Facebook Twitter

საქმე # 330100119002885817

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№734აპ-21 ქ. თბილისი

ხ. შ., 734აპ-21 25 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ უ. მ-სა და მსჯავრდებულ შ. ხ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ქ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა უ. მ-მ, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულმა შ. ხ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ქ-მ.

2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი უ. მ. მიიჩნევს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმე შეიცავს ურთიერთწინააღმდეგობრივ მტკიცებულებებს, რომლებიც ვერ ადასტურებენ ვ. ჩ-სა და შ. ხ-ს კავშირს მათთვის ინკრიმინირებულ ავტომანქანის სარკეების ქურდობასთან, ხოლო მათი მსჯავრდების მასალები - ფალსიფიცირებულია.

3. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული შ. ხ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ. ქ. ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა შ. ხ-ს ბრალეულობა, ხოლო მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვები ბრალდებულის სასარგებლოდ არ გადაწყვეტილა; ავტომანქანის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ საგამოძიებო მოქმედებისას ავტომანქანაზე რაიმე კვალი არ უნახავთ; ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანის სარკეზე ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მანქანის სარკეზე ხელის კვალი არ გამოვლენილა, რაც, ერთობლივად, ადასტურებს, რომ შ. ხ-ს დაზარალებულის ავტომანქანასა და ამოღებულ სარკესთან კავშირი არ ჰქონია; განაჩენი დაფუძნებულია სამი პოლიციელის ჩვენებაზე, რომლებიც საქმის არსებით გარემოებებთან მიმართებით - ვინ დააკავა მსჯავრდებულები და რა ფერის იყო სადავო ავტომანქანა, ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციას.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენით შ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ვ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ხ-მა და ვ. ჩ-მ ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

5.1. 2019 წლის 10 თებერვალს, გამთენიისას, შ. ხ. და ვ. ჩ. ცდილობდნენ .. მიმდებარედ გაჩერებული, ა. მ-ს კუთვნილი „ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ) გვერდითა უკანა ხედვის სარკეების ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას, რითაც დაზარალებულს შესაძლოა, მისდგომოდა მატერიალური ზიანი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა უ. მ-მ, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულმა შ. ხ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ქ-მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია შ. ხ-სა და ვ. ჩ-ს ბრალეულობა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა. მ-ს, მოწმეების - ნ. ბ-ს, ი. კ-სა და ი. ბ-ს ჩვენებებით, ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმადაც, მოწმე პოლიციელების ჩვენებებში, რომლებმაც დანაშაულის ფაქტზე წაასწრეს მსჯავრდებულებს, არსებითი წინააღმდეგობები არ გამოკვეთილა და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოწმეების - ნ. ბ-ს, ი. კ-სა და ი. ბ-ს სასამართლოში მიცემული ჩვენებები კი თანხვდენილია ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან - შ. ხ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან, ვ. ჩ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმსა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან. დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: არ იქნებოდა მართებული სამართალდამცავთა ჩვენებების გამოყოფა და მიკუთვნება საეჭვო კატეგორიის მტკიცებულებებთან. არასწორი იქნებოდა ვარაუდი, რომ საზოგადოებაში უსაფრთხოების გარანტორი ინსტიტუტის წარმომადგენელთა ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება რაიმე განსაკუთრებული საფრთხის მატარებელია და რომ პოლიციის თანამშრომლები იმთავითვე არასანდო მოწმეები არიან. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დაკითხოს ჩხრეკის თვითმხილველი პოლიციელები, შეამოწმოს მათი კომპეტენტურობა, საქმის მიმართ რაიმე დაინტერესების ქონა და დამაჯერებლობა. ასევე, როგორც აღინიშნა, ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობაც, რაც მნიშვნელოვანი გარანტიაა იმისთვის, რომ არ მოხდეს მართლმსაჯულების განხორციელებისთვის საფრთხის შექმნა. ამდენად, ზემოთ დასახელებული მიზეზებიდან გამომდინარე, პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-101-102). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კრიტიკულად შეაფასეს იმ მოწმე პოლიციელების ჩვენებების სანდოობა, რომლებმაც წაასწრეს შ. ხ-სა და ვ. ჩ-ს დანაშაულზე და ამხელენ მათ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ისინი, ერთი მხრივ, არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ჯვარედინი დაკითხვით შემოწმების კვალდაკვალ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს, ხოლო, მეორე მხრივ, რაიმე სარწმუნო მოტივი, რატომ უნდა ემხილათ მოწმე პოლიციელებს შ. ხ. და ვ. ჩ. არჩადენილ დანაშაულში, არც კასატორებს მიუთითებიათ საკასაციო საჩივრებში და არც საქმის მასალებით დადგენილა; დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ავტომანქანასა და სარკეებზე შ. ხ-სა და ვ. ჩ-ს კვალის არარსებობა პირდაპირ გამორიცხავდა მსჯავრად შერაცხულ დანაშაულთან მათ კავშირს, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მითუფრო იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების საქმეზე, №584აპ-18, პუნქტი 10).

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ უ. მ-სა და მსჯავრდებულ შ. ხ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ქ-ცს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი