საქმე # 160100120003827703
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №961აპ-21 ქ. თბილისი
ს. რ., 961აპ-21 12 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. ს-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მისთვის მიყენებული ჭრილობების რაოდენობის, ლოკალიზაციისა და ხასიათის გათვალისწინებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ რ. ს. მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით და ცდილობდა კიდეც მის სისრულეში მოყვანას.
2. მსჯავრდებულ რ. ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. რ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ს-ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით.
რ. ს-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, .. მდებარე გ. ა-ს მაღაზიის წინ, რ. ს-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა ე. მ-თან, რა დროსაც მან შეაგინა რ. ს-ს მეუღლეს, რაზეც განაწყენებულმა რ. ს-მა, შურისძიების მოტივით მოკვლის მიზნით, ხელთ ნაქონი დანით მუცლისა და ტანის არეში ე. მ-ს მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება. რ. ს-მა ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან მას ხელი შეუშალა ადგილზე მყოფმა გ. ბ-მა, რომელმაც გააკავა რ. ს. და ხელიდან გააგდებინა დანა.
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განაჩენით რ. ს-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
რ. ს., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 28 ივლისიდან.
გაუქმდა მსჯავრდებულ რ.ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ს-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
რ. ს-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, .. მდებარე გ. ა-ს მაღაზიის წინ რ. ს-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა ე. მ-თან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა შეაგინა რ. ს-ს მეუღლეს, რაზეც განაწყენებულმა რ. ს-მა, ხელთ არსებული დანით ე. მ-ს მუცლის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულ რ. ს-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ დაზარალებულმა ე. მ-მა მსჯავრდებულ რ. ს-ს მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება და ამავე დროს დადგენილია, რომ მას ეს დაზიანება მიაყენა რ. ს-მა, რა დროსაც ასევე დგინდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, მაგრამ მითითებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა აღნიშნული ქმედება ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მიზნით, კერძოდ:
10. დაზარალებულ ე. მ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ კონფლიქტის ინიციატორი თვითონ იყო. მან მიაყენა მსჯავრდებულს სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეაგინა. განაწყენებულმა რ. ს-მა ამოიღო დანა და წავიდა მისკენ, მაგრამ თავს არ დასხმია, იდგა და დანიან ხელს ე. მ-ს გაშვერილი ხელის მიმართულებით იქნევდა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ იგი თვითონ მიუახლოვდა რ-ს, რადგან მისი შებოჭვა და დანის წართმევა სურდა, რ. კი უკან-უკან მიდიოდა. შემდეგ მსჯავრდებულს ერთი ხელი კისერზე მოხვია, ხოლო მეორით დანის წართმევას ცდილობდა. ამ დროს დანა მარცხენა ხელში მოხვდა, შემდეგ კი ერთმანეთს ჩაეჭიდნენ და, სავარაუდოდ, ჭრილობა მუცელზე სწორედ ამ დროს მიიღო, თუ კონკრეტულად რა მოქმედების შედეგად, ზუსტად არ იცის. მანვე აღნიშნა, რომ რ. მ-ს ჩხუბისა და დანის დარტყმის დროს მისი მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია.
11. შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები - გ. ბ. და გ. ა. ასევე ადასტურებენ, რომ რ. ს. დანას იქნევდა მხოლოდ დაზარალებულის მარცხენა ხელის მიმართულებით. გ. ბ-ს ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ იგი უკანა მხრიდან მიუახლოვდა რ. ს-ს, რომელიც გამოიყვანა და დანა გააგდებინა ხელიდან. რ. მას დაემორჩილა და არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამდენად, როგორც დაზარალებულის, ისე მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ მსჯავრებული არ იყო კონფლიქტის ინიციატორი, არ იყო აგრესიით განწყობილი და მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში მას ჰქონდა საკმაო დრო და საშუალება, რომ დაზარალებულისათვის მიეყენებინა არაერთი ჭრილობა, ამასთან, გ. ბ-სათვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია და დაემორჩილა მას. დაზარალებულმაც ცალსახად მიუთითა, რომ მისი მკვლელობის განზრახვა რ-ს არ ჰქონია. ამ მოცემულობის გათვალისწინებით კი სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ჭრილობის ლოკალიზაცია (მუცლის ღრუში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო მხოლოდ ერთი დაზიანება) ვერ გახდება რ. ს-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების საფუძველი, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით მის ქმედებაში არ იკვეთება დაზარალებულის მოკვლის განზრახვის არსებობა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ.თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი