Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №701აპ-21 თბილისი

კ. გ-ი, 701აპ-21 24 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 მარტის განაჩენით კ. გ-ი, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. გ-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 2 იანვრიდან იმავე წლის 5 მარტის ჩათვლით.

2. განაჩენის მიხედვით, კ. გ-ს მსჯავრი დაედო:

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

ü სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2021 წლის 2 იანვარს, საღამოს საათებში, თ-ში, ი. პ-ის ქუჩის №--ში მდებარე №- ბინაში, კ. გ-მა მეუღლეს - ა. ხ-ას არასრულწლოვანი შვილის - გ. გ-ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ალკოჰოლით მთვრალი კ. გ-ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს, რომელსაც ხელში ეჭირა მათი საერთო შვილი - ერთი წლის გ. გ-ი. ა. ხ-ა შეეცადა მეუღლის ყვირილით შეშინებული გ. გ-ის დაწყნარებასა და ოთახიდან გარიდებას, რა დროსაც კ. გ-მა მცირეწლოვანი შვილით ხელში მყოფ მეუღლეს სახეში რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ხელი, რის გამოც დაზარალებულს ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა და განიცადა ფიზიკური ტკივილი;

o 2021 წლის 2 იანვარს, საღამოს საათებში, თ-ში, ი. პ-ის ქუჩის №- მდებარე №- ბინაში, ალკოჰოლით მთვრალი კ. გ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ა. ხ-ას, რა დროსაც დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელმაც მოითხოვა კ. გ-ისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნათია გურულმა, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და კ. გ-ისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ კ. გ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

10. ამასთან, სააპელაციო პალატამ ამომწურავად მიუთითა იმ გარემოებებზე, თუ რატომ არ დაუმძიმა სასჯელი კ. გ-ს და რატომ მიიჩნია მიზანშეწონილად მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის უცვლელად დატოვება, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე