Facebook Twitter

საქმე # 330100120004101198

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №832აპ-21 ქ. თბილისი

ჩ. ზ., 832აპ-21 14 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ჩ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი საფუძვლებით: ბრალდების მხარეს არ ჰქონდა წარმოდგენილი საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მსჯავრდებულის ბრალეულობას დაადასტურებდა, სასამართლომ კი არაობიექტურად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ირიბია და საბოლოოდ ვარაუდზე დაყრდნობით გამოიტანა უკანონო განაჩენი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის განაჩენით ზ. ჩ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.

ზ. ჩ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 29 სექტემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ჩ-მ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ზ. ჩ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 12:25 საათზე, .. მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. ჩ-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ლ. ბ-ს, კერძოდ: ხელი დაარტყა სახეში და უკბინა ლოყაზე, რის შედეგადაც ლ. ბ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 12:25 საათზე, .. მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. ჩ-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ა. ბ-ს, კერძოდ: მან ხელი ორჯერ დაარტყა სახეში, ხოლო ფეხი - თეძოს მიდამოში, რის შედეგადაც ა. ბ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. დაცვის მხარემ სააპელაციო განხილვისას დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ: მსჯავრდებულმა ზ. ჩ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რის გამოც მოითხოვა სასჯელის შემცირება, ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და, ამასთან, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მართალია, დაზარალებულმა ლ. ბ-მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის, ყოფილი მეუღლის - ზ. ჩ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულ ა. ბ-ს ჩვენება, მოწმეების - ლ. მ-ს, თ. ი-ს, ე. ბ-ს, ბ. ბ-ს, მ. ო-ს, გ. პ-სა და სხვათა ჩვენებები, დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმები, დაზარალებულ ა. ბ-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის 2020 წლის 28 სექტემბრის ოქმი, დაზარალებულ ლ. ბ-ს 2020 წლის 30 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ ე. ლ-ს ჩვენება, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების 2020 წლის 26 ოქტომბრის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2020 წლის 6 ნოემბრის ოქმი, შემთხვევის ადგილის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზ. ჩ-მ ჩაიდინა მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ.თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი