Facebook Twitter

საქმე # 330100120003660461

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №874აპ-21 ქ. თბილისი

უ. რ., 874აპ-21 11 იანვარი , 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. უ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. უ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ი-მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და რ. უ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი საფუძვლებით: დაზარალებულმა ლ.პ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და ჩვენება არ მისცა საკუთარი შვილის - რ. უ-ს წინააღმდეგ. ამდენად, არ არსებობს დაზარალებულის ჩვენება არც მუქარის განხორციელების და არც მუქარის შედეგად საფუძვლიანი შიშის განცდის ნაწილში, რის გამოც გაუგებარია, თუ როგორ დაადგინა სააპელაციო სასამართლომ მუქარისა და მის შედეგად დაზარალებულის მიერ საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტი; რაც შეეხება სხვა მოწმეთა ჩვენებებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები და, შესაბამისად, პირდაპირი მოწმეები; განაჩენს საფუძვლად არ უნდა დასდებოდა ასევე დაზარალებულ ლ. პ-ს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან ეს მტკიცებულებაც ირიბია.

2. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი დავით ხიზანაიძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. უ-ს ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

რ. უ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენით რ. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიუხედავად ამისა, მან კვლავ, არაერთგზის ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ. 2020 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, .. მდებარე, .. თავის საცხოვრებელ სახლში, ნასვამმა რ. უ-მა, დედას - ლ. პ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა იმ მოტივით, რომ ლ. პ-ს საჩივრის საფუძველზე ერთი წელი მოიხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რის შემდეგაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომ გადააგდებდა ფანჯრიდან და მოკლავდა, რის შედეგადაც, ლ. პ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენით რ. უ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, რ. უ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განაჩენით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი რ. უ-ს მიმართ.

რ. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. უ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო აღნიშნული განაჩენის გამოტანიდან - 2021 წლის 7 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 11 აპრილიდან 2020 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან გასაჩივრებულ განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რ. უ-ს ბრალეულობა, რაც დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით. მართალია, დაზარალებულმა ლ. პ-მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლებამოსილებით და ჩვენება არ მისცა საკუთარი შვილის - რ. უ-ს წინააღმდეგ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: არასწორია დაცვის მხარის განმარტება, რომ დაზარალებულის ჩვენების გარეშე შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი შიშის საფუძვლიანობის დადგენა (სუბიექტური კრიტერიუმი), ურომლისოდაც გამოკვეთილი არ არის რ. უ-სათვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის - მუქარის - შემადგენლობა, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილია სხვა საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც დასტურდება მუქარისა და დაზარალებულში მის შედეგად გამოწვეული რეალური შიშის არსებობის ფაქტი, მათ შორის: დანაშაულის ჩადენის შესახებ ლ. პ-ს განცხადება (თვითონვე გამოცხადდა დაზარალებული პოლიციაში და განცხადა რომ უ. მოკვლით დაემუქრა), შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2020 წლის 11 აპრილის ოქმი, 2020 წლის 11 აპრილის შემაკავებელი ორდერი და ოქმი, მოწმეების - ტ. დ-სა და ნ. გ-ს ჩვენებები, დაზარალებულ ლ. პ-ს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ მ. მ-ს ჩვენება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. უ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი