საქმე # 130100120003477994
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №917აპ-21 ქ. თბილისი
ს. ტ., 917აპ-21 12 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ტ. ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. ბ-სა და მ. ნ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ტ. ს-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ლ. ბ-მ და მ. ნ-მ. კასატორები საკასაციო საჩივრით მოითხოვენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ტ. ს-სათვის სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია, ასევე ის გარემოებები, რომ იგი არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი და არასრულწლოვანი შვილები. ამასთან, მან ჩაიდინა გაუფრთხილებელი კატეგორიის დანაშაული. ყოველივე აღნიშნული კი სრულად აკმაყოფილებდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის განაჩენით ტ. ს., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით; სსკ-ის 128-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ტ. ს-ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
მსჯავრდებულ ტ. ს-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 13 ნოემბრიდან.
საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე ტ. ს-ს 3 (სამი) წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომლის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.
გაუქმდა ტ. ს-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ. ს-მა ჩაიდინა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ; განსაცდელში მიტოვება, ე.ი. დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, როდესაც მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.
ტ. ს-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, .. მიმდებარე ტერიტორიაზე, ქარელის რაიონის .. ქარელის მიმართულებით გამავალ საავტომობილო გზაზე, მთვრალი ტ. ს. მოძრაობდა კუთვნილი „ნისან იქსტერას“ მარკის, სახ.№, ავტომანქანით. გზის ხსენებულ მონაკვეთზე მოძრაობისას მძღოლმა ტ. ს-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო მიმართულების მოძრაობის ზოლში, სადაც ავტომანქანის წინა, მარცხენა ნაწილით შეეჯახა მისი თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ქვეით მგზავრს, 2003 წელს დაბადებულ გ. გ-ს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აღმოჩნდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ტ. ს-ს ევალებოდა ქვეით გ. გ-ზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, იგი განსაცდელში მიატოვა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მიღებული დაზიანებების შედეგად გ. გ. ადგილზე გარდაიცვალა.
4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ტ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ტ. ს-სათვის სასჯელის დანიშვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 სექტემბრის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ტ. ს-სათვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის განსაზღვრის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, მსჯავრდებული ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი და არასრულწლოვანი შვილები) და მსჯავრდებულს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული, მინიმალური სასჯელი, რომელიც სამართლიანია, სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას, რომლის შემსუბუქების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, მასში მითითებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი, წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა – ვალდებულებას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ტ. ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. ბ-სა და მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი