Facebook Twitter

საქმე # 330141221004287967

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №3I-22 თბილისი

თ-ე თ, 3I-22 10 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. თ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 13 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით თ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

2. 2021 წლის 20 იანვარს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ თ. თ-ის პირადი საქმე გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

3. 2021 წლის 21 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებულის ადვოკატმა, ს. კ-ემ წარადგინა დაზარალებულ ა. ა. ა. მ. ე-ის წარმომადგენლის - მ. მ-ის მიერ 2021 წლის 15 აპრილს შედგენილი განცხადება (სანოტარო წესით დამოწმებულია ხელმოწერა, მისი უფლებამოსილება, დოკუმენტში მითითებული ფაქტები ნოტარიუსის მიერ არ შემოწმებულა), რომლის თანახმადაც, დაზარალებული ა. ა. ა. მ. ე. არ იმყოფება საქართველოში და მსოფლიოში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიუხედავად მისი სურვილისა, ვერ ახერხებს საქართველოს ფარგლებს გარეთ თანხმობის განცხადების დამოწმებასა და გადმოგზავნას სასამართლოში - მსჯავრდებულ თ. თ-ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებასთან დაკავშირებით. მ. მ. ადასტურებს, რომ მსჯავრდებულმა სრულად აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თანახმაა, თ. თ-ის მიმართ გავრცელდეს ამნისტია.

4. 2021 წლის 14 ივლისს დაზარალებულ ა. ა. ა. ე-ის წარმომადგენელ, მ. მ-სთან სატელეფონო გასაუბრების ოქმით (ს.ფ. 17), ირკვევა, რომ ა. ა. ა. -ის პოზიცია ამჟამად გაურკვეველია, ვინაიდან დაზარალებული ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას და ბოლო პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გამოყენების თაობაზე მასთან არ უსაუბრია. დაზარალებულს საქართველოში აქვს ბიზნესი და როგორც თვითონ იცის, იგი შესაძლოა, სექტემბერში ჩამოვიდეს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. თ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

6. 2021 წლის 31 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ. თ-ემ. იგი აცხადებს, რომ დაზარალებულისაგან ვერ მოხერხდა იურიდიულად გამართული თანხმობის მიღება, რადგან იგი ვერ მოიძებნა. ვინაიდან ის არის პატიმარი, ამ საფუძვლით იურიდიული ტვირთი მასზე არ უნდა ყოფილიყო. შემდეგ ოჯახური პირობების გამო, ვერ მოახერხა გასაჩივრება. მსჯავრდებულის განმარტებით, ამნისტიის კანონი ჰუმანური აქტია და მისი ჰუმანური შინაარსიდან გამომდინარე, საქმე ხელახლა უნდა გადაიხედოს, რათა აღსრულდეს კანონი და გავრცელდეს მასზე ამნისტია, ასევე აღუდგეს გასაჩივრების ვადა და ჩაეთვალოს იგი საპატიო მიზეზად.

7. 2022 წლის 11 იანვარს დაზარალებულ ა. ა. ა. ე-ის წარმომადგენელ - მ. მ-სთან სატელეფონო გასაუბრების ოქმით (ს.ფ 45) ირკვევა, რომ დღეის მდგომარეობით, უცნობია ა. ა. ა. ე-ის პოზიცია მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან დაზარალებული, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში დღემდე არ ჩამოსულა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 13 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. თ-ის შუამდგომლობა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

9. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. თ-ემ, რომელმაც ითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება.

10. საჩივრის თანახმად, დაზარალებულისაგან იურიდიულად გამართული თანხმობის მიღება ვერ ხერხდება და ვინაიდან თ. თ. არის მსჯავრდებული, აღნიშნული დოკუმენტის მოპოვების ტვირთი მას არ უნდა ეკისრებოდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით თ. თ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

4. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ამ კანონის მათ შორის ზემოხსენებული მე-6 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ მუხლებში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება. ობიექტური ხელშემშლელი მიზეზის არსებობისას, მათ შორის, დაზარალებულის ქვეყნის ფარგლების გარეთ ყოფნის შემთხვევაში, მისი თანხმობა შეიძლება წარდგენილ იქნეს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ფორმით.

5. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, მართალია, 2021 წლის 21 აპრილს მსჯავრდებულ თ. თ-ის ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა დაზარალებულის წარმომადგენლის (და არა უშუალოდ დაზარალებულის) მ. მ-ის განცხადება, ა. ა. ა. მ. ე-ის მიერ მსჯავრდებულ თ. თ-ის მიმართ ამნისტიის კანონის გავრცელებაზე თანხმობასა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე (სანოტარო წესით დამოწმებულია ხელმოწერა, მისი უფლებამოსილება და დოკუმენტში მითითებული ფაქტები ნოტარიუსის მიერ არ შემოწმებულა), მაგრამ როგორც 2021 წლის 14 ივლისის, ისე 2022 წლის 11 იანვრის სატელეფონო გასაუბრების ოქმების შინაარსით დგინდება, მ. მ-სათვის დაზარალებულ ა. ა. ა. მ. ე-ის პოზიცია ამნისტიის გავრცელების თაობაზე ამჟამად არის უცნობი. 2021 წლის 14 ივლისის სატელეფონო გასაუბრების ოქმში, როგორც მ. მ. უთითებს, დაზარალებულს საქართველოში ბიზნესი აქვს და შესაძლოა, სექტემბერში ჩამოსულიყო კიდეც, მაგრამ 2022 წლის 11 იანვრის სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ა. ა. ა. მ. ე. საქართველოში არ ჩამოსულა. მოცემული ვითარების ფონზე, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ობიექტური ხელშემშლელი მიზეზის არსებობისას, მათ შორის, დაზარალებულის ქვეყნის ფარგლების გარეთ ყოფნის შემთხვევაში, მისი თანხმობა შეიძლება ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ფორმით იყოს წარმოდგენილი, რაც მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, არ განხორციელებულა.

6. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. თ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. თ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 13 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე