საქმე # 190100120004017178
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№846აპ-21 ქ. თბილისი
კ. ჯ., 846აპ-21 10 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ. კ-მ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას; კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლოს ობიექტურად არ დაუდგენია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მართებულად არ შეუფასებია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და გაყალბებულ სამხილებს დააფუძნა გამამტყუნებელი განაჩენი.
2. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილი საკასაციო შესაგებლით ითხოვს, დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჯ. კ-ს საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 სექტემბრის განაჩენი.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ. კ-ს ბრალად დაედო: გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შანტაჟი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2020 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 09:25 საათზე, ქ.თბილისში, .. მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ. კ-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ მის მეუღლეს უფლება არ ჰქონდა დაშორებოდა მას და საცხოვრებლად გადასულიყო სხვა ადამიანთან, აღნიშნული ქმედებებით შელახული ღირსების აღსადგენად, ერთი ხელი ძლიერად მოუჭირა თავის არეში, ხოლო მეორე რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში. აღნიშნული დღის შემდეგ კი, 2020 წლის 7 სექტემბრამდე, ყოველდღიურად, იმავე მოტივით, ეჭვიანობის გამო, რადგან ნ. კ-ს აღიქვამდა საკუთრებად, ერეოდა ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, რაც მის პირად ცხოვრებას ეხებოდა, ყოველდღიურად აშანტაჟებდა და ეუბნებოდა, რომ თუ მასთან არ დაბრუნდებოდა, მასაც და მასთან მცხოვრებ პირსაც მოკლავდა. ჯ. კ-ს ძალადობრივი ქმედებებით ნ. კ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
3.2. 2020 წლის 1 სექტემბერსა და 2020 წლის 7 სექტემბერს, ქ. თბილისსა და საგარეჯოს რაიონის .. ყოფნისას, ყოფილ მეუღლეს - ნ. კ-ს, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ მის მეუღლეს უფლება არ ჰქონდა დაშორებოდა მას, მობილური ტელეფონით კომუნიკაციისას უთხრა, რომ თუ მასთან არ დაბრუნდებოდა და გააგრძელებდა მის შერცხვენას, მოკლავდა - საქვეყნოდ მოაჭრიდა თავს. ნ. კ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.3. 2020 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 06:20 საათზე, ჯ. კ-ს მიმართ გამოიცა № შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მას სხვა ვალდებულებებთან ერთად აეკრძალა: მსხვერპლ ნ. კ-სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, როგორც ტელეფონის, ისე სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ასევე იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. აღნიშნული აკრძალვის მიუხედავად, ჯ. კ-მ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2020 წლის 8 სექტემბერს 10:41 საათიდან 15:26 საათამდე დროის შუალედში, ნ. კ-ს ტელეფონის ნომერზე -, ტელეფონის ნომრიდან - მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
4. ჯ. კ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2021 წლის 1 მარტის განაჩენით ჯ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და ჯ. კ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 8 სექტემბრიდან.
6. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. კ-მ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შანტაჟი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, თუმცა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ჯ. კ-ს მიერ მსჯავრად შერაცხული ქმედებების გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენა.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2021 წლის 1 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულმა ჯ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-მა, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო, მეორე მხრივ, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვდა ჯ. კ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, მის ქმედებაში გამოკვეთილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გათვალისწინებით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 სექტემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2021 წლის 1 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება; ჯ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და ჯ. კ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 8 სექტემბრიდან.
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ. კ-მ ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შანტაჟი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.
10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
12. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ჯ. კ-ს ბრალეულობა; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ნ. კ-ს ჩვენება არის თანმიმდევრული, თანხვდენილია და დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით: ტელეფონის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, მოწმეების - ი. ზ-ს, ზ. ა-ს, ზ. ვ-სა და ვ. თ-ს ჩვენებებით, რომელთა საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპობებული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ. კ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში არის კანონიერი, რისი მხედველობაში მიღებითაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ იკვეთება.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჯ. კ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი