საქმე # 330100119003356568
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №825აპ-21 ქ. თბილისი
ტ-ი კ, 825აპ-21 10 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. კ. ტ-ს, - ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 12 ნოემბერს კ. ტ. მის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე - ქ. თ, ვ-ის ქუჩა N..-ში, უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PvP).
· იმავე დღეს კ. ტ-მა განიზრახა უკანონოდ გაესაღებინა ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ (a-PvP), რის გამოც ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ნარკოტიკული საშუალებები დაუდგენელ პირებზე გასაღების მიზნით, დატოვა ქ. თ-ში, კ-ს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ადგილას, თუმცა მის მიერ სარეალიზაციოდ დატოვებული ნარკოტიკული საშუალება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად იქნა ამოღებული.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 ივლისის განაჩენით:
2.1. კ. ტ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
2.2. კ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ კ. ტ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 12 ნოემბრიდან.
2.3. კ. ტ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ტ-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 12 ნოემბერს კ. ტ. მის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე - ქ. თ, ვ-ის ქუჩა N..-ში, უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PvP).
· იმავე დღეს კ. ტ-მა განიზრახა განეხორციელებინა ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (a-PvP) უკანონო გასაღების მომზადება, რის გამოც ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ნარკოტიკული საშუალებები დაუდგენელ პირებზე გასაღების მიზნით, დატოვა ქ. თ-ში, კ-ს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ლოკაციაზე, რაც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად იქნა ამოღებული.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით:
4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
4.2. კ. ტ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
4.3. კ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან; 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 12 ნოემბრიდან.
4.4. კ. ტ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
5. კასატორმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კ. ტ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით - მსჯავრდებულ კ. ტ-ის მიერ დანაშაულის ნაწილობრივ აღიარებით, მოწმეების - დ. გ-ის, კ. ჭ-ის, შ. ლ-ის, ზ. ჯ-ის, ზ. ჯ-ას ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ კ. ტ-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ მსჯავრდებულ კ. ტ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში სრულად დასტურდება საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით და ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთებას ბრალდების მითითებულ ეპიზოდში კ. ტ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, კერძოდ:
9. საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია და თავად კ. ტ-იც ადასტურებს, რომ მან უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ნაწილი დატოვა ქ. თ-ში, კ-ს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ლოკაციაზე. ამდენად, აღნიშნული ქმედებით კ. ტ-მა მხოლოდ და მხოლოდ შექმნა წინაპირობა ნარკოტიკული საშუალების შემდგომში გასაღების უზრუნველსაყოფად. კ. ტ-ის ამ ქმედებას უშუალო საფრთხე არ შეუქმნია სამართლით დაცული სიკეთისთვის. საქმეში არ არის წარმოდგენილი პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ კ. ტ. კონკრეტულ პირს დაეკონტაქტა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით ან მოითხოვა თანხის ჩარიცხვა, ან/და ვინმეს მიუთითა ნარკოტიკული საშუალების ლოკაცია და სხვ. ამასთანავე, კ. ტ-ის ქმედების (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება) სამართლებრივი შეფასებისას მხედველობაშია მისაღები კ. ტ-ის მიერ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ნაწილის დატოვების ადგილი, ნარკოტიკული საშუალების დატოვების ადგილთა რაოდენობა, კ. ტ-ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებები - ნარკოტიკების შესაფუთი მასალა, ელექტროსასწორები და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები.
10. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ კ. ტ-სათვის განსაზღვრულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.
11. საქმეში არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კ. ტ-სათვის საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ სრულად მიიღო მხედველობაში მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და კ. ტ-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, კერძოდ: მსჯავრდებულმა კ. ტ-მა ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამასთან, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი