Facebook Twitter

საქმე # 330100120003810676

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№815აპ-21 ქ. თბილისი

ჩ. თ., 815აპ-21 25 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - მარიამ ბერძენიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უკანონო, რადგან შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს; კასატორი ითხოვს თ. ჩ-ს მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ ცალმხრივად შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, სათანადო გულისხმიერებით არ გამოიკვლია, რამდენად გულწრფელი იყო მისი აღიარება და უგულებელყო ჩადენილი დანაშაულის ხერხი, თავისებურებები და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, კერძოდ, არ გაითვალისწინა, რომ თ. ჩ., ერთი მხრივ, წლების განმავლობაში, სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობდა თავისი ოჯახის წევრზე - მეუღლეზე, რომელსაც პრეტენზია გააჩნია მსჯავრდებულთან, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრად შერაცხულ დანაშაულს სჩადიოდა არასრულწოვანი შვილის თანდასწრებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 7 ივნისის განაჩენით თ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 1 წელი.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ჩ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. თ. ჩ. თანაცხოვრების პერიოდში, 2008 წლიდან 2012 წლის 10 მაისამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ხოლო განქორწინების შემდგომ - 2013 წლის 13 თებერვლიდან 2019 წლის 15 აპრილის ჩათვლით, თბილისში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ე. მ-ს და ამცირებდა ღირსების შემლახველი სიტყვებით მიმართვით, რაც განგრძობად ხასიათს ატარებდა და რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 7 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა, რომელიც ითხოვდა თ. ჩ-ს მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და თავისუფლების აღკვეთის რეალურად მოსახდელად განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 7 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, დაზარალებულმა მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ კანონისმიერი შეღავათების გამოყენება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თ. ჩ-ს სამართლიანი და კანონიერი სასჯელი შეუფარდა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის წინაპირობების მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობითად; ყურადსაღებია, რომ თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახეა, რომლის კიდევ უფრო გამკაცრებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრის საფუძველი სასჯელის მიზნების მისაღწევად მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება; საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ დანაშაულის სისტემატურობა და არასრულწლოვნის თანდასწრებით ქმედების განხორციელება, ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნებია და სასჯელის გამკაცრებას ვერ დაედება საფუძვლად, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში პროკურორის მიერ მითითებული არგუმენტები მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს, რადგან საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლოში წარმოდგენილია დაზარალებულ ე. მ-ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვით, მასა და თ. ჩ-ს შორის კონფლიქტი ამოწურულია და მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - მარიამ ბერძენიშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი