საქმე # 190100120003753538
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№791აპ-21 ქ. თბილისი
ა. დ., 791აპ-21 11 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-მ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. ა-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული 2020 წლის 13 თებერვალს ნამდვილად იყო დმანისის რაიონის .. თ. დ-ს სახლში, საიდანაც დაახლოებით 17:30 საათზე წამოვიდა და, შესაბამისად, ზ. დ-ს გარდაცვალების დროს, დაახლოებით 20:00 საათზე, შემთხვევის ადგილზე ვერ იქნებოდა; მოწმე ა. ც-ს გარდა, თ, დ-თან მყოფი არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ დ. ა-ს თან ჰქონდა რაიმე ჯოხი და არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ჯოხი ეკუთვნოდა მსჯავრდებულს; მოწმე ლ. ც-მ, მართალია, დაადასტურა, რომ დაახლოებით 20:30 საათზე გზაჯვრედინზე დაინახა დ. ა., რომელსაც ხელში ცულის ტარი ეკავა, თუმცა გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მოწმეს ეს მნიშვნელოვანი დეტალი არ უხსენებია; ასევე არარელევანტურია მოწმეების - ნ. დ-სა და ვ. მ-ს ჩვენებები, რომლებმაც ასევე განაცხადეს, რომ დაინახეს მსჯავრდებულის ხელში ჯოხისმაგვარი საგანი, მაგრამ გამოძიების დროს ჯოხის ამოცნობა არ მომხდარა; დ. ა-ს ტანსაცმელი, რომელზეც დაზარალებულის სისხლის კვალია აღმოჩენილი, მსჯავრდებულის თვალწინ არ დალუქულა, ხოლო ჯოხი და გასაღებების ასხმა, საიდანაც მისი ბიოლოგიური მასალაა ამოღებული, აღმოჩენილია შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების შედეგად, შესაბამისად, არ არის გამორიცხული ეჭვი ნივთმტკიცებებზე გარდაცვლილის სისხლისა და მსჯავრდებულის ბიოლოგიური მასალის ხელოვნურად დატანის თაობაზე; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას არ აქვს პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულების ძალა და შეუძლებელია ეს სამხილი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
2. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი - ზვიად ფხაკაძე საკასაციო შესაგებლით ითხოვს, დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი დ. ა-ს მიმართ.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განაჩენით შეფარდებული და სსიპ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და დ. ა-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა - 2020 წლის 14 თებერვლიდან.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ა-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
4.1. 2020 წლის 13 თებერვალს, ღამის საათებში, დმანისის რაიონის .. დ. ა-მ ზ. დ-ს ბლაგვი საგნით თავში მიაყენა დაზიანება, რის შედეგადაც ზ. დ. გარდაიცვალა.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელია და სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან, ერთი მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დგინდება დ. ა-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავი პასუხები გასცა დაცვის მხარის ყველა საკვანძო არგუმენტს, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივარში.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ ყოფილა და სასამართლოსაც უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2020 წლის 13 თებერვალს დ. ა. ნამდვილად იმყოფებოდა დმანისის რაიონის ... თ. დ-ს ოჯახში. მხარეებს შორის დავის საგნად არის ქცეული, ნამდვილად ჰქონდა თუ არა თან მსჯავრდებულს ცულის ტარისმაგვარი საგანი და მიაყენა თუ არა ამ საგნით სასიკვდილო დაზიანება ზ. დ-ს. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ, თითქოსდა, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც მიუთითებდა დ. ა-ს ბრალეულობაზე, ვინაიდან საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ:
11. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ზ. დ-ს სიკვდილის მიზეზია თავის ტვინში დიფუზური ტრავმული სისხლჩაქცევა, თავის ტვინის სტრუქტურის დაზიანება, ქალას სარქვლისა და ფუძის ძვლების ფრაგმენტოვანი და ხაზოვანი მოტეხილობა, განვითარებული ქალა-ტვინის ბლაგვი ღია ტრავმით. დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთობლივად მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს და პირდაპირი კავშირი აქვს დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან; მოწმეების - ა. ც-ს, ლ. ც-ს, ნ. დ-სა და ვ. მ-ს ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ შემთხვევის დღეს, დმანისის რაიონის .. ყოფნისას, დ. ა-ს ნამდვილად ჰქონდა თან ცულის ტარისმაგვარი საგანი; ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ხის ნაჭერზე არსებული ადამიანის სისხლი ეკუთვნის ზ. დ-ს, ხოლო მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისგან შედარებით თავისუფალ ნახევარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი - დ. ა-ს; ამდენად, ეჭვგარეშეა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა მკვლელობის იარაღი - სისხლიანი ცულის ტარისმაგვარი ბლაგვი საგანი, რომელიც შემთხვევის დღეს ნამდვილად თან ჰქონდა დ. ა-ს; მსჯავრდებულის შემთხვევის ადგილზე ყოფნასა და მსხვერპლთან უშუალო კავშირზე პირდაპირ მიუთითებს ასევე ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, სოფელ გ-ში, საავტომობილო გზაზე აღმოჩენილი სისხლის წინ, ასფალტის ზედაპირიდან და ნაჭრის ქურთუკიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია დ. ა-საგან აღებული სუნის ნიმუშის, ხოლო ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გარდაცვლილი ზ. დ-ს მარჯვენა ხელის ფრჩხილების გადანაჭრებში აღმოჩენილ, მუქ ნაცრისფერ პოლიეთერული ბოჭკოს ფრაგმენტსა და დ. ა-ს ქურთუკის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები; ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დგინდება, რომ, ერთი მხრივ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ გასაღებების ასხმაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ. ა-ს, ხოლო, მეორე მხრივ, დ. ა-ს ჟილეტზე, ქურთუკზე, შარვალსა და ფეხსაცმელზე არსებული ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ. დ-ს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ა-ს მსჯავრდება ზ. დ-ს განზრახ მკვლელობისათვის არის კანონიერი, ვინაიდან მისი ბრალეულობა სარწმუნოდ არის დადგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობით.
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი