Facebook Twitter

0საქმე # 020100120004200495

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №820აპ-21 ქ. თბილისი

შ. გ., 820აპ-21 26 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. შ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება გამართლებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.

2. გამართლებულ გ. შ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. კ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. შ-ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 21 ნოემბერს, ღამის საათებში, .. გ. შ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, რ. ც-ს ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი ყურის არეში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენით გ. შ., - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა გ. შ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა.

გამართლებულ გ. შ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. შ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი გ. შ-ს ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ: დაზარალებულმა რ. ც-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა მეუღლის, გ. შ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, მის მიერ გამოძიებაში გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. მოწმეების - გ. შ-სა და ბ. ქ-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დგინდება, რომ ისინი არ არიან შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირები და გადმოსცემენ დაზარალებულისაგან მიწოდებულ ინფორმაციას, რომ მას ბრალდებულმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამდენად, აღნიშნული ჩვენებები წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს, ისევე როგორც მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სხვა დანარჩენი მტკიცებულებები, რომლებიც ასევე ვერ გახდება გ. შ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან არც ისინი არ არის გამართლებულის ბრალეულობის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კასატორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი