Facebook Twitter

საქმე # 060100121004461019

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №777აპ-21 ქ. თბილისი

შ. გ., 777აპ-21 27 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. შ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის შესაბამისად, შემდეგი მოტივებით: მართალია, დაზარალებულებმა უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის - გ. შ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა, მათ შორის - მოწმე ნ. მ-ს ჩვენება, დანაშაულის შესახებ შეტყობინება, ნ. ა-ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, რომელთა ერთობლიობითაც დასტურდება გ. ჩ-ს ბრალეულობა მის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. შ-ს ბრალად დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

– სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

გ. შ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, სამტრედიაში, .. მდებარე თავისავე საცხოვრებელ სახლში, გ. შ-მ არასრულწლოვანი შვილის, ი. შ-ს თანდასწრებით, ხის ნაჭერი დაარტყა მეუღლეს - ნ. ა-ს, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 15 ნოემბერს, საღამოს საათებში, სამტრედიაში, .. მდებარე თავისავე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას, გ. შ-მ სახეში ხელი დაარტყა არასრულწლოვან შვილს - ი. შ-ს, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 16 ნოემბერს, დილის საათებში, სამტრედიაში, .. მდებარე თავისავე საცხოვრებელ სახლში, გ. შ-მ იმ მოტივით, რომ მისი ნებართვის გარეშე ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს სახლიდან გასვლა, თმა მოქაჩა მეუღლეს - ნ. ა-ს და არასრულწლოვან შვილს - ი. შ-ს, რის შედეგადაც მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 16 ნოემბერს, დილის საათებში, სამტრედიაში, .. მდებარე თავისავე საცხოვრებელ სახლში, გ. შ. ჩაქუჩის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან შვილს - ი. შ-ს, რის შედეგადაც ი. შ-მ განიცადა საფუძვლიანი შიში.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით გ. შ., - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 13 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა გ. შ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

გამართლებულ გ. შ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. შ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის შესაბამისად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ გ. შ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები, რადგან მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა მის მიმართ ინკრიმინირებული ქმედებები, კერძოდ: როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, დაზარალებულებმა - ნ. ა-მ და ი. შ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს, შესაბამისად, მეუღლისა და მამის - გ. შ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მტკიცებულებებს: მოწმე ნ. მ-ს ჩვენება, რომელიც არ არის შემთხვევის თვითმხილველი პირი, დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმი და გ. შ-ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების და შემაკავებელი ორდერის ოქმები არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ისევე როგორც დაზარალებულების მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ვინაიდან მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებული ოქმები შინაარსობრივად არის დაზარალებულების ჩვენების, მათ მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებული ინფორმაციის შემოწმება, ხოლო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დაზარალებულებმა უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ეს ოქმები არ წარმოადგენს ცალკე, დამოუკიდებელ, პირდაპირ მტკიცებულებას, რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება დაზარალებულ ნ. ა-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც, მართალია, დგინდება, რომ დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, მაგრამ რა ვითარებაში მიიღო მან ეს დაზიანებები, ამის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი