Facebook Twitter

საქმე # 080100120003907121

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №868აპ-21 ქ. თბილისი

მ. თ. 868აპ-21 13 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აგვისტოს განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

თ. მ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 17 აგვისტოს, საღამოს საათებში, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ წ–ში ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა თ. მ–მ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - ზ. მ–ს. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში. თ. მ–ს ქმედების შედეგად ზ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განაჩენით თ. მ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გამართლებულ თ. მ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, თ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აგვისტოს განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გურჯან ტაბეშაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, თ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

6. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

7. 2020 წლის 17 აგვისტოს №.... შემაკავებელი ორდერის თანახმად, თ. მ–ს აეკრძალა ზ. მ–სთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული ინფორმაცია პოლიციის თანამშრომლებს მიაწოდა დაზარალებულმა - ზ. მ–მ; შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია არ არის გამყარებული არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით. შესაბამისად, იგი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

8. დაზარალებულმა - ზ. მ–მ (გამართლებულის მამა) და მოწმეებმა - მ. კ–მ (გამართლებულის დედა), ნ. მ–მ (გამართლებულის და) გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის - თ. მ–ს წინააღმდეგ.

9. სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმეები: გ. ც–ა და დ. ნ–ე არ არიან შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები. მათი ჩვენება თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ისინი არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, არამედ ამის შესახებ იციან მხოლოდ დაზარალებულისგან. ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის კი დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №..... დასკვნის თანახმად, 2020 წლის 18 აგვისტოს 11:24-1!:35 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით ზ. მ–ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

11. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. შესაბამისად, მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №409აპ-21; №442აპ-21). მოცემულ შემთხვევაში მართალია, დაზარალებულმა ზ. მ–მ მიუთითა ადგილები, სადაც 2020 წლის 17 აგვისტოს მისმა შვილმა - თ. მ–მ მასზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა (თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად განხორციელდა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმება) არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტუნებელ განაჩენს (მათ შორის როდესაც მხარეების მიერ უდავოდ არის ცნობილი).

12. სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში თ. მ–ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებების პირველწყაროს წარმოადგენს დაზარალებული.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

14. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

15. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება თ. მ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ.თადუმაძე