ვ. ო-ის თხოვნით, დაახლოებით პირველ საათზე ქარელში წაიყვანა ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ისინი ისხდნენ უკანა სავარძელზე, მათ არ დაკვირვებია. ქარელში ჩავიდა დაახლოებით 01:30 საათზე, ორივე პირი დატოვა ქარელის გასასვლელში, ბენზინგასამართ სადგურთან და გამობრუნდა უკან. აღნიშნულმა პირებმა გადაუხადეს 15 ლარი, რომელიც შემდეგ გამომძიებელმა გამოართვა ექსპერტიზის ჩატარების მიზნით; გარდა ამისა, გორში, ცხინვალის გზატკეცილის №../.-ში მდებარე ა. ო-ის სახლის ჩხრეკის შედეგად, მისი საძინებელი ოთახიდან ამოიღეს 100-ლარიანი კუპიურა. ა. ო-ის დედამ - ლ. ო-ემ კი განმარტა, რომ მას შვილისათვის აღნიშნული თანხა არ მიუცია. თავად ბრალდებული კი არსად მუშაობს.
10. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,ე-ის“ გაზგასამართი სადგურის გვერდით არსებული ავზის უკანა მხარეს, ბალახებთან ნანახი და ამოღებულ იქნა სუნის ნიმუში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გაუშვეს სამძებრო ძაღლი, რომელიც საფეხბურთო სტადიონის გვერდით არსებული ბილიკით მივიდა ც-ის გზატკეცილის №..-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან, შემდეგ კი - ამავე გზატკეცილის №..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის (ა. ო-ის საცხოვრებელი) კიბესთან, საიდანაც ამოიღეს 20-ლარიანი კუპიურა. აღნიშნულის შემდეგ ძაღლი შევიდა სადარბაზოში, რომლის სარდაფშიც აღმოჩნდა შავი შარვალი, ე.წ. კაპიშონიანი ქურთუკი, ნაქსოვი ქუდი, მუქი ფერის კეპიანი ქუდი, შავი ფერის ორი ცალი პირბადე და კამუფლაჟირებული ცხვირსახოცი. სარდაფის ჩასასვლელიდან ამოიღეს შავი ფერის ყელიანი სპორტული ფეხსაცმელი, ყავისფერი სამხედრო ჩანთა, შავჩარჩოიანი სათვალე, პისტოლეტის მსგავსი საგანი და, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა.
11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 17 ივნისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №../..-... დასკვნით დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალი იდენტურია დ. ხ-ის სუნის ნიმუშის, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 6 იანვრის ექპერტიზის №......... დასკვნით დადგინდა, რომ სარდაფიდან ამოღებულ პისტოლეტისმაგვარ საგნის ტარზე, ჩამკეტის გარსაცმსა და მჭიდზე, ფეხსაცმელზე, შარვალზე, ჟაკეტზე, ნაქსოვ ქუდსა და პირბადეზე აღმოჩნდა დ. ხ-ის ბიომასალა. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ამოღებული ტანსაცმელი არ არის დ. ხ-ის ზომა, რის გამოც იგი ამ ტანსაცმლით ვერ იქნებოდა შემთხვევის ადგილზე. ფაქტია, რომ შემთხვევის ადგილზე აღებული სუნის ნიმუში დაემთხვა დ. ხ-ის სუნის ნიმუშს; გარდა ამისა, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ სუნის კვალზე სამძებრო ძაღლი მივიდა ა. ო-ის სახლის სარდაფში, საიდანაც ამოიღეს ტანსაცმელი, რომელზეც აღმოჩენილი ბიომასალა ეკუთვნის დ. ხ-ს. გარდა ამისა, დ. ხ-მა დაადასტურა, რომ მისი ფეხის ზომა არის 45, რაც ემთხვევა ამოღებული ფეხსაცმლის ზომას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 29 ივნისის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №.. დასკვნით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული, გამოძიებისთვის საინტერესო პირი არის საშუალოზე მაღალი (180-185 სმ), რაც თანხვდენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული პროგრამიდან ამობეჭდილ, ფოტოსურათით მიღებულ ინფორმაციასთან, რომლითაც დასტურდება, რომ დიმიტრი ხადურის სიმაღლე არის დაახლოებით 185 სმ. ამასთან, გაზგასამართი სადგურის ვიდეოჩანაწერებში მოსაუბრე მამაკაცისა და დ. ხ-ის ხმის იდენტურობა დადასტურებულია ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ დ. ხ-ის ბრალდების საქმე განხილულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. დ. ხ-ის მიმართ საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენაში.
13. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები” (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ა. კ-სა და მ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი