საქმე # 170100120003908044
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №889აპ-21 ქ. თბილისი
გ–ი ბ. 889აპ-21 11 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. გ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ბ. გ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში, გ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ალკოჰოლური სასმლის არ მიცემის გამო განაწყენებულმა ბ. გ–მ ხელის კვრის შედეგად წაქცევის შემდეგ, ფეხების წელისა და თირკმლების არეში მრავალჯერადი დარტყმების გზით ფიზიკურად იძალადა თავისი დედის - ე. გ–ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს ესწრებოდა ბ. გ–სა და ე. გ–ს არასრულწლოვანი ოჯახის წევრი თ. კ–ი.
2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ბ. გ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გამართლებულ ბ. გ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ბ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ბ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. დაზარალებულმა - ე. გ–მ (გამართლებულის დედა) და მოწმეებმა - გ. გ–მ (გამართლებულის ბებია), ი. კ–მ (გამართლებულის მეუღლე) გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის - ბ. გ–ს წინააღმდეგ. გამართლებულის შვილების - თ. კ–ისა და თ. გ–ს დაკითხვაზე უარი თქვა მათმა კანოიერმა წარმომადგენელმა - თ. ვ–მ.
9. სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმეები - ს. ტ–ი, ზ. ხ–ა და პ. კ–ე არ არიან შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები. მათი ჩვენება თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ისინი არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, არამედ ამის შესახებ იციან მხოლოდ გადმოცემით. ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის კი დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
10. სამედიცინო ექსპერტიზის №....... დასკვნის თანახმად, ე. გ–ს აღენიშნება სისხლჩაქცევა შუბლზე მარჯვნივ, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, დაზიანების არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ. ო–მა.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რომ დასახელებული სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია სამედიცინო საბუთების მონაცემებზე დაყრდნობით და უშუალოდ დაზარალებულის გასინჯვა არ მომხდარა; აღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაზარალებულის სხეულზე დაზიანების არსებობის გარდა, არაინფორმატიულია. კერძოდ, არ არის მითითებული დაზიანების მიღების გარემოებები და მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაზიანების ხანდაზმულობა და სხვა ნიშნები.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
13. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
14. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ბ. გ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
17. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე