საქმე # 060100120003774479
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №910აპ-21 ქ. თბილისი
ც. გ., 910აპ-21 14 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ც-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ-მა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად შეაფასა დაზარალებულ ჯ. კ-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, რადგან მისი ინფორმაციით ირკვევა, რომ გ. ც. არათუ არ დასხმია მას თავს, არამედ არცკი მიახლოებია, ხმაც არ ამოუღია, ამასთან, მას არაფერი მოუმოქმედებია დაზარალებულის დახმარების გარდა და, შესაბამისად, მის მიმართ რაიმე პრეტენზია დაზარალებულს არ გააჩნია. აღნიშნულის და სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად დაცვის მხარე მოითხოვს დაზარალებულის საკასაციო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვას; ამასთან, ბრალდების მხარე გ. ც-სა და ბ. ბ-ს არ ედავება წინასწარი შეთანხმებით დანაშაულის ჩადენას, რაც სააპელაციო სასამართლომ რატომღაც დადასტურებულად მიიჩნია.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენით გ. ც., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
გ. ც-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 4 აპრილიდან.
გაუქმდა გ. ც-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
იმავე განაჩენით ბ. ბ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ბ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით 3 (სამი) თვითა 24 (ოცდაოთხი) დღით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ ბ. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
გაუქმდა ბ. ბ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
ბ. ბ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 4 აპრილიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ც-მ და ბ. ბ-მა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად; ბ. ბ-ს ასევე მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონოდ შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
გ. ც-სა და ბ. ბ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 21:30 საათზე, ... მდებარე ინდმეწარმე ჯ. ჯ-ს პურის საცხობში, გ. ც. და ბ. ბ. სახრახნისის (ე.წ. „ატვიორკა“) გამოყენებით თავს დაესხნენ პურის მცხობელ ჯ. კ-ს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ 95 ლარს.
- 2020 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 21:30 საათზე, .. მდებარე ჯ. ჯ-ს ეზოში, ბ. ბ-მა უკანონოდ შეაღწია ამ უკანასკნელის „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილის სალონში, საიდანაც დაეუფლა ავტომობილის გასაღებს, მასზე ჩამოკიდებულ ფრჩხილების მკვნეტარასთან ერთად.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ც-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ-მა, ასევე - მსჯავრდებულმა ბ. ბ-მა. მსჯავრდებულმა გ. ც-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ-მა სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გ. ც-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო მსჯავრდებულმა ბ. ბ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ყაჩაღობის ნაწილში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ც-ს უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების შესახებ არ იზიარებს, ვინაიდან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ც-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ჯ. კ-ს ჩვენებით, მოწმეების - ნ. ჭ-ს, თ. შ-ს, ფ. გ-ს, გ. ქ-ს, ზ. ჭ-ს, გ. ბ-სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2020 წლის 3 აპრილის ოქმით, 2020 წლის 4 აპრილის ამოღების ოქმებით, გასაღების ამოცნობის 2020 წლის 5 აპრილის ოქმით, დაზარალებულ ჯ. კ-ს მონაწილეობით ჩატარებული პირის ამოცნობის 2020 წლის 4 აპრილის ოქმით, ნიმუშების აღების 2020 წლის 5 აპრილის ოქმებით, ადგილმდებარეობის დათვალიერების 2020 წლის 7 აპრილის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2020 წლის 8 აპრილის ოქმითა და ვიდეოჩანაწერით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის 2020 წლის 9 აპრილის დასკვნით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, გ. ც-სა და ბ. ბ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2020 წლის 4 აპრილის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
9. უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ დაზარალებულ ჯ. კ-ს ჩვენებით არ დასტურდება გ. ც-ს ყაჩაღობაში მონაწილეობის ფაქტი, ვინაიდან მისი ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც ბ. ბ. მივარდა მას, სახრახნისი მიაბჯინა ფერდში და უთხრა, ფული მიეცა, თორემ მუცელს გამოფატრავდა, მას შეეშინდა, დაიბნა და წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაზარალებულმა მიუთითა ცომის საზელიდან დაახლოებით 3-4 მეტრში არსებულ სალაროზე. ბ. ბ-მა მიიყვანა სალაროსთან, საიდანაც ამოიღო ფულადი თანხა. ამ დროს დაზარალებულმა იცნო გ. ც., რომელსაც უთხრა, თუ რას აკეთებდა, რაზეც მან უპასუხა, რომ გაჩუმებულიყო. ამის შემდეგ მოსთხოვეს გაეღო კარი და ისინი გავიდნენ. წასვლამდე ბ. ბ. დაემუქრა მოკვლით, თუ ვინმეს აცნობებდა მომხდარის შესახებ. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ ბ. ბ. და გ. ც. ერთდროულად შევიდნენ პურის საცხობში (ბ. ბ-ს საცხობში შეჰყვა გ. ც-ც). ყაჩაღური თავდასხმის დროს ბ. ბ-ს სახეზე შემოხვეული ჰქონდა მოყვითალო, სტაფილოსფერი ნაჭრის „რემენი“, გ. ც-ს ეცვა ყელიანი სვიტერი, რომლის ყელიც მას სახეზე ჰქონდა აფარებული, ხოლო მას შემდეგ, რაც ბ. ბ. საცხობის სალაროდან დაეუფლა ფულად თანხას, ისინი კვლავ ერთად გავიდნენ საცხობიდან. ყოველივე აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს, რომ ბ. ბ. და გ. ც. მოქმედებდნენ ერთობლივად, ყაჩაღობის განზრახვით.
10. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ.თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი