Facebook Twitter

საქმე # 020142221700269050

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №80აგ-21 8 თებერვალი, 2022 წელი

ბ-ე ბ-ი, 80აგ-21 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვ. ხ-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განაჩენით:

ბ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად - 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ბ. ბ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ბ. ბ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2007 წლის 11 იანვრიდან. ამავე განაჩენით მსჯავრდებულია დ. ლ-ი.

1.1. განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ბ-ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ესე იგი განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირისა, განსაკუთრებული სისასტიკითა და არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 1 სექტემბერს ბ. ბ-ე გასამართლდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რისთვისაც სასჯელის ზომად შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ბ. ბ-ე, რომელსაც ქალაქ ქ-ში, ნ-ის ქუჩის №--ში მცხოვრებ თ. ბ-ესთან 2006 წლის სექტემბრიდან ჰქონდა უთანხმოება ავტომანქანის გაყიდვისა და თანხის მიღების თაობაზე, აღნიშნულზე განაწყენებულმა 2007 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, დ. ლ-თან ერთად, ჯგუფურად, თ. ბ-ის განზრახ მოკვლის მიზნით, მივიდა მის საცხოვრებელ სახლში, სადაც მეორე სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში მათ შორის გაიმართა საუბარი, რომელიც გადაიზარდა ჩხუბში. ბ. ბ-ემ თანქონებული ნაჯახით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ნაწილში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის მრავლობითი ჭრილობები, რის შემდეგ იქვე ოჯახში არსებული დანით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები. თ. ბ-ე დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ყოველივე აღნიშნულს შეესწრო თ. ბ-ის შვილი, გ. ბ-ე, რომელიც დაედევნა მათ სახლის ეზოდან და ა-ის ქუჩის მიმართულებით, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე ,,პ- ბ-ის” წინ, ბ. ბ-ემ, დ. ლ-თან ერთად, არაერთგზის, ორი პირის განზრახ მოკვლის მიზნით, გ. ბ-ეს დანის მრავალჯერადი დარტყმით, სხეულის სხვადასხვა ნაწილში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ. ბ-ე ქ-ის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განაჩენში ბ. ბ-ის მიმართ შევიდა ცვლილება:

ბ. ბ-ეს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულების - ბ. ბ-ის, დ. ლ-ისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვ. ხ-ისა და კ. წ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ბ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით:

ბ. ბ-ეს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ,’’ ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობირვ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება შეიცვალა მსჯავრდებულ ბ. ბ-ის სასიკეთოდ:

ბ. ბ-ე გათავისუფლდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან; განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის - საბოლოო სასჯელის განსაზღვრის ნაწილში - დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით:

მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინების გადასინჯვის შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით:

მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ადვოკატ ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ხ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად.

7.1. საკასაციო პალატამ ზემოაღნიშნულ გაჩინებაში მიუთითა, რომ, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მხოლოდ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, ხოლო 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმა სასამართლოს არ უცვნია არაკონსტიტუციურად და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეში მსჯავრდებულის მიმართ საქმე წარიმართა 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება მოცემულ საქმესთან მიმართებით არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენით:

მსჯავრდებულ ბ. ბ-ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვ. ხ-ისა და მ. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინებაში (ამავე სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განჩინების გათვალისწინებით) შევიდა ცვლილება:

ბ. ბ-ეს მსჯავრდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი.

ბ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (გ. ბ-ის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (თ. ბ-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (გ. ბ-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 16 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თ. ბ-ის ეპიზოდი) - უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ. ბ-ეს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ბ. ბ-ე ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან; დანარჩენ ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება დარჩა უცვლელად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით:

მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ადვოკატების - ვ. ხ-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

10. 2021 წლის 20 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ვ. ხ-მა და მ. მ-ემ, რომლებმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებების, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის (შუამდგომლობაში შეცდომითაა მითითებული 20 სექტემბერი) განაჩენის გაუქმება, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მათი 2015 წლის 12 მარტის შუამდგომლობის, 2015 წლის 17 აპრილისა და 2020 წლის 10 მარტის საკასაციო საჩივრების თავიდან განხილვა ზეპირი მოსმენით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრისა და 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებების საფუძველზე ბ. ბ-ის მსჯავრდებიდან საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ამორიცხვა და მისთვის თითოეულ დანაშაულზე ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით:

მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვ. ხ-ისა და მ. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

12. კასატორებმა - ბ. ბეჟანიძის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინების გაუქმება, მათი საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ პუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე საჩივრის დასაშვებად ცნობა და გაუქმება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებებისა, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის (საჩივარში შეცდომითაა მითითებული 20 სექტემბერი) განაჩენისა და მათი შუამდგომლობების, საჩივრების თავიდან განხილვა ზეპირი მოსმენით; აგრეთვე, ბ. ბ-ის მსჯავრიდან საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ამორიცხვა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ყველა შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით, თითოეულ დანაშაულზე ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მისჯა. საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო პალატას, ნაცვლად იმისა, რომ ემსჯელა და დაესაბუთებინა, რამდენად სწორი იყო მოცემულ საქმეზე ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებული გასაჩივრებული განჩინებები საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტზე მითითებით, შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო მაშინ, როდესაც დაცვის მხარე ამ პუნქტით არ ითხოვდა გასაჩივრებულ განჩინებათა გადასინჯვას. ასეთი მიდგომით დაცვის მხარე იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც გასაჩივრებული განჩინებების მიღების დროს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო საჩივრის თანახმად, გადაწყვეტილებათა გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ პუნქტი, რომლის თანახმადაც, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; კერძოდ, კასატორი მიუთითებს - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის N2/2/1428 გადაწყვეტილებაზე.

3. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილების თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი:

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე დაუშვებლად ცნობას იმ შემთხვევაში, როდესაც შუამდგომლობის შემოწმება საჭიროებს სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას; გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, შეამოწმოს შუამდგომლობის დასაშვებობა და დასაბუთებულობა ზეპირი მოსმენით.

აგრეთვე, საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს საკასაციო საჩივარი ზეპირი მოსმენით.

4. ამდენად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობისა და საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის ბლანკეტურად შეზღუდვის კონსტიტუციურობას.

5. მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ხსენებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა სასამართლოს განსხვავებულ კომპეტენციაზე, გამოსაკვლევი საკითხების ხასიათიდან გამომდინარე (საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრულ საფუძვლებზე), კერძოდ:

,,განაჩენის გადასინჯვის საფუძველთაგან უმეტესობა მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც სააპელაციო სასამართლოს კომპეტენცია შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალურსამართლებრივ საკითხებზე მსჯელობით ან კომპეტენტური ორგანოს მიერ უკვე დადგენილი ფაქტებისა და შუამდგომლობაში განვითარებული მსჯელობის ურთიერთმიმართების დადგენით. ასეთი მოცემულობა იქმნება, მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოსათვის განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში. თუმცა, ამავდროულად, სადავო ნორმა მიემართება ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც სასამართლოს კომპეტენცია არ ამოიწურება მხოლოდ ფორმალურსამართლებრივ საკითხებზე მსჯელობით და გულისხმობს აგრეთვე ფაქტობრივი გარემოებების სასამართლოს მიერ გამოკვლევასა და დადგენას. ასეთია, მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოსათვის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევა. აღნიშნული დებულების თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო“ (იხ. გადაწყვეტილების II-48-49 პარაგრაფები).

6. როგორც უკვე აღინიშნა, კასატორი გადაწყვეტილებათა გადასინჯვის საფუძვლად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ პუნქტზე; ამასთან, ადვოკატები საჩივარში აკონკრეტებენ, რომ მათი მოთხოვნა სააპელაციო პალატის წინაშე არ ეფუძნებოდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტით გადაწყვეტილების გადასინჯვას (რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ახალ ფაქტთან, მტკიცებულებასთან, მის გამოკვლევასა თუ დადგენასთან).

7. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შუამდგომლობის შემოწმებისას, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას, საკასაციო საჩივრების განხილვა სასამართლოსგან მოითხოვდა ფაქტობრივი გარემოებების ზეპირი მოსმენით, გამოკვლევასა თუ დადგენას; ამასთან, რომ - სასამართლოსათვის საკითხის ყოველმხრივ და სრულყოფილად გამოკვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი იყო სხდომის უშუალოდ მხარეთა მონაწილეობით გამართვა.

8. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა საკითხებს (მათ შორის სასჯელის სამართლიანობას), სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა მათზე უკვე იმსჯელეს, ხოლო ხელახალი განხილვის საფუძველი კი საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ იკვეთება.

9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვ. ხ-ისა და მ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატების - ვ. ხ-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. ვასაძე