საქმე # 160100119003176926
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№732აპ-21 ქ. თბილისი
კ. ა., 732აპ-21 10 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების - ა. კ-სა და ა. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. პ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - ა. კ-სა და ა. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. პ-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა ა. კ-სა და ა. ა-ს ბრალეულობა; ა. კ-სა და ა. ა-ს ამოცნობის ოქმები დაუშვებელი მტკიცებულებებია, რადგან ამოსაცნობად წარდგენა ტარდება ამომცნობის თანხმობით, მაშინ, როდესაც გამომძიებლებმა მოიპოვეს არა ამომცნობების - ს. ხ-სა და ე. გ-ს, არამედ მსჯავრდებლების - ა. კ-სა და ა. ა-ს წერილობითი თანხმობები. ერთმანეთს არ ემთხვევა გამოკითხვის ოქმებში მითითებული ამოსაცნობი ნიშან-თვისებები ა. ა-ს მონაცემებს. ა. ა-ს გამოკითხვა და ნიმუშის აღება მიმდინარეობდა ქ. რუსთავში 14:35-17:10 საათის შუალედში, ხოლო მისი ამოცნობა ჩატარდა ქ. მარნეულში 17:15-17:40 საათზე, რაც ობიექტურად შეუძლებელია; დაუშვებელია ავტომობილების ,,შკოდასა“ და ,,მერსედესთან“ მიმართებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და, შესაბამისად, ამოღებულ ნივთმტკიცებებზე ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, ვინაიდან, ერთი მხრივ, ავტომობილ ,,შკოდას“ დათვალიერება ჩატარდა სასამართლოს განჩინებით, რომლის ფარგლებში გამომძიებელს ნება დაერთო ჩაეტარებინა დათვალიერება და არა - ამოღება, რომელიც ცალკე საგამოძიებო მოქმედებაა, ხოლო, მეორე მხრივ, ავტომობილი ,,მერსედესი“ ადგილმდებარეობის დათვალიერების შემდეგ გადაიყვანეს ავტოსადგომზე და დალუქეს, რითაც ასევე დაირღვა ნივთმტკიცების ამოღებისა და საპროცესო დამაგრების კანონით დადგენილი წესი. უკანონოა ავტომობილ ,,შკოდას“ ჩხრეკა (ისევე, როგორც ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთმტკიცებებზე ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები), რომელიც მიმდინარეობდა 20:30-00:30 საათის შუალედში სასამართლოს განჩინების საფუძველზე და არა - გადაუდებელი აუცილებლობის გამო, როდესაც საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედების ღამით (22 საათიდან - 6 საათამდე) ჩატარება დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. ამდენად, 22 საათის შემდეგ გაგრძელებული საგამოძიებო მოქმედება საჭიროებდა სასამართლოს კონტროლს, რაც არ მომხდარა; ა. კ-ს ბინის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ ამოიღეს შავი ჯინსის შარვალი, თუმცა საექსპერტო კვლევისას დადგინდა, რომ ჯინსის შარვალი იყო მონაცრისფრო, ამასთან - ა. კ-მ საერთოდ უარყო ამოღებულ ჯინსის შარვალთან კავშირი; სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა დაზარალებულების - ე. გ-სა და ს. ხ-ს წინააღმდეგობრივი ჩვენებები, როცა მოწმეები ადასტურებენ, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ა. კ. და ა. ა. ფიზიკურად ვერ იქნებოდნენ დანაშაულის ადგილას; ნათელია, რომ მსჯავრდებულების დნმ-ს კვალი ავტომობილ ,,შკოდაზე“ ხელოვნურად არის დატანილი; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა იმთავითვე არასანდო მტკიცებულებაა, რადგან დამოკიდებულია ცხოველის უნარ-ჩვევებზე.
2. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი ონისე თუთისანი საკასაციო შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულების - ა. კ-სა და ა. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. პ-ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის განაჩენით ა. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარი და ა. კ-ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მიესაჯა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარი. ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 4000 ლარი და ა. ა-ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მიესაჯა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ-მ და ა. ა-მ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
4.1. 2019 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 03:45 - 03:50 საათის შუალედში, წითელი ხიდი-შულავერის ცენტრალური საავტომობილო გზის მე-17 კილომეტრზე „შკოდას“ მარკის ავტომანქანამ (სახელმწიფო ნომრით ) გზა გადაუჭრა „მერსედეს ბენცის“ მარკის მიკროავტობუსს (სახელმწიფო ნომრით ). „შკოდას“ მარკის ავტომანქანაში მყოფი პირები - ა. ა. და ა. კ., ორ პირთან ერთად, თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, კერძოდ, ხელების გადაგრეხით, კისრის არეში იარაღისა და სახის არეში მუშტის დარტყმით, ასევე - იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხნენ მიკროავტობუსის მძღოლს - ე. გ-ს და მის მგზავრს - ს. ხ-ს. ა. კ., ა. ა. და მათთან ერთად მყოფი ორი პირი მიკროავტობუსის სალონიდან დაეუფლნენ ე. გ-სა და ს. ხ-ს ნაცნობის - ა. ა-ს კუთვნილ, დიდი ოდენობით ფულად თანხას - 129 600 აშშ დოლარს (381 218,4 ლარის ეკვივალენტს), 6 500 000 რუსულ რუბლს (287 995,5 ლარის ეკვივალენტს). ასევე, ს. ხ-ს კუთვნილ, „Ipone 5 S-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, პირად ნივთებს, ფულად თანხას - 1055 აზერბაიჯანულ მანათს (1825,361 ლარის ეკვივალენტს), 5 ლარს, და დოკუმენტებსა და ე. გ-ს კუთვნილ „Nokia-ს“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ფულად თანხას - 480 აზერბაიჯანულ მანათს (830,496 ლარის ეკვივალენტს), 15 ლარსა და პირად ნივთებს.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულების - ა. კ-სა და ა. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. პ-მ და მსჯავრდებულების - ა. კ-სა და ა. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო ან/და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია ა. კ-სა და ა. ა-ს ბრალეულობა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ს. ხ-სა და ე. გ-ს, მოწმეების - ი. მ-ს, მ. მ-ს, ო. ს-ს, ნ. გ-ს, ე. მ-ს, ა. ა-სა და გ. ხ-ს ჩვენებებითა და ზ. ა-ს გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ჩხრეკის, ამოღების, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების, ნიმუშის აღებისა და ამოცნობის ოქმებით, სამედიცინო, ოდოროლოგიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზების დასკვნებით, ვიდეოჩანაწერებით, სატელეფონო საუბრების ამონაწერებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: უპირობოდ დადგენილია, რომ 2019 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 03:45 - 03:50 საათის შუალედში, წითელი ხიდი-შულავერის ცენტრალური საავტომობილო გზის მე-17 კილომეტრზე ე. გ-სა და ს. ხ-ს, რომლებიც მგზავრობდნენ ავტომობილ „მერსედესით“ (სახელმწიფო ნომრით ), ყაჩაღურად თავს დაესხა ოთხი პირი, რომელთაგან ორი იყო ნიღბით, ხოლო ორი - ნიღბის გარეშე, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ავტომობილ „შკოდით“ (სახელმწიფო ნომრით ) და გასტაცეს ფული და პირადი ნივთები. მხარეებს შორის დავის საგნად არის ქცეული საკითხი: მონაწილეობდნენ თუ არა ა. კ. და ა. ა. ე. გ-სა და ს. ხ-ზე თავდასხმაში, როგორც ამას ბრალდების მხარე ამტკიცებს, თუ მათ არაფერი აკავშირებთ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენასთან, როგორც ამაზე დაცვის მხარე მიუთითებს.
11. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს: დაზარალებულებმა - ე. გ-მ და ს. ხ-მ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ თავდამსხმელთაგან ორნი, რომლებსაც ნიღბები არ ეკეთათ, იყვნენ სწორედ - ა. კ. და ა. ა., რომლებიც ასევე დარწმუნებით ამოიცნეს გამოძიების დროს ჩატარებული ამოცნობებისას. დაზარალებულების ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით თანხვდენილი, როგორც ერთმანეთთან, ასევე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, ხოლო რაიმე ისეთი მოტივი, რაც მათ განმარტებებს საეჭვოს გახდიდა, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევისას არ დადგენილა.
12. საყურადღებოა, რომ ავტომობილ ,,მერსედესის“ (რომლითაც გადაადგილდებოდნენ დაზარალებულები და სადაც სპეციალურ სამალავში მოთავსებული იყო გატაცებული ფული) წინა, მარცხენა მხარეს სავარძლის ქსოვილის ზედაპირიდან, წინა, მარცხენა მხარეს სავარძლის წინ რეზინის საფენიდან, მძღოლის სავარძლის უკან ტყავის სავარძლებიდან, ამავე სავარძლების წინ ,,ლინოლიუმის“ იატაკის ზედაპირიდან და სავარძლებს შორის ,,ლინოლიუმის“ იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია, როგორც ს. ხ-სა და ე. გ-ს, ასევე - ა. ა-სა და ა. კ-სგან აღებული სუნის ნიმუშების, ხოლო ავტომობილ „შკოდას“ (რომლითაც გადაადგილდებოდნენ თავდამსხმელები) წინა, მარცხენა, წინა, მარჯვენა, უკანა, მარცხენა და უკანა, მარჯვენა რეზინის ფეხსაგებებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ა. ა-სა და ა. კ-სგან აღებული სუნის ნიმუშებისა.
13. და ბოლოს, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერიზის დასკვნით, რომელსაც, სამხილების შეფასებისას უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს, უტყუარად დასტურდება, რომ, ერთი მხრივ, ა. კ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ა. კ-ს შარვალზე აღმოჩენილი სისხლი ეკუთვნის დაზარალებულ ე. გ-ს, ხოლო, მეორე მხრივ, ავტომობილ ,,შკოდას“ (რომლითაც გადაადგილდებოდნენ თავდამსხმელები) სალონის სათავსიდან ამოღებულ დანის პირსა და ტარზე, უკანა, მარჯვენა კარის შიდა სახელურზე, წინა, მარჯვენა კარის შიდა სახელურსა და მარცხენა მხარეს, ჯიბეში მოთავსებულ მართვის მოწმობაზე აღმოჩენილია ა. კ-ს ბიოლოგიური მასალა, ასევე - წინა მაშუქი ფარების გადამრთველ სახელურზე, უკანა, მარცხენა კარის შიდა სახელურზე, წინა, მარცხენა კარის შიდა სახელურზე, ხელის მუხრუჭის სახელურსა და გადაცემათა კოლოფის სახელურზე - ა. ა-ს ბიოლოგიური მასალა. ამდენად, იმის მტკიცება, რომ ა. კ. და ა. ა. შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან, არ გადაადგილდებოდნენ ავტომობილ ,,შკოდით“ და თავს არ დასხმიან დაზარალებულებს, ხოლო სამართალდამცავებმა მსჯავრდებულთა მაიდენტიფიცირებელი კვლები ხელოვნურად დატოვეს შემთხვევის ადგილზე, ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ, ურთიერთშეჯერებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მეტად არასარწმუნოა.
14. აღსანიშნავია, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, სააპელაციო სასამართლომ გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და დამატებით დასძენს: კასატორის მითითებით, დაუშვებელი მტკიცებულებაა ა. კ-სა და ა. ა-ს ამოცნობის ოქმები, ვინაიდან გამომძიებელმა მოიპოვა არა ამომცნობების, რამედ ამოსაცნობი პირების თანხმობები, ასევე არ ემთხვევა ამოსაცნობ პირთა ნიშან-თვისებები, რომლებითაც ისინი ამოიცნეს და ასევე, საეჭვოა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო, რაზეც საკასაციო სასამართლო განმარტავს: საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებულებმა - ე. გ-მ და ს. ხ-მ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, ცალსახად მიუთითეს ამოსაცნობი პირების ინდივიდუალურ ნიშან-თვისებებსა და იმ გარემოებებზე, რომელშიც მათ ამოსაცნობ პირებთან ჰქონდათ შეხება და აღნიშნეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეეძლოთ თავდამსხმელების ამოცნობა, რაც სხვა არაფერია, თუ არა - ამომცნობების მიერ გაცხადებული თანხმობა ამოცნობებზე. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-17 ნაწილის მიხედვით, ბრალდებული უფლებამოსილია, არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში, რისი გათვალისწინებითაც, მოიპოვა სწორედ გამომძიებელმა ა. კ-სა და ა. ა-ს თანხმობები საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობებში მათი მონაწილეობის თაობაზე; ასევე ფაქტობრივ საფუძველსაა მოკლებული კასატორის მითითება, რომ ა. ა-ს გამოკითხვა და ნიმუშის აღება მიმდინარეობდა ქ. რუსთავში 14:35-17:10 საათის შუალედში, ხოლო მისი ამოცნობა ჩატარდა ქ. მარნეულში 17:15-17:40 საათზე, რაც ობიექტურად შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა გამომძიებელმა დ. ბ-მ ნათლად განმარტა, რომ ამოცნობის ოქმში არის მექანიკური შეცდომა და საგამოძიებო მოქმედების ადგილად, ნაცვლად ქ. რუსთავისა, მითითებულია ქ. მარნეული, რაც ასევე უპირობოდ დაადასტურეს ამოცნობებში მონაწილე პირებმა - ე. გ-მ, ს. ხ-მ, ლ. მ-მ და ტ. მ-მ.
15. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ თითქოსდა, დარღვეულია ავტომობილების - ,,შკოდასა“ და ,,მერსედესის“ ამოღებისა და საპროცესო დამაგრების კანონით დადგენილი წესი და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს, რისი მხედველობაში მიღებითაც, გაუგებარია კასატორის მითითება, რომ ადგილმდებარეობის/ავტომანქანის დათვალიერების დროს დაუშვებელი იყო აღმოჩენილი საგნ(ებ)ის ამოღება, რაც, თითქოსდა, ცალკე საგამოძიებო მოქმედების - ამოღების ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-120-ე მუხლებით დადგენილი წესით, რადგან ცალსახაა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერებისა თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოღების შესაძლებლობაცა და სათანადო წესიც.
16. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ავტომობილ ,,შკოდას“ ჩხრეკის კანონიერებასთან დაკავშირებით, რომელიც კასატორს სადავოდ მიაჩნდა საგამოძიებო მოქმედების ღამის საათებში გაგრძელების გამო, ვინაიდან დადგენილია, რომ ავტომობილის ჩხრეკა დაიწყო 20:30 საათზე (დღის საათებში) და დასრულდა 00:30 საათზე (ღამის საათებში), რაც განაპირობა ობიექტურმა ხელის შემშლელმა მიზეზებმა - ავტომანქანა იყო ჩაკეტილი და საჭირო გახდა დამატებითი ძალისხმევა, რაც ნამდვილად ვერ გახდის საეჭვოს ამ საგამოძიებო მოქდების კანონიერებას და მითუფრო გაუგებარია კასატორის მითითება ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაზე სასამართლო კონტროლის აუცილებლობის თაობაზე, რადგან საგამოძიებო მოქმედება სწორედაც რომ სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვის ფარგლებში ჩატარდა.
17. ასევე არასწორია ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის იმთავითვე არასანდო მტკიცებულებად მიჩნევა, რაც არ გამომდინარეობს სასამართლოს მიერ მტკიცებულებების ყოველმხრივ და ობიექტურად შეფასების პრინციპიდან. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და მისი სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მისთვის წინასწარ, მისი უტყუარობისა და დამაჯერებლობის შეფასების გარეშე, მცირე ან თუნდაც დიდი მტკიცებულებითი წონის მინიჭება გაუმართლებელია.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. კ-სა და ა. ა-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით არის კანონიერი და სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის წინაპირობები არ იკვეთება.
19. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - ა. კ-სა და ა. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. პ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი