Facebook Twitter

საქმე # 140100120003530920

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №812აპ-21 ქ. თბილისი

ა-ი გ. 812აპ-21 17 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

გ. ა–ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. გ–ში გ–ს ქუჩა №..-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში, გ. ა–მ შელაპარაკებისას, მათი არასრულწლოვანი 4 წლის შვილის - ლ. ა–ს თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს - ნ. გ–ს, მოქაჩა თმებზე და თავში ჩაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნ. გ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავდროულად, გ. ა–ი დაემუქრა ნ. გ–ს, რომ ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა, რა დროსაც ნ. გ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის განაჩენით გ. ა–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გამართლებულ გ. ა–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გ. ა–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, გ. ა–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

8. 2020 წლის 3 თებერვლის №..... შემაკავებელი ორდერის (იხ. ტ.1, ს.ფ.8-14) თანახმად, გ. ა–ს მეუღლის ნ. გ–ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის გამო, აეკრძალა მასთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული ინფორმაცია პოლიციის თანამშრომლებს მიაწოდა დაზარალებულმა - ნ. გ–მ. შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია არ არის გამყარებული არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით. შესაბამისად, იგი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

9. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის №..... დასკვნის (იხ. ტ.1, ს.ფ.152-155) თანახმად, ნ. გ–ს 2020 წლის 4 თებერვალს 16 საათსა და 12 წუთზე თავზე, სახეზე, კისერზე და ხელის მტევნებზე რაიმე სახის დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, ტანსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ტანსაცმლით დაფარულ ადგილებში დაზიანება არ მიუღია.

10. სასამართლო მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლების - თ. პ–ის, ზ. გ–სა და გ. ბ–ს ჩვენებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, ისინი არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, შემთხვევის შემდეგ მყისიერად არ მისულან ადგილზე და არ უნახავთ დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა სავარაუდო შემთხვევიდან მოკლე დროში. ხოლო საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).

12. გ. ა–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად წარმოდგენილი ყველა ამ მტკიცებულებების პირველწყაროს წარმოადგენს დაზარალებული, გამოკითხული არ არის თვითმხილველი არასრულწლოვანი ლ. ა–ი, დაზარალებულის ჩვენება არ დასტურდება მოწმე მ. დ–ს ჩვენებით. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. ა–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

14. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე