საქმე # 190100119003192412
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №792აპ-21 ქ. თბილისი
დ. თ., 792აპ-21 13 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ჯ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ თ. დ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიაჩნია, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ხოლო განაჩენის გამოტანის დროს დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენით თ. დ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით.
თ. დ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 აგვისტოდან.
გაქუმდა თ. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
თ. დ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 10 (ათი) წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. დ-მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: თ. დ. 2019 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.თბილისში, .. მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადად, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2.4826 გრამ „მეტამფეტამინს“.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ჯ-მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თ. დ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ. დ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეების - ა. ზ-ს, ლ. მ-ს, რ. ი-ს, ს. ე-ს, დ. ფ-ს ჩვენებები, თ. დ-ს პირადი ჩხრეკის 2019 წლის 14 აგვისტოს ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 15 აგვისტოს დასკვნა და ექსპერტების - პ. წ-სა და ნ. ლ-ს ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ თ. დ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და მათი არგაზიარების რაიმე სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან მათი ჩვენებები სრულად არის თანხვდენილი ერთმანეთთან, თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ამასთან, მათი მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე ინტერესის არსებობის ფაქტი არ იკვეთება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები (მათ შორის - მსჯავრდებულ თ. დ-ს პირადი ჩხრეკა, რომლის ოქმიც შედგენილია სრულყოფილად, კანონიერად და იგი ხელმოწერილია მასში მონაწილე ყველა პირის, თვითონ - თ. დ-ს მიერაც) ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევის გარეშე, რის გამოც არ არსებობს არც ამ მტკიცებულების არგაზიარების სამართლებრივი საფუძველი. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებისა და დასაბუთებულობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ჯ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ.თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი