საქმე # 330100121004363554
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№970აპ-21 ქ. თბილისი
პ. გ., 970აპ-21 17 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი-მ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა; სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მსჯავრდებულის განმარტებები, რომ დედაზე არასდროს უძალადია; ასევე -ფაქტობრივ საფუძველსაა მოკლებული გ. პ-ს მსჯავრდება სისტემატური შეურაცხყოფისათვის, რადგან დადასტურებულია, რომ მსჯავრდებული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაზარალებულთან არ ცხოვრობდა და, შესაბამისად, ვერც ბრალად წარდგენილ ქმედებას ჩაიდენდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ადგილას; არ არის გამორიცხული ეჭვი იმის თაობაზე, რომ გ. პ. მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი, რაც, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზა არ ჩატარებულა, მსჯავრდებულის სასარგელოდ უნდა გადაწყვეტილიყო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 აგვისტოს განაჩენით გ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. პ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. პ-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არაერთგზის, რაც გამოიხტა შემდეგში:
3.1. 2020 წლის 4 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, .. ბინაში, გ. პ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ნ. ფ-ს, კერძოდ, ჯერ ძლიერად მოქაჩა თმა, შემდეგ ხელი მოჰკიდა ხელზე და გისოსებიდან ქაჩავდა ქუჩის მხარეს, რა დროსაც დაზარალებულმა ხელზე მიიღო დაზიანება. სახლში შესვლის შემდეგ გ. პ-მა კვლავ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. ფ-ს, კერძოდ, ხელი მოჰკიდა და ძლიერად მოქაჩა თმა. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ნ. ფ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი გ. პ., რომელიც ცხოვრობდა .. ბინაში და ბოლო წლების განმავლობაში ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და იყო მთვრალი, სისტემატურად ეჩხუბებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას - ნ. ფ-ს. აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ. ფ. იყო მუდმივი სტრესის ქვეშ და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა გ. პ-ს ბრალეულობა; ამასთან, კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ნ. ფ-ს ჩვენება არის დამაჯერებელი და დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით: მოწმეების - ე. ლ-სა და მ. ბ-ს ჩვენებებით, გადაუდებელი დახმარების სამსახურის სამედიცინო ბარათით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 სექტემბრის განაჩენითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომელთა საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა ვერაფრით შეფასდება მსჯავრდებულის გამამართლებელ მოცემულობად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე, თავად გამოეთხოვა მსჯავრდებულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ჩაეტარებინა სასურველი საექსპერტო კვლევა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად. ყურადსაღებია, რომ, ერთი მხრივ, რაიმე სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა გ. პ-ს ფსიქიკურ პრობლემებზე, არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია სასამართლოში და არც საქმის მასალებით დადგენილა, ხოლო, მეორე მხრივ, კვალიფიციური ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, მხოლოდ დაცვის მხარის ეჭვების საფუძველზე მსჯავრდებულის შეურაცხაობის საფუძვლით მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაზე მსჯელობა უსაფუძვლო და გაუმართლებელია. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. პ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში არის კანონიერი, რისი მხედველობაში მიღებითაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის წინაპირობები არ იკვეთება.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი