საქმე # 330100118002581992
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №782აპ-21 ქ. თბილისი
დ-ი გ-ი, 782აპ-21 8 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
1.1. გ. დ-ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე. ხ-თან 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის მარტამდე. ქორწინების პერიოდში და განქორწინების შემდეგ, გ. დ-ი პირადად და კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ვინაიდან მისივე განმარტებით, ე. ხ-ი, როგორც ქალი, უნდა ყოფილიყო ქმრის, როგორც მამაკაცის, მორჩილი და ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - თ-ში, მ-ის - მ/რ-ში, მე-- კორპუსში, ბინა -ში მცხოვრებ ე. ხ-ს, აგინებდა დედას, უწოდებდა „გიჟს,“ „დებილს,“ „უვიცს,“ „გაუნათლებელს,“ „გაუზრდელსა“ და სხვა შეურაცხმყოფელ სიტყვებს. მათ შორის, 2015 წლის მარტიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით, ე. ხ-ის ორსულად ყოფნის პერიოდშიც, კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით, კვირაში რამდენჯერმე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის 29 ივნისამდე, პირადად და კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით, მისი და ე. ხ-ის არასრულწლოვანი შვილის - დ. დ-ის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ე. ხ-ი განიცდიდა ტანჯვას.
1.2. 2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 07:50 საათზე, თ-ში, გ-ის ქუჩის N--ის წინ მდებარე სუპერმარკეტ „ფ-ს“ წინ, გ. დ-მა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ე. ხ-ის მიმართ ოჯახური ძალადობა ჩაიდინა, კერძოდ, ხელი დაარტყა მხარში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 3 სექტემბრის განაჩენით გ. დ-ი, - - - გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, გამართლებულ გ. დ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განაჩენით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია გურულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 3 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, გ. დ-ის ბრალად წარდგენილ ქმედებებში დამნაშავედ ცნობა და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის მისჯა.
4.1. კასატორის მითითებით, მოწმეების: ე. ხ-ის, მზიანა ლომაშვილის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტითა და ვიდეოჩანაწერით დადასტურდა გ. დ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილია, რომ დარტყმა ხდება ე. ხ-ის მარჯვენა წინა მხარზე, რაც ვიდეოჩანაწერის რაკურსიდან გამომდინარე, სრულად არ ჩანს. მხოლოდ ის კადრი ჩანს, რასაც ეკატერინეს ზურგი არ ეფარება. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბრალდების დადგენილებაში ასახულ გარემოებებს ადასტურებს. ბრალდების მხარე ეყრდნობა დაზარალებულის განმარტებას ქმედების შედეგად ტკივილის განცდის შესახებ, რა დროსაც ითვალისწინებს ბრალდებულის აღნაგობას, ვიზუალურად გამოხატულ შესაბამისობას დაზარალებულის ჩვენებასთან. არასწორად შეფასდა ბრალდების მხარის მიერ მზიანა ლომაშვილის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომ თითქოს, მზიანა ლომაშვილმა ქვეითთა გადასასვლელის უკიდურესი ზედა მხარე მიუთითა, სადაც რეალურად არ ყოფილან ძალადობის ჩამდენი და დაზარალებული. რაც შეეხება თ. შ-ის ჩვენებას, სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს, ვინაიდან იგი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისათვის პასუხისმგებლობის არიდებას ემსახურება. ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდთან დაკავშირებით, ბრალდების მხარე უპირატესად ყურადღებას ამახვილებს მოწმე გ. ხ-ის ჩვენებაზე, რომელიც გ. დ-ის მხრიდან ე. ხ-ის მიმართ 4 წლის მანძილზე ჩადენილი სიტყვიერი შეურაცხყოფის პირდაპირი მოწმეა. აღნიშნული მოწმის ჩვენებას სრულად შეესაბამება მოწმეების - ე. ხ-ისა და მ. ლ-ის ჩვენებები. სასამართლომ უნდა დანიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც მსჯავრდებულს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალავს.
5. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).
9. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:
ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიუთითებს: მოწმეების - ე. ხ-ის, მ. ლ-ის ჩვენებებზე, საგამოძიებო ექსპერიმენტსა და ვიდეოჩანაწერზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გ. დ-ის მიერ ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, კერძოდ:
დაზარალებულმა ე. ხ-მა განმარტა, რომ 2018 წლის 29 ივნისს, სოციალურ სამსახურთან შეთანხმებით, არასრულწლოვანი დ. დ. სუპერმარკეტ ,,ფ-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა გ. დ-თან. გ. დ-ს თან ახლდა თ. შ-ი, რომელიც შევიდა „ფ-ში,“ ხოლო გ. დ-ი მივიდა მათთან. როცა ბავშვმა მამა დაინახა, უკან დაიხია და თან არ გაჰყვა. გაბრაზებულმა გ. დ-მა მას მარჯვენა მხარში დაარტყა ხელი და მიაძახა „სააღსრულებოში შევხვდებითო.“ ე. ხ-ის გამარტებით, მან გ. დ-ის ქმედებით განიცადა ტკივილი.
მოწმე მ. ლ-ის ჩვენებით, 2018 წლის 29 ივნისს მან საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან ,,ფ-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახა, თუ როგორ დაარტყა ხელი გ. დ-მა ე-ს იდაყვისა და მხრის არეში. ჯვარედენი დაკითხვისას, დაცვის მხარის დასმულ შეკითხვაზე, - სხეულის რა ნაწილში დაარტყა გ. დ-მა ხელი ე. ხ-ს, მ. ლ-მა გასცა არაერთგვაროვანი პასუხი. ერთ შემთხვევაში მიუთითა ხელზე, შემდეგ - მხარზე და ბოლოს - იდაყვისა და მხარს შორის მიდამოზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში წარმოდგენილია ორი მოწმის ჩვენება, რომელიც ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე მიუთითებს, მნიშვნელოვანია შეფასდეს ამ მტკიცებულებების სანდოობა და უტყუარობა, აგრეთვე მათი შესაბამისობა - საქმეში წარმოდგენილ მასალებთან, ვინაიდან დაუშვებელია, რომ მოწმეთა ჩვენებები ტოვებდეს კითხვებს ან/და ბადებდეს ეჭვს ისეთი სახის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე.
ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ბრალდების მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მზიანა ლომაშვილმა მიუთითა აივანზე, საიდანაც დაინახა, თუ როგორ დაარტყა გ. დ-მა ე. ხ-ს ხელი მარჯვენა მხარში; აღნიშნულის საპირისპიროდ, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექპერიმენტით ეჭვქვეშ დადგა მოწმე მზიანა ლომაშვილის მიერ გ. დ-ის მხრიდან შესაძლო ძალადობის ჩადენის დანახვის ფაქტი, ვინაიდან დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტით, მისი მონაწილეების ყურადღება მიეპყრო ე. ხ-ის სახლის აივნისკენ (სადაც 2018 წლის 29 ივნისს თითქოს იდგა ეკატერინეს დედა, - მ. ლ-ი), რა დროსაც ე. ხ-ის ბინის აივანი საერთოდ არ ჩანს და ეფარება ნაძვის ხე, რომელიც 2018 წლის 29 ივნისსაც იმავენაირად იყო გამწვანებული, როგორც 2018 წლის 7 აგვისტოს. ამასთან, წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, დაზარალებულ ე. ხ-ისა და მოწმე მ. ლ-ის ჩვენებებს უპირისპირდება, მოწმე თ. შ-ს ჩვენება (ბრალდებულის საცოლე) და თავად გ. დ-ის პოზიცია, რომელმაც უარყო ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი. მოწმე თ. შ-ის განმარტებით, 2018 წლის 29 ივნისს, მართალია, მას შენობის შიგნიდან (,,ფ-დან“) არ ესმოდა საუბარი, მაგრამ დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ გ. დ-ს არც აგრესია გამოუვლენია და არც ძალადობა ჩაუდენია. მისივე განმარტებით, გ. დ-ი სხეულით შეეხო ე. ხ-ის მხარეზე გადაკიდებულ ჩანთას.
საქმეში აგრეთვე წარმოდგენილია შემთხვევის დღის (2018 წლის 29 ივნისის) სუპერმარკეტ ,,ფ-ს“ სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერი. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერზე დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარდა ვიდეოტექნიკური ექსპერტიზა და დაიკითხა დასკვნის ავტორი - გ. გ.. ექსპერტიზის თანახმად, ქალიც და მამაკაციც დახრილები არიან ბავშვისკენ; 08:01:41 საათზე კადრში ჩანს, რომ მამაკაცი მოძრაობს ქალის მარჯვენა გვერდით, საპირისპიროდ, მარჯვენა და მარცხენა ზედა კიდურები (ხელები) განზე აქვს გაწეული და ამ დროს ჩანს, რომ მამაკაცი მარჯვენა ხელით ეხება ქალის ჩანთას და მიემართება ავტომობილისაკენ. კადრში მამაკაცის სხვა რაიმე მოძრაობა, კერძოდ, მხარში დარტყმა ან მხარზე კონტაქტი არ იკვეთება. საკასაციო სასამართლო გაეცნო აღნიშნულ ვიდეოჩანაწერს და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ვიდეოჩანაწერი და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა თანხვდენილია დაცვის მხარის პოზიციასთან და გამორიცხავს გ. დ-ის ბრალეულობას ე. ხ-ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენაში.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა 2018 წლის 29 ივნისს გ. დ-ის მიერ ე. ხ-ზე ფიზიკურ ძალადობას, კერძოდ, მხარში დარტყმას, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მოთხოვნას - გ. დ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, ვინაიდან იგი უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან.
10. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:
საკასაციო საჩივარში პროკურორი აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად ძირითადად უთითებს: მოწმეების - გ.ხ-ის, ე. ხ-ისა და მ. ლ-ის ჩვენებებზე, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასა და შემაკავებელ ორდერებზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი დაცვისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებების ანალიზით, გ. დ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული არ არის, კერძოდ:
მართალია, მოწმე გ. ხ-მა დაადასტურა გ. დ-ის მიერ ე. ხ-ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მოტივაციაში არაერთი არგუმენტის მოშველიებით მიუთითა მის არასარწმუნო ხასიათზე. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მითითებულ არგუმენტებს სრულად იზიარებს, მათ შორის იმ ნაწილშიც, რომ გ. ხ-მა ვერ მიუთითა გ. დ-ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თარიღი. შემაკავებელი ორდერი კი, რაზეც ბრალდების მხარე აგრეთვე აპელირებს, ორჯერ არის გაცემული (2016 წლის 9 მაისით და 2017 წლის 5 ივლისით დათარიღებული) და მათ შორის დროის ინტერვალი არის დიდი. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩვარში მითითებული სხვა მოწმეების (ე. ხ-ი და მ. ლ-ი) ჩვენებებისა და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტების მაკვალიფიცირებელ ერთ-ერთ სავალდებულო ნიშანს, კერძოდ, ,,სისტემატურობას.“
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს/კასატორს არ წარმოუდგენია მყარი, ზუსტი და თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. ვასაძე