საქმე # 020100120004001783
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №998აპ-21 ქ. თბილისი
ბ. ვ., 998აპ-21 14 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ჯ. კ-სა და ტ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ჯ. კ-მა და ტ. კ-მ. კასატორები საკასაციო საჩივრით მოითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და ვ. ბ-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი, მისი პასუხისმგებლობის არაერთი შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით, არის ზედმეტად მკაცრი, რის გამოც სასჯელის ნაწილში კვლავ უნდა შევიდეს მისთვის სასარგებლო ცვლილება.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განაჩენით ვ. ბ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ვ. ბ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ, კერძოდ - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ვ. ბ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
ვ. ბ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 1 სექტემბრიდან
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ბ-მ ჩაიდინა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის; ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
ვ. ბ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით ვ. ბ-ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ვ. ბ-მ 2020 წლის 1 სექტემბერს ქ. ზუგდიდში, .. ტერიტორიაზე, უკანონოდ შეიძინა და მოკლე შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბეში არაერთგზის ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3,2932 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (ფუძე), რაც 2020 წლის 1 სექტემბერს ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა ქ. ზუგდიდში, ვ. ბ-ს პირადი ჩხრეკისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჭ-მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ვ. ბ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ვ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათთვის – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით; სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვ. ბ-ს დანიშნულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა ამ განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ვ. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით.
ვ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 1 სექტემბრიდან.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, მათ შორის - მხედველობაში ასევე მიიღო მსჯავრდებულ ვ. ბ-ს პასუხისმგებლობის სწორედ ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომელთა შესახებაც დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აპელირებს, რის შედეგადაც სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი საბოლოოდ შეამცირა ხუთი წლით, რაც სამართლიანია და შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის შეფარდებული სასჯელის კიდევ უფრო შემცირება.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ჯ. კ-სა და ტ. კ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი