საქმე # 330100119003274320
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №678აპ-21 ქ. თბილისი
წ. ტ., 678აპ-21 21 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. წ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. გ-–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
1.1. ტ. წ–ს, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (სამი ეპიზოდი) - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
1.2. ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით ტ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის განკარგულებით იგი გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან.
შპს „ა.....ს“ დირექტორმა ტ. წ–ს–მა 2019 წლის 30 ივნისს ქ. .........., დ-ს მ-ს მ. მ........ მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ჯ-ს, რომელსაც სურდა კონდიციონერის შეძენა, მისი ნდობის მოპოვებით, გაუფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, 1 კვირაში მიუტანდა 4 ცალ კონდიციონერს. მ. ჯ-–მ 2019 წლის 1 ივლისს, მობაილბანკის მეშვეობით, შპს „ა-ს“ ანგარიშზე გადარიცხა 2250 ლარი, რასაც ტ. წ–ს მოტყუებით დაეუფლა და მიიმალა. აღნიშნული ქმედებით მ. ჯ-ს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2019 წლის 23 ივნისს თაღლითობისათვის ნასამართლევმა ტ. წ–მ მოატყუა ქ. ........., მ-ს ქუჩა N...ში მყოფი მ. ბ., რომელსაც ტელეფონით საუბრისას უთხრა, რომ 450 ლარად მიჰყიდდა ,,მ–ს“ ფირმის კონდიციონერს. მ. ბ-ს მეუღლემ - გ. კ-მ 2019 წლის 25 ივნისს, 15:59 საათზე, ქ. თ–ში, ...........-ს ქუჩა N....ში მდებარე „........“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 450 ლარი ჩაურიცხა ტ. წ–ს სააქციო საზოგადოება „ს-ში“ გახსნილ ტ. წ-ის კუთვნილი ფირმის - შპს „.....ს“ ანგარიშზე. ტ. წ–ს მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ. ბ-ს კუთვნილ 450 ლარს, ისე, რომ შეთანხმება არ შეასრულა და გაწყვიტა კონტაქტი მასთან.
2019 წლის 24 ივნისს თაღლითობისათვის ნასამართლევმა ტ. წ–მ მოატყუა თ-ში, ბ-ს ქუჩა N... ში მყოფი დ. გ., რომელსაც ტელეფონით საუბრისას უთხრა, რომ 550 ლარად მიჰყიდდა ,,მ-ს“ ფირმის კონდიციონერს. დ. გ-მ 2019 წლის 30 ივნისს ქ. თ-ში, ბ-ს ქუჩაზე მდებარე „ს-ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 550 ლარი ჩარიცხა სააქციო საზოგადოება „ს-ში“ გახსნილ ტ. წ-ის კუთვნილი ფირმის - შპს „ა–ს“ ანგარიშზე. ტ. წ–ს მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა დ. გ-ს 550 ლარს, ისე, რომ შეთანხმება არ შეასრულა და გაწყვიტა კონტაქტი მასთან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 მარტის განაჩენით:
2.1. ტ. წ–ს–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მ. ჯ-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
2.2. ტ. წ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მ. ბ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
2.3. ტ. წ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დ. გ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ტ. წ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
2.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ტ. წ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
2.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ტ. წ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
2.7. ტ. წ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 30 სექტემბრიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 მარტის განაჩენი ტ. წ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ტ. წ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ი. გ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით (მ. ჯ-ის, ნ. ვ-ს, გ.- კ-ს, მ. ბ-სა და დ. გ-ს გამოკითხვის ოქმებით, ნასყიდობის ხელშეკრულებებით, მათი დანართებითა და თანხის ჩარიცხვის ქვითრებით, მ. ჯ-ის განცხადებაზე თანდართული საგადასახადო დავალების ამონაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით, 24.09.2019 წლის სს „თ-ს“ წერილით, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმებითა და ნაერთი ამონაწერით ანგარიშიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით), რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება ტ. წ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების (სამი ეპიზოდი) ჩადენა.
3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მხოლოდ დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევის ფაქტმა განაპირობა და რომ მსჯავრდებულს დაზარალებულთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი არ ჰქონია. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს თაღლითობის შემადგენლობის თითოეული ნიშნის, მათ შორის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის, არსებობას. კერძოდ, დაზარალებულთა გამოკითხვის ოქმებით, ნასყიდობის ხელშეკრულებებით, სს „თ-ს“ წერილით, თანხის ჩარიცხვის ქვითრებით, საგადასახადო დავალების ამონაწერითა და ანგარიშიდან ნაერთი ამონაწერებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული მოტყუებისა და ნდობის მოპოვების მიზნით, დაზარალებულებთან აფორმებდა ხელშეკრულებებს და შემდეგ, ისე ეუფლებოდა მათ კუთვნილ თანხებს, რომ ხელშეკრულებებით ნაკისრი ძველი ვალდებულებები შესრულებული არ ჰქონდა. ამასთან, თავს არიდებდა დაზარალებულებთან კომუნიკაციას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შესაბამისი მტკიცებულებებითაა გამყარებული, უტყუარად ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობას. დაცვის მხარის პოზიცია, თითქოს მსჯავრდებულს დაზარალებულთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვა არ ჰქონია და მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ შეძლო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, სასამართლოს შეფასებით, ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებებს და ემსახურება პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზანს.
4. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 მარტის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ტ. წ-ის მსჯავრდება და სასჯელი განაპირობეს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ადვოკატის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
6. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ტ. წ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებულ სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პირობითი მსჯავრის გაუქმებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გააუქმა ტ. წ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაუნიშნა სასჯელი, თუმცა, როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ტ. წ-ის მიმართ უკვე გაუქმებული იყო ხსენებული განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, მაგრამ აღნიშნული განჩინება არ აღსრულებულა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინების მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა დაენიშნა სასჯელი.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ტ. წ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ტ. წ–ს ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მ. ჯ-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
4. ტ. წ–ს–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მ. ბ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
5. ტ. წ–ს–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დ. გ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ტ. წ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
7. ტ. წ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გაუქმებულია;
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ტ. წ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
9. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი