Facebook Twitter

საქმე # 190100107002491886

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე N766აპ-21 ქ. თბილისი

ო-ი ლ-ო, 766აპ-21 8 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ლ. ო-ს, - ბრალად დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ასევე, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.1. გ-ის რაიონის სოფელ ლ-ში მცხოვრებმა ლ. ო-მა ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაუდგენელი პირისგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

1.2. 2006 წლის ივლისის ბოლო რიცხვებში ლ. ო-მა გამოძიებით დაუდგენელ პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით გადაწყვიტა, სხვისი მოძრავი ქონების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალდობის გამოყენების მუქარით თავს დასხმოდა ქ. გ-ში, -ის ქუჩის N--ში მცხოვრებ ი. ი-ის საცხოვრებელ ბინას.

2006 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, იგი გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ნიღბებითა და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტებით შეიარაღებული, თავს დაესხა ი. ი-ის ბინას, სადაც იმყოფებოდა ოჯახის დიასახლისი ნ. ი-ა ორ მცირეწლოვან ბავშვთან - ე-სა და რ-თან და თავის ძმისცოლთან რ. მ-ასთან ერთად. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში იარაღის მუქარით მათ ბინიდან გაიტაცეს 250 აშშ დოლარი და 80 ლარი.

ლ. ო-სა და მის თანამზრახველებს დანაშაულის ჩადენის დროს შემოუსწრო მეგობრებთან ერთად სახლში დაბრუნებულმა ი. ი-მა. მათ დანახვაზე ერთი ბოროტმოქმედი გაიქცა მეორე სართულზე, ღიად დატოვებული ერთ-ერთი ბინის კარიდან შევიდა სახლში და იქიდან გადახტა კორპუსის მეორე მხარეს, რის შემდეგ სიბნელეში გაუჩინარდა. ლ. ო-მა და მისმა მეორე თანამზრახველმა კი ცეცხლსასროლი იარაღებიდან სროლებით გაიკვლიეს გზა სადარბაზომდე. ეზოში გასვლის მომენტში ლ. ო-ი ბ. ი-ის თანმხლებმა პირებმა დაიჭირეს, წააქციეს და ცემა დაუწყეს, რა დროსაც მას წამოეშველა გამოძიებით დაუდგენელი, ყაჩაღობაში თანამონაწილე მამაკაცი და განზრახ მოკვლის მიზნით, რამდენჯერმე ესროლა ი. ი-სა და მის თანმხლებთ, რათა ლ. ო-ი მათგან დაეხსნა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს იგი ხელში არ ჩავარდნოდა. სროლების შედეგად სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს ბ. ი-მა და ხ. ხ-მა, ხოლო ბ. გ-ი ადგილზევე გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ ლ.ო-ი და მისი თანამზრახველები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

2. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განაჩენით:

ლ. ო-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში;

ლ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით:

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ლ. ო-ს 1/4-ით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი და მიესაჯა - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებული ლ. ო-ი 2020 წლის 1 სექტემბერს დააკავეს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ო-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განაჩენი გაუქმდა:

ლ. ო-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

6.1. პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება, ლ. ო-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მისთვის გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით დადგენილი სასჯელის სახისა და ზომის მისჯა. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სრული ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება, რომ ლ. ო-ი 2006 წლის 31 ივლისს ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. აღნიშნულს ადასტურებს პოლიციელების ჩვენებები და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები. მართალია, პოლიციის თანამშრომლებს უშუალოდ დანაშაულის ჩადენის მომენტში ლ. ო-ი არ დაუნახავთ, მაგრამ ამ ფაქტს სხვა პირთა დაკითხვები ადასტურებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ დაჭერილი ჰყავდათ პირი, რომელსაც შავი ტანსაცმელი, თეთრი ბოტასი ეცვა, ეკეთა ნიღაბი და რომელმაც შემთხვევის ადგილი დატოვა, საიდანაც რამდენიმე მეტრში პოლიციელებმა დაინახეს.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია), კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით ლ. ო-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება უტყუარად არ დასტურდება, კერძოდ:

მოცემულ შემთხვევაში არცერთ თვითმხილველ მოწმეს სააპელაციო სასამართლოს წინაშე მოწმედ დაკითხვის დროს არ დაუდასტურებია ზემომითითებულ ყაჩაღობაში უშუალოდ ლ. ო-ის მონაწილეობის ფაქტი; მათი ჩვენებების შინაარსი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას არ ქმნის. მოწმეებმა - ი. ი-მა და ნ. ი-ამ განაცხადეს, რომ მათ თავდამსხმელების ამოცნობა არ შეუძლიათ; მოწმეებმა - ე. ი-მა და რ. ი-მა აღნიშნეს, რომ თავდამსხმელებს ეკეთათ ნიღბები; გარდაცვლილი მოწმის - რ. მ-ას გამოძიების სტადიაზე მიცემულ ჩვენებაშიც მითითებულია, რომ ყველა თავდამსხმელი ნიღბით იყო, ხოლო რაიმე ისეთი ფიზიკური ნაკლი ან დამახასიათებელი ნიშანი არავის ჰქონია, რომ ამოცნობა შესძლებოდა.

პოლიციის თანამშრომელი მოწმეების - დ. გ-სა და გ. დ-ის ჩვენებებითა და მათ მიერ ლ. ო-ის ამოცნობის ოქმებით უტყუარად არ დასტურდება, რომ აღნიშნულ პირს კავშირი ჰქონდა ი. ი-ის საცხოვრებელ ბინაზე ყაჩაღურ თავდასხმასთან. შემთხვევის ადგილთან ახლოს, ავტომობილის შუქზე პოლიციელების მიერ შენიშნული პირი, რომელსაც, მათი განმარტებით, სახეზე სისხლისმაგვარი ლაქა ეტყობოდა, მოგვიანებით კი დ. გ-მა აღიდგინა, რომ იგი ლ. ო-ი იყო (რომელიც, მათი ვარაუდით, ი. ი-ის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე უნდა ყოფილიყო), - ვერ გახდება პირის მსჯავრდების საფუძველი.

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით ხელის კვლები, გადაღებული თეთრ ფუძეშრეზე ამოღებული N- საქმესთან დაკავშირებით, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

საკასაციო პალატა დამატებით უთითებს, რომ მოცემულ საქმეზე სხვა მასალა, ამოღებული კვალი (მაგალითად, ოდოროლოგიური, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები), რომელიც რაიმე ფორმით მიუთითებდა ლ. ო-ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ ყოფილა.

ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულ ლ. ო-ის განმარტების თანახმად, იგი პოლიციელებმა მომხდარ ყაჩაღობას არამართებულად დაუკავშირეს; მსჯავრდებულმა გამორიცხა აღნიშნულ დანაშაულში მისი მონაწილეობის ფაქტი.

9. მაშასადამე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, ლ. ო-ის მიერ ყაჩაღობის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებული არ არის, რის გამოც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის/პროკურორის მოთხოვნას გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და ლ. ო-ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გამტყუნების ნაწილში.

10. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როდესაც საქმეში წარმოდგენილ მასალათა ნაწილი ჰბადებს მნიშვნელოვანი სახის კითხვებს და საეჭვოდ აქცევს პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (ე.წ. ,,In dubio pro reo“ პრინციპი).

11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282) და მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77).

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

13. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქციით) და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. ვასაძე