საქმე # 060100120003473248
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №869აპ-21 ქ. თბილისი
კ ლ. 869აპ-21 12 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 აგვისტოს განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ლ. კ–ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 30 დეკემბერს, ღამის საათებში, ლ. კ–მ ქ. ს–ში, დ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას ყელში ძლიერად მოუჭირა ხელი მეუღლეს - თ. თ–ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2020 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. ს–ში მდებარე სამოქალაქო რეესტრის შენობის წინ, ლ. კ–მ, ურთიერთშელაპარაკებისას ხელი ძლიერად მოუჭირა ხელში მეუღლეს - თ. თ–ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განაჩენით ლ. კ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 დეკემბრისა და 2020 წლის 3 იანვრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გამართლებულ ლ. კ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ლ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 დეკემბრისა და 2020 წლის 3 იანვრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 აგვისტოს განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ლ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 დეკემბრისა და 2020 წლის 3 იანვრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. დაზარალებულმა თ. თ–მ და მოწმე ჯ. ს–მ (გამართლებულის ბებია) გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის - ლ. კ–ის, წინააღმდეგ.
9. 2019 წლის 3 იანვრის №.... შემაკავებელი ორდერის (ტ.1. ს.ფ.9) თანახმად, ლ. კ–ს მეუღლის - თ. თ–ს - მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, აეკრძალა მასთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული ინფორმაცია პოლიციის თანამშრომლებს მიაწოდა დაზარალებულმა - თ. თ–მ. შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია არ არის გამყარებული არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით. შესაბამისად, იგი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №...... დასკვნის (ტ.1, ს.ფ.31) თანახმად, 2020 წლის 3 იანვარს 15:42-16:00 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით თ. თ–ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
11. სასამართლო მიუთითებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზით შეიძლება დადგინდეს მხოლოდ დაზიანებათა არსებობა, მათი ლოკალიზაცია და ხარისხი და არა - დაზიანების მიყენების ვითარება, რომელშიც ეს დაზიანებები მიიღო დაზარალებულმა.
12. მოწმე დ. თ–ე და არასრულწლოვანი მოწმე - ლ. კ–ი (რომელთა გამოკითხვის ოქმებიც მხარეებმა უდავო მტკიცებულებად ცნეს) არ არიან ფაქტის თვითმხილველები. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ლ. კ–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
15. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე