Facebook Twitter

საქმე # 330100120003586522

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№920აპ-21 ქ. თბილისი

ს. დ., 920აპ-21 17 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელისა და მსჯავრდებულ დ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა და მსჯავრდებულ დ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჩ-მ.

2. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და დ. ს-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმდებების ჩადენაში, ასევე - მაქსიმალურად მკაცრი სასჯელების შეფარდებასა და განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა სრულად შეკრების წესის გამოყენებას; კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, როდესაც უსაფუძვლოდ გაამართლა იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და ასევე გამოიყენა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებას.

3. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან დ. ს-ს ბრალეულობა არ დადასტურებულა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით; დაზარალებული ი. წ. და მოწმე ა. წ. მოქმედებდნენ დ. ს-ზე შურისძიების მოტივით, რაზეც ცალსახად მიუთითებს სასამართლოში მათი არასანდო და არადამაჯერებელი ჩვენებები, რომლებიც ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ასევე - დაზარალებულის განმარტებების საფუძველზე შედგენილი შემაკავებელი ორდერების შინაარსს; ბრალდების მხარემ ცალმხრივად ჩაატარა გამოძიება, არ მოიპოვა მეტროსადგურში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები და არ გამოკითხა შესაძლო თვითმხილველი მოწმეები; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ცალკე აღებული, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით ვერ დადასტურდა დ. ს-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ს-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

4.1. 2018 წლის დეკემბრის ბოლოს, საღამოს საათებში, თბილისში, .. მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, დ. ს-მ, გენდერული ნიშნით, იმის გამო, რომ სურდა მისი მეუღლე - ი. წ. წამოსულიყო სამსახურიდან, რაზეც დაზარალებულმა უარი განუცხადა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში. დ. ს-ს ქმედებით ი. წ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება -სილურჯის სახით თვალის არეში.

4.2. 2019 წლის მარტში, შუადღის საათებში, იმავე სახლში, ი. წ-მა მეუღლეს უთხრა, რომ სურდა მასთან განქორწინება, რადგან იგი ხელს უშლიდა სწავლასა და მუშაობაში. აღნიშნულის გამო, გენდერული ნიშნით, დ. ს. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ი. წ-ს. დ. ს-ს მუქარის შედეგად ი. წ-ს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4.3. 2020 წლის 6 მარტს, დილის საათებში, თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ ქვედა ვესტიბიულში, დ. ს. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ი. წ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. დ. ს-ს მუქარის შედეგად ი. წ-ს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის განაჩენით დ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. დაახლოებით ერთი წელია, რაც ი. წ. და დ. ს. განქორწინდნენ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მიუხედავად აღნიშნულისა, როგორც ქორწინების პერიოდში, ისე - განქორწინების შემდეგ, ოჯახში ძალადობისთვის პირობით მსჯავრდებული დ. ს. სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობს ი. წ-ზე, კერძოდ, გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებს, აგინებს და ლანძღავს უწმაწური სიტყვებით. დ. ს. მუდმივად აკონტროლებს დაზარალებულის გადაადგილებას, მიმოწერას, სოციალურ ქსელებს და ჩაცმულობას, უკრძალავს მუშაობას, მეზობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობას, მისი ნებართვის გარეშე სადმე წასვლას და ა.შ. დ. ს-ს ქმედებების შედეგად ი. წ. თავს გრძნობს დამცირებულად და განიცდის ტანჯვას. მსგავსი ფაქტები განმეორდა - 2019 წლის 5 ოქტომბერს, 9 ოქტომბერსა და 16 ოქტომბერს და სამივე შემთხვევაში 08:00-09:00 და 17:30-18:00 საათებს შორის პერიოდში, დ. ს. მანქანით დაჰყვებოდა ი. წ-ს № ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე, სადაც დაზარალებული მუშაობს და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედას, ნათესავებს და ეძახდა „ბოზს“. დ. ს-ს ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად ი. წ-მა თავი დამცირებულად იგრძნო და განიცადა ტანჯვა. 2020 წლის 6 მარტს, დილის საათებში, ი. წ. მგზავრობდა მეტროპოლიტენით ,,სამგორიდან“ ,,თავისუფლების მოედნის“ მიმართულებით. მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მატარებლის ვაგონიდან გამოსვლისას, იმავე ვაგონიდან გამოვიდა მისი ყოფილი მეუღლე - დ. ს., რომელიც უთვალთვალებდა მას და მგზავრების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, უყვიროდა, აგინებდა დედას, ეძახდა უწმაწურ სიტყვებს, რომ არის „ბოზი“ და „ქუჩის ქალი“, რის შედეგადაც ი. წ-მა თავი დამცირებულად იგრძნო და განიცადა ტანჯვა. იმავე დღეს, რამდენიმე საათში, ი. წ. ძმასთან - ა. წ-თან ერთად, მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრობდა № ავტობუსით თავისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. იმავე ავტობუსში ავიდა დ. ს., რომელიც ავტობუსში ასვლიდან თბილისში, .. კორპუსთან არსებულ ავტობუსების გაჩერებამდე, ავტობუსის სხვა მგზავრების თანდასწრებით სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ი. წ-ს, აგინებდა დედას და ეუბნებოდა, რომ იყო „ბოზი“ და „ქუჩის ქალი“, რის შედეგადაც ი. წ-მა თავი დამცირებულად იგრძნო და განიცადა ტანჯვა.

5. დ. ს-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დ. ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; დ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 100 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და დ. ს-ს, საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა - 2020 წლის 6 მარტიდან.

7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ს-მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2020 წლის 6 მარტის ეპიზოდი), მაგრამ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა დ. ს-ს მიერ 2019 წლის მარტში ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტები.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, დ. ს-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ დ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჩ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება; დ. ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველ ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; დ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და დ. ს-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა - 2020 წლის 6 მარტიდან.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ს-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის, მაგრამ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა დ. ს-ს მიერ ი. წ-ს მიმართ 2019 წლის მარტსა და 2020 წლის 6 მარტს მუქარის ფაქტები.

11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

13. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა დ. ს-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ი. წ-ს ჩვენება არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი, თანხვდენილია და დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით: მოწმეების - ა. წ-ს, ნ. ღ-სა და გ. ქ-ს ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის განაჩენითა და სხვა მტკიცებულებებით, რომელთა საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, ხოლო რაიმე ისეთი დამაჯერებელი მოტივი, რაც დაზარალებულ ი. წ-სა და მოწმე ა. წ-ს ჩვენებებს საეჭვოს გახდიდა, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევისას არ დადგენილა; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა ვერაფრით შეფასდება დაცვის სასარგებლო მოცემულობად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით. მხარეებს ჰქონდათ თანასწორი შესაძლებლობა, მოეპოვებინათ და წარმოედგინათ მტკიცებულებები, გამოეთქვათ საკუთარი და გაექარწყლებინათ საპირისპირო მხარის მოსაზრებები, ჰქონოდათ პოზიციები როგორც თავისი, ისე - მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ სამხილებსა და საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებთან მიმართებით. დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე, თავად გამოეთხოვა მისთვის სასურველი სამხილები ან/და დასაკითხ პირთა სიაში შეეყვანა ის მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც, დაცვის მტკიცებით, ხელს შეუწყობდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად; საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ს-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში არის კანონიერი, რისი მხედველობაში მიღებითაც, სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი არ იკვეთება.

14. ბრალდებს მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის საფუძველზეც დ. ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა დ. ს-ს მიერ 2019 წლის მარტსა და 2020 წლის 6 მარტს ი. წ-ზე მუქარის ფაქტები, ვინაიდან პირველ შემთხვევაში წარმოდგენილი სამხილები ვერ აკმაყოფილებდა გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობის სტანდარტს, ხოლო მეორე შემთხვევაში სარწმუნოდ ვერ დადგინდა, რომ დ. ს-ს ქმედებაში გამოკვეთილია ბრალად წადგენილი დანაშაულის - მუქარის - შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშანი - დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დღეს დ. ს-ს მხრიდან მუქარაზე მიუთითებდნენ დაზარალებული ი. წ. და მოწმე ა. წ., იმავე დღეს დაზარალებულის განმარტებების საფუძველზე შედგენილ შემაკავებელ ორდერში აღნიშნულია, რომ მოძალადისგან მომდინარე საფრთხესთან მიმართებით ი. წ. არ მიიჩნევდა, რომ დ. ს. მიაყენებდა დაზიანებას ან მოკლავდა.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 531-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. ს-ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი გაამკაცრა, თუმცა სასჯელის კიდევ უფრო დამძიმება, ერთი მხრივ, სანქციის მაქსიმალურ ზღვრამდე გაზრდითა და, მეორე მხრივ, განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა სრული შეკრების წესის გამოყენებით, სასჯელის მიზნების მისაღწევად არ არის აუცილებელი. ამდენად, არ იკვეთება არც საკასაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის წინაპირობები.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელისა და მსჯავრდებულ დ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი