საქმე # 330100119003284092
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №814აპ-21 ქ. თბილისი
რ. დ., 814აპ-21 12 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. რ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - კ. ც-ს, ტ. მ-სა და გ. ნ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. რ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - კ. ც-მ, ტ. მ-მა და გ. ნ-მა. კასატორები საკასაციო საჩივრით მოითხოვენ გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულ დ. რ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 19,109 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შემდეგ ძირითად მოტივებზე მითითებით: განაჩენი უსამართლო, დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ დ. რ-მა დანაშაული ჩაიდინა ორი პირის მიმართ და ასევე არ დასტურდება ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულმა იცოდა ამ პირების ასაკი; სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა მხოლოდ დაინტერესებული მხარის - დაზარალებულ დ. ჩ-სა და მისი მშობლების ჩვენებები, რომლებმაც სპეციალურად დაამახინჯეს ფაქტები, რათა მსჯავრდებული დაისაჯოს უფრო მკაცრად და არ გაითვალისწინა ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები; დაზარალებულმა დ. ჩ-მა იცრუა არაერთხელ, მათ შორის - მაშინაც, როდესაც განმარტა, რომ თავდაპირველი კონფლიქტის დასრულებისას, თითქოსდა, მას მსჯავრდებულმა გამოჰკითხა მისი და მისი ძმის ვინაობა, ასაკი და საცხოვრებელი ადგილი; წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ ძმებმა ჩ-ბმა პირველი კონფლიქტისას სცემეს დ. რ-ს, ხოლო დ. ჩ-მა დაზიანებები კისრის არეში მიიღო სწორედ აღნიშნული ჩხუბის დროს და არა - სროლის შედეგად; დაცვის მხარის ნეიტრალური მოწმეები განმარტავენ, რომ დ. რ-მა ისროლა მხოლოდ ე. ჩ-ს მიმართულებით, თანაც ისე, რომ იარაღი მიმართული იყო დაბლა, ფეხებისკენ, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 1 მაისის განაჩენით დ. რ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლით.
დ. რ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 9 აგვისტოდან.
გაუქმდა დ. რ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. რ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვანი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 9 აგვისტოს, ღამის საათებში, ძმებ ე. და დ. ჩ-ებს, ძაღლების ჩხუბის საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ დ. რ-თან. აღნიშნულის შედეგად განაწყენებულმა დ. რ-მა, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ. თბილისში, .. მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკვლის განზრახვით, თავისი კუთვნილ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა „TOYOTA LAND CRUIZER“-დან, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან წამოღებული ორლულიანი სანადირო თოფი წინასწარი შეცნობით, დამიზნებით, ჯერ ესროლა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფ არასრულწლოვან დ. ჩ-ს და დაზიანება მიაყენა კისრის მარჯვენა არეში, ხოლო მეორე გასროლით, ასევე წინასწარი შეცნობით, იმავე ტერიტორიაზე მყოფ არასრულწლოვან ე. ჩ-ს მარცხენა შუბლ-თხემ-საფეთქლის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა. იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 1 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. რ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ტ. მ-მა და კ. ც-მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დ. რ-ს მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის განსაზღვრისას შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ დეტალურად მიუთითა იმ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც მიიჩნია, რომ დ. რ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნული დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ დ. ჩ-ს ჩვენებით, მოწმეების - მ. ჩ-ს, ნ. ჩ-ს, ს. ტ-ს, ი. გ-ს, გ. მ-ს, კ. ბ-სა და სხვათა ჩვენებებით, დაზარალებულ ე. ჩ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 13 აპრილის დასკვნით, დაზარალებულ დ. ჩ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 25 მარტის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დ. რ-ს საცხოვრებელი სახლის სარდაფის ჩხრეკის ოქმით, დ. რ-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ქიმიური, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზების დასკვნებით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
9. უსაფუძვლოა კასატორების მითითება დაზარალებულ დ. ჩ-სა და მოწმეების - მ. ჩ-ს, ნ. ჩ-ს ჩვენებების არასარწმუნოობისა და არასანდოობის შესახებ, ვინაიდან ისინი თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერენ განვითარებულ მოვლენებს; მათი ჩვენებები დამაჯერებელია და სრულად შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე - საქმეში წარმოდგენილ ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია მათი ჩვენებების გაუზიარებლობის რაიმე სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დაზარალებულ დ. ჩ-სა და მოწმეების - მ. ჩ-ს, მ. ჩ-ს ჩვენებებს და რატომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. რ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - კ. ც-ს, ტ. მ-სა და გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ.თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი