Facebook Twitter

საქმე # 080100119002912209

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №853აპ-21 ქ. თბილისი

ტ. ი. 853აპ-21 10 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ტ–ს - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ი. ტ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ–ში, ნ–ს ქუჩა №...-ში მდებარე ავტოსახელოსნოს ეზოში ი. ტ–მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს მ. გ–ს. კერძოდ, მოქაჩა თმაში და წააქცია, რის შედეგადაც მ. გ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განაჩენით ი. ტ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გამართლებულ ი. ტ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ი. ტ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გურჯან ტაბეშაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ი. ტ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

8. 2019 წლის 23 თებერვლის №..... შემაკავებელი ორდერის თანახმად, ი. ტ–ს აეკრძალა მ. გ–სთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული ინფორმაცია პოლიციის თანამშრომლებს მიაწოდა დაზარალებულმა - მ. გ–მ; შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია არ არის გამყარებული არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით.

9. სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმეები: ნ. ბ–ე და ლ. ც–ა არ არიან შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები. მათი ჩვენება თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ისინი არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, არამედ ამის შესახებ იციან მხოლოდ დაზარალებულისგან. ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის კი დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

10. სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში ი. ტ–ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებების პირველწყაროს წარმოადგენს დაზარალებული.

11. მოწმემ თ. ა-მ, რომელიც მიუკერძოებელი და ნეიტრალური მოწმეა, ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს დაახლოებით საღამოს 5-6 საათზე ავტომობილის სანახავად მივიდა ნ–ს ქუჩაზე მდებარე სახელოსნოში, სადაც ი. ტ–ი არის დასაქმებული. მისი მისვლისას მ. გ–ი ჩაქუჩით აზიანებდა ავტომობილს. კერძოდ, ავტომობილის წინა საქარე მინა, უკანა კარის მინა და სახურავი დააზიანა. მოწმის განმარტებით, მ. გ–თან მივიდა ი. ტ–ი, ხელი მკლავებში მოკიდა და ჩაქუჩის წართმევას და გარეთ გაყვანას ცდილობდა. მ. გ–ი ი–ს კაწრავდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მოწმე თ. ა–ს განმარებით, ი. ტ–ის მხრიდან მ. გ–ს მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. სახელოსნოდან გასასვლელ ჭიშკართან ი. ტ–მ მ. გ–ს ხელი გაუშვა, ამ უკანასკნელმა ფეხი წამოკრა და წაიქცა.

12. სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნის თანახმად - 23.02.2019 წ. 20:10-20:25სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ. გ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და ნაკაწრების სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანებები ნაჭდევების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მ. გ–ს სხეულზე არსებულ დაზიანებათა ლოკალიზაცია შეესაბამება ი. ტ–ისა და თ. ა–ს ჩვენებებში მითითებულ გარემოებებს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზით მსგავს შემთხვევებში შეიძლება დადგინდეს მხოლოდ დაზიანებათა არსებობა, მათი ლოკალიზაცია და ხარისხი და არა - ვითარება, რომელშიც ეს დაზიანებები მიიღო დაზარალებულმა ან დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში კი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ი. ტ–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ.გაბინაშვილი