საქმე # 330100120003465919
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №708აპ-21 ქ. თბილისი
ჯ. რ., 708აპ-21 13 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ჯ-მა, კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 1 ივნისის განაჩენით რ. ჯ., - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით; სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, რ. ჯ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით.
რ. ჯ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 (ოცი) წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ჯ-მა ჩაიდინა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (სამი ეპიზოდი); დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონო შეძენა, შენახვა.
რ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
- რ. ჯ-მა უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა ჯამურად - 1.5036 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, საიდანაც:
- 2019 წლის 21 დეკემბერს ... რ.ჯ-მა საკუთარ ტანსაცმლის მაღაზიაში ნარკოტიკული საშუალება - 0.379 გრამი ,,ჰეროინი“ 400 (ოთხასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ნ. მ-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ. მ-თან ჩატარებული ამოღების შედეგად;
- 2019 წლის 23 დეკემბერს .. რ. ჯ-მა საკუთარ ტანსაცმლის მაღაზიაში ნარკოტიკული საშუალება - 0.6008 გრამი ,,ჰეროინი“ 400 (ოთხასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ნ. მ-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ. მ-თან ჩატარებული ამოღების შედეგად;
- 2019 წლის 25 დეკემბერს .. რ. ჯ-მა საკუთარ ტანსაცმლის მაღაზიაში ნარკოტიკული საშუალება - 0.325 გრამი ,,ჰეროინი“ 400 (ოთხასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ნ. მ-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ. მ-თან ჩატარებული ამოღების შედეგად, ხოლო ნარკოტიკულ საშუალება - 0.1988 გრამ ,,ჰეროინს“ რ. ჯ. უკანონოდ ინახავდა თბილისში, .. პირველ სართულზე, მის მფლობელობაში არსებულ ტანსაცმლის მაღაზიაში, რაც 2019 წლის 28 დეკემბერს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;
- რ. ჯ-მა უკანონოდ შეიძინა ჯამურად - 128.80 გრამი „გამომშრალი მარიხუანა“, რასაც უკანონოდ ინახავდა თბილისში, .. პირველ სართულზე, საკუთარ ტანსაცმლის მაღაზიაში, რომელიც მითითებულ მაღაზიაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 2019 წლის 28 დეკემბერს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 1 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ. ჯ-ს მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 1 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
რ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით;
რ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
რ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
რ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
რ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე რ. ჯ. გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთისაგან;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ჯ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით.
რ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 28 დეკემბრიდან.
გაუქმდა რ. ჯ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
რ. ჯ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 (ოცი) წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ რ. ჯ-ს მოთხოვნას მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ რ. ჯ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) შერაცხულ ბრალდებებთან მიმართებით კანონშესაბამისად ვერ გაავრცელა მითითებული კანონის მოქმედება, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.
10. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამურად - 1.5036 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონო შეძენასა და შენახვაში, საიდანაც მან ნარკოტიკული საშუალებების უმეტესი ნაწილი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’ - გაასაღა, რისთვისაც მას მსჯავრი ასევე ედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (სამი ეპიზოდი)), რისი გათვალისწინებითაც, მის მიმართ კანონიერად ვერ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტთან მიმართებით მითითებული ამნისტიის კანონი რაიმე სახის შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ.თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი