Facebook Twitter

საქმე # 190100119003153130

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №698აპ-21 ქ. თბილისი

ჭ. ს. 698აპ-21 18 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ს. ჭ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 21 ივლისს, ღამის საათებში, გ–ს რაიონის სოფელ ა–ში, რესტორან ,,ე......ს“ მიმდებარედ, შსს გ–ს რაიონული სამმართველოს ......ს პოლიციის განყოფილების თანამშრომლები - დ. გ–ი და ნ. გ–ე, სამსახურებრივი ავტომანქანით გამოცხადდნენ შესაძლო დანაშაულის შესახებ შეტყობინების საფუძველზე. ასრულებდნენ რა თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას, უ. და ს. ჭ–ებს მოუწოდებდნენ სიმშვიდისკენ, რა დროსაც ს. ჭ–ი თავს დაესხა დ. გ–ს და მის სამსახურებრივ ავტომანქანას, ძალადობით დაუზიანა სამსახურებრივი უნიფორმა და ქვები ესროლა ავტომანქანას, რის შედეგადაც დააზიანა წინა საქარე მინა.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენით ს. ჭ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ს. ჭ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 ივლისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ჭ–ის ადვოკატმა გ. ჭ–მ, რომელმაც ითხოვა ს. ჭ–ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილის ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ს. ჭ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ჭ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება;

ს. ჭ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ს. ჭ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

მსჯავრდებულ ს. ჭ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 ივლისიდან.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილემ ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ს. ჭ–ის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

7. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ადვოკატმა გ. ჭ–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას და პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

8. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ს. ჭ–ის დამნაშავედ ცნობას პოლიციელზე თავდასხმისათვის, ხოლო დაცვის მხარე საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას, ანუ ს. ჭ–ის დამნაშავედ ცნობას პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობისათვის. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანია - 2019 წლის 21 ივლისს ს. ჭ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს ს. ჭ–ის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეთა ჩვენებებით, ბრალდებულ ს. ჭ–ის ჩვენებით, ტექნიკური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ს. ჭ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2019 წლის 21 ივლისს, ღამის საათებში, გარდაბნის რაიონის სოფელ ა–ში, რესტორან ,,ე–ს“ მიმდებარედ, შსს გ–ს რაიონული სამმართველოს გ–ს პოლიციის განყოფილების თანამშრომლები - დ. გ–ი და ნ. გ–ე სამსახურებრივი ავტომანქანით გამოცხადდნენ შესაძლო დანაშაულის შესახებ შეტყობინების საფუძველზე და ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას, მათ შორის, ს. ჭ–ს მოუწოდებდნენ სიმშვიდისკენ. ამ დროს კი ს. ჭ–ი პოლიციის თანამშრომლების მიმართ იყო აგრესიული და აგინებდა მათ. ამასთან, დაცვის მხარე არ უარყოფს, რომ დაზარალებულ დ. გ–ს სამსახურებრივი პერანგის ზედაპირზე დაზიანებები, ასევე ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსის“ საქარე მინისთვის მიყენებული დაზიანება შესაძლოა, გამოწვეული იყო ნასვამი ს. ჭ–ის ქმედებებით.

13. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, ს. ჭ–მ დაზარალებულ დ. გ–ს სამსახურებრივი პერანგი და ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსის“ საქარე მინა დააზიანა პოლიციელ დ. გ–ზე თავდასხმისას თუ მისთვის წინააღმდეგობის გაწევისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თავდასხმა აგრესიული აქტია, რომელსაც თან ახლავს ძალადობა, ან ძალადობის მუქარა, თუმცა, თავის მხრივ, არც პოლიციელისათვის წინააღმდეგობა (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი) გამორიცხავს ძალადობას ან/და ძალადობის მუქარას, რადგან მითითებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებით, მათ შორის დაზარალებულის ჩვენებით, ეჭვგარეშედ არ დგინდება ბრალდების მხარის პოზიცია.

15. მოწმე ნ. გ–მ ასევე დაადასტურა ს. ჭ–ის მხრიდან დ. გ–ზე ფიზიკური დაპირისპირებისა და პერანგის საყელოს ჩამოხევის, ასევე ქვის სროლისა და ავტომანქანის საქარე მინის დამტვრევის ფაქტი. შემთხვევის ადგილზე მყოფმა უ. ჭ–მ, ასევე, ი. ი–მ დაადასტურეს ს. ჭ–ის შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა პოლიციის თანამშრომელთან.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ წარმოდგენილი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი ცალსახად იძლევა დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავების გამოჩენის ფაქტით გაღიზიანებულმა ს. ჭ–მ სცადა, წინააღმდეგობა გაეწია მათთვის და არ მიეცა შესაძლებლობა, ჯეროვნად განეხორციელებინათ თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილება. მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ დ. გ–ი და ნ. გ–ე რესტორნის ტერიტორიაზე გამოცხადდნენ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ისინი ცდილობდნენ ვითარებაში გარკვევას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, რისი საშუალებაც დ. გ–ს არ მისცა ს. ჭ–მ, კერძოდ, წინააღმდეგობის გაწევითა და ძალადობის გამოყენებით სცადა, რომ პოლიციელს შეეწყვიტა თავისი საქმიანობა.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პროკურორის პოზიციისა და ს. ჭ–ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, ბრალდების მხარეს საქმეში უნდა წარმოედგინა მყარი არგუმენტები და შესაბამისი მტკიცებულებები. წარმოდგენილი მტკიცებულებების პირობებში, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვება შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი (სამხრე კამერის ჩანაწერი), რომელიც დაადასტურებდა ბრალდების მხარის პოზიციას ასეთის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს ბრალდების მხარის პოზიცია, რადგან საქმის მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დგინდება ს. ჭ–ის მიერ პოლიციის თანამშრომლის მიმართ თავდასხმა.

18. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

19. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ს. ჭ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე