საქმე # 140100120004158110
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №938აპ-21 ქ. თბილისი
თ. თ., 938აპ-21 11 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულისათვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული, მაქსიმალურთან მიახლოებული უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი მოტივებით: მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი აშკარად ლმობიერია და არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს; ამასთან, მსჯავრდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და საქმეში არსებული მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია საქმის რვათვიანი განხილვის შემდეგ, რაც არ შეიძლება იქნეს მიჩნეული სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელის შეწყობად; კასატორს ასევე მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს სასჯელი უნდა განსაზღვროდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების იმპერატიული მოთხოვნების გათვალისწინებით, ვინაიდან მან დანაშაული ჩაიდინა იარაღის გამოყენებით; ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თ. თ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და გამოძიებისათვის ხელის შეშლის მიზნით გადამალა დანაშაულის ჩადენის იარაღი.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განაჩენით თ. თ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
მსჯავრდებულ თ. თ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 15 სექტემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. თ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, .. თ. თ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, მჭრელი თვისებების მქონე საგნით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გ. ბ-ს, რომელიც მიღებული ერთ-ერთი დაზიანების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო თვითონ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ თ. თ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
- მსჯავრდებულ თ. თ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და თ. თ-სათვის დანიშნული სასჯელიდან - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ერთი მეოთხედის პირობითად ჩათვლა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ. თ-სათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან შერიგება და ზიანის ანაზღაურება, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა და ისე შეუფარდეს სასჯელი, რაც სამართლიანია და შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლოს სასჯელის დამძიმება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის ზომის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესით განსაზღვრის საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებით უტყუარად არ არის დადგენილი, რომ თ. თ-მ დანაშაული ჩაიდინა დანის (ცივი იარაღის) გამოყენებით.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ.თადუმაძე
მ. გაბინაშვილი