საქმე # 170100120004082093
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №834აპ-21 ქ. თბილისი
მ. ზ., 834აპ-21 26 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და ზ. მ-სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, ვინაიდან ზ. მ-მ დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, რომელიც არის - ქალი, რის გამოც დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების შესრულებას.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. მ-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი.
ზ. მ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, ... მდებარე, ა. შ-სა და ზ. მ-ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ. მ-მ, რომელმაც იცოდა, რომ დაზარალებული იყო ორსულად, ურთიერთშელაპარაკებისას, საჯდომზე მარჯვენა ფეხის ერთხელ დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე - ა. შ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ზ. მ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ზ. მ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ. მ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 3 ოქტომბრიდან 2020 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით - ჩაეთვალა სრულად მოხდილად.
გაუქმდა ზ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია, რომ ზ. მ-სათვის ცნობილი იყო ა. შ-ს ორსულობის შესახებ.
4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ. მ-სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ. მ-სათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ იგი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებული შერიგებულია მეუღლესთან და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია), დანაშაულის სიმძიმის (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), წარსული ცხოვრებისა (ზ. მ. ნასამართლობის არმქონეა) და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის გათვალისწინებით, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი სამართლიანია, სრულად შეესაბამება ზ. მ-ს პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს სასჯელის დამძიმების სამართლებრივი საფუძველი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი