Facebook Twitter

საქმე # 330100120003582576

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№659აპ-21 ქ. თბილისი

კ. თ. 659აპ-21 20 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. თ. კ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

1.2. ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

თ. კ. 2020 წლის 24 იანვარს ინტერნეტსაიტ „....“-ზე განთავსებული განცხადების საფუძველზე, დაუკავშირდა ა.–ს, რომელსაც სურდა „..........“ ფირმის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ....... გაყიდვა. თ. კ-მ დაარწმუნა ა. მ-ი, რომ შეაკეთებდა და შეიძენდა მის ავტომანქანას 4000 ლარად. ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, თ. კ-მ ა. მ-ის ნდობის ბოროტად გამოყენებით, იმავე დღეს მოტყუებით წაიყვანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ა. მ-ის ავტომანქანა. ამასთან, თ. კ. მას პერიოდულად არწმუნებდა, რომ ასრულებდა დანაპირებს და დასტურად უგზავნიდა ფოტოებს. რეალურად თ. კ-მ ა. მ-ის კუთვნილი „.....“ ფირმის ავტომანქანა, წინასწარი განზრახვის შესაბამისად და მეპატრონესთან შეუთანხმებლად, ჯერ კიდევ 2020 წლის 6 თებერვალს გაასხვისა გ. კ-ზე. თ. კ-მ ა. მ–ს არ გადაუხადა ავტომანქანის საფასური და 2020 წლის 10 თებერვალს მასთან გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი. თ. კ-ს ქმედების შედეგად ა. მ–ს მიადგა 4000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. თ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

2.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თ. კ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 11 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინებით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 27 თებერვლიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. კ-მ და მოითხოვა უდანაშაულოდ ცნობა. კასატორის განმარტებით, სასამართლოში საქმის განხილვისას არ მიეცა საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებისა და მოწმეთა დაკითხვის შესაძლებლობა.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

3. დაზარალებულ ა. მ-ის ჩვენებით ირკვევა, რომ მის მფლობელობაში იყო „......“ ფირმის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით ........), რომლის გაყიდვის მიზნით, ინტერნეტსაიტ “.......”-ზე განათავსა ინფორმაცია. მალევე დაუკავშირდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც გაეცნო როგორც დ. და სთხოვა შეხვედრა. შეხვედრის დროს ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ ეს უკანასკნელი, რომელიც იყო ხელოსანი, წაიყვანდა და შეაკეთებდა ხსენებულ ავტომანქანას, შემდეგ კი გადაუხდიდა ნივთის ღირებულებას. მან ირწმუნა აღნიშნული პირის ნათქვამი და ნდობის ნიშნად, ყოველგვარი ფორმალური მხარის დაუცველად (პირადობის დამადასტურებელი მოწმობაც კი არ მოუთხოვია), გაატანა კუთვნილი ავტომანქანა. დაახლოებით ორი დღის შემდეგ პირადად ნახა, რომ ავტომანქანა შეკეთების პროცესში იყო. ამის შემდეგ, დ-მ საკომუნიკაციო ქსელ „ვაიბერის“ საშუალებით გაუგზავნა ფოტოები. მართალია, სჯეროდა, თუმცა ხშირად ეკონტაქტებოდა, რადგან ცდილობდა საქმე დროულად მიეყვანა ბოლომდე. დ. თავდაპირველად ეუბნებოდა, რომ ავტომანქანის საბოლოოდ შესაკეთებლად სჭირდებოდა გარკვეული დრო, შემდეგ კი საერთოდ გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი. დაზარალებულმა მალევე აღმოაჩინა, რომ საკომუნიკაციო ქსელ „ვაიბერში“ წაშლილი იყო დ-ს მიერ გაგზავნილი ყველა ფოტო და მასთან საუბრის ამსახველი ინფორმაცია. აღნიშნულმა ფაქტმა ეჭვი აღუძრა. მალევე ინტერნეტსაიტ “..........”-ზე აღმოაჩინა გასაყიდად განთავსებული კუთვნილი ავტომანქანა. იგი დაუკავშირდა გამყიდველს და პირადადაც ნახა ნივთი. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ გასაყიდად განთავსებული ავტომანქანა თავად ეკუთვნოდა, განაცხადა პოლიციაში. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ქმედების შედეგად მიადგა 4000 ლარის ქონებრივი ზიანი.

4. 2020 წლის 27 თებერვლის პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ა. მ-მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო თ. კ., როგორც ის პირი, ვინც 2020 წლის 24 იანვარს მივიდა მასთან, გაეცნო როგორც დ. და წაიყვანა „.....“ ფირმის ავტომანქანა (საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე დაზარალებულმა დაადასტურა სასამართლოში დაკითხვისას).

5. მოწმე გ. კ-ის ჩვენებით დგინდება, რომ ძმასთან - მ. კ-თან ერთად მუშაობს ჯართის მიმღებ პუნქტში (მდებარე: ქ. .... .........ს). 2020 წლის 6 თებერვალს მასთან მივიდა ორი მამაკაცი, რომლებმაც ევაკუატორის მეშვეობით მიიყვანეს „....“ ფირმის დაზიანებული ავტომანქანა და ითხოვეს მისი ჩაბარება. აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთი იყო თ. კ. თ. კ-მ იგი დაარწმუნა, რომ ჩასაბარებელი „.........“ ფირმის ავტომანქანა ეკუთვნოდა მის გარდაცვლილ მამას. მანვე განუმარტა, რომ ხსენებული ავტომანქანა დაზიანებების გამო ჩამოწერეს, რა დროსაც დაიტოვეს ავტომანქანის დამადასტურებელი ნომრები და სწორედ ამ გარემოებაზე მითითებით ახსნა მათი წარუდგენლობა. იმ მიზეზით, რომ თ. კ-ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა, მოწმემ ავტომანქანის ჩამბარებლად ოფიციალურად გააფორმა მსჯავრდებულის თანმხლები პირი - რ. კ., ხოლო თანხა გადაუხადა თ. კ–ს.

6. 2020 წლის 27 თებერვლის პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ გ. კ-მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო თ. კ., როგორც ის პირი, ვინც 2020 წლის 6 თებერვალს მივიდა მასთან მეორე ახალგაზრდასთან ერთად და ჩააბარა „...“ ფირმის ავტომანქანა. ამავე პირმა განუმარტა, რომ ჩასაბარებელი ავტომანქანა ეკუთვნოდა მის გარდაცვლილ მამას.

7. სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმე მ. კ-მ დაადასტურა 2020 წლის 6 თებერვალს ჯართის მიმღებ პუნქტში მისი ძმის მიერ „....“ ფირმის ავტომანქანის მიღების ფაქტი, რა დროსაც თავად სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა. მისი განმარტებით, 650 ლარად ჩაბარებული ავტომანქანა ა. ლ–ს 1500 ლარად მიჰყიდა.

8. მოწმე ა. ლ-ს ჩვენებით, 2020 წლის 7 თებერვალს დაუკავშირდა მეგობარი - მ. კ-ი, რომელმაც უთხრა, რომ მის ჯართის მიმღებ პუნქტში ჩააბარეს დაზიანებული და ჩამოწერილი ავტომანქანა, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარებოდა. მოწმემ დაადასტურა მ. კ-ისაგან „.....“ ფირმის ავტომანქანის 1500 ლარად შეძენის ფაქტი, რომელსაც არც ნომრები ჰქონდა და არც ტექპასპორტი. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ავტომანქანის შეძენიდან მალევე დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მისგან ამოიღეს ავტომანქანა და მოხსნილი ნაწილები.

9. 2020 წლის 12 თებერვლის ამოღების ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა ა. ლ-სგან ამოიღეს „.....“ ფირმის დაშლილი ავტომანქანა და მასში მოთავსებული სხვადასხვა ნაწილი.

10. საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 3 მაისის №.... სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ავტომანქანა „N......“-ს საცალო სარეალიზაციო საორიენტაციო ღირებულება, მისი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 7000 ლარს.

11. თ. კ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მეგობარმა რ. კ-მ მისგან ითხოვა ავტომანქანა და შემდგომ აღარ დაუბრუნა. გ. და მ. კ-ებთან კი შეხება არ ჰქონია.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თ. კ-ს პოზიცია არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით და ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას არ მიეცა დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვის შესაძლებლობა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებული სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებით როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე - წინასასამართლო სხდომაზე და ჰქონდა შესაძლებლობა, მათ შორის - საქართველოს სსსკ-ის 83-ე და 219-ე მუხლების შესაბამისად, მოეთხოვა დაცვის მხარის მოწმეთა სახით კონკრეტული პირების დაკითხვა, ასევე - დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებების გამოკვლევა. აღნიშნულის მიუხედავად, დაცვის მხარემ ამ უფლებით არ ისარგებლა (იხ. 2020 წლის 28 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი 00:13:40-00:13:45) და არც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დააყენა შუამდგომლობა მტკიცებულების წარდგენის ან არსებითად ახალი მტკიცებულების მოპოვების თაობაზე (იხ. 2020 წლის 11 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი 14:34:35 – 14:34:50). ამასთან, თ. კ-ს არც ადვოკატის დანიშვნა მოუთხოვია.

14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ) მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის დანაწესსაც და ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული ვერსია არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ხოლო მამხილებელი მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კასატორის მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N504აპ-20; 2021წლის 2 მარტის განჩინება №630აპ-20; 2021 წლის 1 მარტის განჩინება N 640აპ-20; 2021 წლის 1 მარტის განჩინება N 621აპ-20; 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინება №229აპ-21) .

15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

16. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. კ-სთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

17. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მსჯავრდებული თ. კ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 საათით. ამასთან, თ. კ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 საათით, რაც შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინებით შეიცვალა ჯარიმით.

18. გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს თ. კ. ნასამართლევი იყო როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ისე - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

19. პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო ნასამართლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და თ. კ-სათვის მსჯავრად შერაცხული ქმედება - თაღლითობა, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებასთან ერთად, არაერთგზის ჩადენილად შეაფასა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლობის მხედველობაში მიღებით, თ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა (7 წელი), რაც სააპელაციო სასამართლომაც უცვლელად დატოვა გასაჩივრებული განაჩენით.

20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ არაერთგზისი დანაშაული გულისხმობს წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სსკ-ის იმავე მუხლით ან საქართველოს სსკ-ით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში კოდექსის სხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება ნასამართლობა 18 წლამდეც. რეციდივის ინსტიტუტი მოიცავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნებისმიერი სხვა განზრახი დანაშაულის ჩადენას. ამდენად, განზრახი დანაშაულების შემთხვევაში, არაერთგზისი დანაშაულისა და რეციდივის ცნებები არსობრივად მსგავსია. სწორედ ამ მიზეზით, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილი კრძალავს დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენებას, თუ ამავე კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სისხლის სამართლის კოდექსი „რამდენიმე რეციდივის“ ერთდროულად არსებობის შემთხვევაში არ ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის ერთ განაჩენში ერთ დანაშაულთან მიმართებით ორჯერ გამოყენების შესაძლებლობას.

შესაბამისად, არაერთგზისი დანაშაულისა და რეციდივის ცნებების არსებითი მსგავსების გათვალისწინებით, არაერთგზისობის მხედველობაში მიღებასთან ერთად, რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის დამატებით გამოყენება გაუმართლებლად ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობას. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ წარსულში გამოტანილ რომელიმე სხვა განაჩენს გათვალისწინებული აქვს იმ განაჩენით ნასამართლობა, რომელიც განსახილველ შემთხვევაში არაერთგზისობას ქმნის, რადგან ერთი განაჩენის მიერ სხვა განაჩენიდან გამომდინარე ნასამართლობის გათვალისწინება, არ აქარწყლებს ამ უკანასკნელს.

21. საქართველოს სსკ-ი არც იმ შემთხვევაში ითვალისწინებს არაერთგზისობასთან ერთად რეციდივის დამატებით მხედველობაში მიღებას, როდესაც ეს უკანასკნელი წინა განაჩენით არ არის გათვალისწინებული. საწინააღმდეგო მიდგომა წარმოადგენს სხვა განაჩენში დაშვებული შეცდომის არაპირდაპირ გამოსწორების მცდელობას და ამით მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის უსაფუძვლოდ გაუარესებას.

22. ამდენად, რამდენიმე განაჩენით დადგენილი ნასამართლობის ვადების მიმდინარეობის პერიოდში ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ბოლო განაჩენით სასჯელის დანიშვნისას მხოლოდ ერთი მათგანი - რეციდივისა და არაერთგზისობის კონკურენციისას კი არაერთგზისობა - მიიღება მხედველობაში (აღნიშნული წესი არ მოქმედებს ბოლო განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით მსჯავრდების შემთხვევაში, მაგრამ იმ დათქმით, რომ ამ შემთხვევაშიც ერთ დანაშაულთან მიმართებით ერთზე მეტი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება).

23. განსახილველ საქმეში გასაჩივრებული განაჩენით (2021 წლის 4 ივნისის) სასამართლომ რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენებისას მხედველობაში მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნასამართლობა, რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენში, მაგრამ ვინაიდან ამ უკანასკნელი განაჩენით მსჯავრდებულს სასჯელი საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა, რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესი ვერ იქნებოდა გამოყენებული. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება არც ის გარემოება, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა თ. კ–ს წინარე ნასამართლობა და არსებობდა დაშვებული შეცდომის გამოსწორების საჭიროება.

24. რეციდივისა და არაერთგზისობის ცნებების არსებითი მსგავსების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ერთი მხრივ, პირები, რომლებმაც რამდენიმე ნასამართლობის პერიოდში ერთი ახალი დანაშაული ჩაიდინეს და ამ უკანასკნელთან მიმართებით თითოეულმა ნასამართლობამ შექმნა რეციდივი, ხოლო, მეორე მხრივ, პირები, რომლებმაც რამდენიმე ნასამართლობის პერიოდში ასევე ერთი ახალი დანაშაული ჩაიდინეს და ამ უკანასკნელთან მიმართებით თითოეულმა ნასამართლობამ შექმნა რეციდივიც და არაერთგზისობაც, მოცემულ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან მიმართებით, წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს, რომელთა მიმართ სასჯელის დანიშვნის არსებული პრაქტიკა არათანაბარ, დიფერენცირებულ მიდგომას ემყარება. კერძოდ, რამდენიმე რეციდივის არსებობის შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი გამოიყენება მხოლოდ ერთხელ, მაშინ, როდესაც რეციდივისა და არაერთგზისობის კუმულაციურად არსებობისას - ორივე მათგანი მიიღება მხედველობაში. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული მიდგომა მოკლებულია გონივრულ, ობიექტურ საფუძველს და არ ემსახურება რაიმე ლეგიტიმურ მიზანს, ხოლო თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია და არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - დიფერენციაცია თვითმიზნური და გაუმართლებელია, რაც შეუთავსებელია თანასწორობის ფუნდამენტურ უფლებასთან.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში, კერძოდ:

- თ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

- საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენით თ. კ-სთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენით თ. კ-სთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 11 თვითა და 24 დღით, აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინებით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. თ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენით თ. კ-სთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 11 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინებით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე