Facebook Twitter

საქმე # 060100120004027143

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №714აპ-21 ქ. თბილისი

ო. ვ. 714აპ-21 31 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ო–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 2 აგვისტოსა და 2020 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

ვ. ო–ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 2 აგვისტოს, საღამოს საათებში, ვ–ს რაიონის სოფელ ს–ში მდებარე ც. კ–ს საცხოვრებელ სახლში, თავიანთ საძინებელ ოთახში, ვ. ო–მ იძალადა მეუღლის ი. კ–ს მიმართ. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი მუცლისა და გვერდის არეში, რის შედეგადაც ი. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 3 აგვისტოს, საღამოს საათებში, ვ–ს რაიონის სოფელ ს–ში მდებარე ც. კ–ს საცხოვრებელ სახლში, თავიანთ საძინებელ ოთახში, ვ. ო–მ იძალადა მეუღლის ი. კ–ს მიმართ. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში, რის შედეგადაც ი. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 4 აგვისტოს, საღამოს საათებში, ვ–ს რაიონის სოფელ ს–ში მდებარე ც. კ–ს საცხოვრებელ სალხში, თავიანთ საძინებელ ოთახში, ვ. ო–მ არასრულწლოვნის თანდასწრებით იძალადა მეუღლის ი. კ–ს მიმართ. კერძოდ, 17 წლის გ. კ–ს თვალწინ მის დას ი. კ–ს ხელები მოუჭირა ყელის არეში და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც ი. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 5 აგვისტოს, საღამოს საათებში, ვ–ს რაიონის სოფელ ს–ში მდებარე ც. კ–ს საცხოვრებელ სახლში, თავიანთ საძინებელ ოთახში, ვ. ო–მ არასრულწლოვნის თანდასწრებით იძალადა მეუღლის ი. კ–ს მიმართ. კერძოდ, 17 წლის გ. კ–ს თვალწინ მის დას ი. კ–ს ხელები მოუჭირა ყელის არეში და რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც ი. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 6 აგვისტოს, საღამოს საათებში, ვ–ს რაიონის სოფელ ს–ში მდებარე ც. კ–ს საცხოვრებელ სახლში, თავიანთ საძინებელ ოთახში, ვ. ო–მ არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა მეუღლის ი. კ–ს მიმართ. კერძოდ, თმებში მოქაჩა, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, თავის არეში, ხელი მოუჭირა მარჯვენა მკლავში, გადაუტრიალა ორივე ხელი და პირსა და ცხვირზე დააფარა ხელი, რის შედეგადაც ი. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ვ. ო–მ ძალადობა გააგრძელა ი. კ–ს არასრულწლოვანი ძმის 17 წლის გ. კ–ს შემოსვლის შემდგომაც. კერძოდ, ამ უკანასკნელის თანდასწრებით ყელში მოუჭირა ხელები მის დას და რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ი. კ–მ ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი. კერძოდ, ამ უკანასკნელის თანდასწრებით ყელში მოუჭირა ხელები მის დას და რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ი. კ–მ ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი. სისტემატური ძალადობის შედეგად ი. კ–ე განიცდიდა ტანჯვას და ფიზიკურ ტკივილს, ვ. ო–ი აღწერილ ქმედებებს ჩადიოდა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე.

- 2020 წლის 2 აგვისტოს, საღამოს საათებში, ვ-ს რაიონის სოფელ ს-ში მდებარე ც. კ–ს საცხოვრებელ სახლში, თავიანთ საძინებელ ოთახში, ვ. ო–ი ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს ი. კ–ს. კერძოდ, უთხრა მას, რომ ბასრი საგნის გამოყენებით სახეზე მიაყენებდა ჭრილობას და დაასახიჩრებდა, რის შედეგადაც ი. კ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2020 წლის 6 აგვისტოს, საღამოს საათებში, ვ–ს რაიონის სოფელ ს–ში მდებარე ც. კ–ს საცხოვრებელ სახლში, თავიანთ საძინებელ ოთახში, ვ. ო–ი ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს ი. კ–ს. კერძოდ, ემუქრებოდა, რომ ბასრი საგნის გამოყენებით სახეზე მიაყენებდა ჭრილობას და დაასახიჩრებდა, რის შედეგადაც ი. კ–ს გაუჩნდა მუქარის საფუძვლიანი შიში.

- 2020 წლის 6 აგვისტოს, საღამოს საათებში, ვ-ს რაიონის სოფელ ს-ში მდებარე ც. კ–ს საცხოვრებელ სახლში, ვ. ო–მ არასრულწლოვან გ. კ–ს თანდასწრებით იძალადა ამ უკანასკნელისა და თავისი მეუღლის დედის ც. კ–ს მიმართაც. კერძოდ, მუშტი დაარტყა მას მარცხენა მხრის არეში, რის შედეგადაც ც. კ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განაჩენით:

ვ. ო–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ვ. ო–ი საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ვ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით.

ვ. ო–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 7 აგვისტოდან.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარემ:

- ბრალდების მხარე, პროკურორი დარიკო ვადაჭკორია სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ვ. ო–ს დამნაშავედ ცნობას სრულად წარდგენილ ბრალდებებში და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

- მსჯავრდებულ ვ. ო–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ი. შ–მ და გ. კ–მ მოითხოვეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განაჩენის გაუქმება და ვ. ო–ის სრულად უდანაშაულოდ ცნობა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენით:

სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

მსჯავრდებულ ვ. ო–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ი. შ–ს და გ. კ–ს სააპელაციო სააჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ვ. ო–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ვ. ო–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ვ. ო–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2020 წლის 6 აგვისტოს, ი. კ–ს მიმართ განხორციელებული ეპიზოდი);

ვ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2020 წლის 6 აგვისტოს, ი. კ–ს მიმართ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 2 წლით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2020 წლის 6 აგვისტოს, ც. კ–ს მიმართ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 2 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ო–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 წლითა და 6 თვით.

მსჯავრდებულ ვ. ო–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 07 აგვისტოდან.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილე - დარიკო ვადაჭკორიამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, ვ. ო–ს დამნაშავედ ცნობას სრულად წარდგენილ ბრალდებებში და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ვ. ო–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 2 აგვისტოსა და 2020 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდები) გათვალისწინებული ქმედებები, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ვ. ო–ის მიერ მითითებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დასადასტურებლად. ამასთან, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. ო–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის შესახებ.

9. დაზარალებულმა ი. კ–მ სასამართლოში მეუღლის - ვ. ო–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

10. მოწმის სახით დაკითხულმა ც. კ–ემ მიუთითა, რომ მის შვილს - ი. კ–ს, მეუღლემ ვ. ო–მ 2020 წლის 4, 5, 6 აგვისტოს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. 4 აგვისტოს საღამოს მოესმა ყვირილის ხმა, ავიდა ოთახში და დაინახა, რომ სიძეს - ვ. ო–ს კისერში ჰქონდა ხელი მოჭერილი მის შვილზე - ი. კ–ზე, რომელიც ითხოვდა შველას, ახრჩობდა. 5 აგვისტოს საღამოსაც იგივე გამეორდა, გაიგონა ისევ ყვირილის ხმა, ავიდა ოთახში და დაინახა რომ ისევ ყელზე უჭერდა და ახრჩობდა, სცემდა. 6 აგვისტოს ისევ შემოესმა ყვირილის ხმა, სიტუაცია უფრო დამძიმებული იყო. ისევ კისერში ჰქონდა ხელი მოჭერილი, ი. კ–ს თვალები დაკორტნილი, დალურჯებული ჰქონდა, მთელი სხეული ჰქონდა გაშავებული. მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (იხ. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის სხდომის ოქმი 15:32:25 – 15:33:47)

11. მოწმის სახით დაკითხულმა ნ. კ–მ ასევე დაადასტურა, რომ 4 აგვისტოს ოთახიდან გამოვიდა ხმამაღალი წივილ-კივილის ხმა, მისი და ითხოვდა შველას, დედა და ის შევიდნენ და დაინახეს ძალიან მძიმე სურათი, ი. კ–ს მისი მეუღლე ვ. ო–ი სცემდა, კისერში უჭერდა ხელს. იგივე გამეორდა მეორე დღესაც, 5 აგვისტოს (იხ. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის სხდომის ოქმი 14:49:37 – 14:50:34). 6 აგვისტოს კონფლიქტი ისევ ოთახში გაგრძელდა, გამოვიდა ყვირილის და კივილის ხმა. თუ სწორად ახსოვს საღამო იყო. მის დას - ი. კ–ს - ხელები და თვალები ჰქონდა დალურჯებული, თმები არეული. მესამე დღეს წინა დღეებთან შედარებით უფრო გამძაფრებული იყო სიტუაცია (იხ. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის სხდომის ოქმი 14:52:27 – 14:53:44).

12. მოწმის სახით დაკითხულმა გ. კ–მ მიუთითა, რომ 2020 წლის 6 აგვისტოს მის დას ი. კ–სა და სიძეს ვ. ო–ს შორის კამათი გადაიზარდა ჩხუბში. ი. ცდილობდა თავის დაცვას. თვითონ, დედამისი (ც. კ–ე) და მისი და (ნ. კ–ე) ცდილობდნენ გაშველებას. მანვე მიუთითა, რომ ი-სა და ვ-ს შორის კამათი იყო წინა დღეებშიც, ცემა იყო თუ არა არ იცის.

13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 18 აგვისტოს N...... ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 07.08.20წ. 13:08-13:30 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ი. კ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევების, სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე მესამედში და გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ შუა მესამედში არსებული სისხლნაჟღენთებისა და მარცხენა ყვრიმალის მიდამოში არსებული ნაჭდევის სახით შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

14. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოითხოვს - დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20). „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ ობიექტურ კრიტერიუმებზეც - ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (მაგ.იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის N627აპ-19 განჩინება; 2020 წლის 29 ოქტომბრის 443აპ-20 განაჩენი; 2021 წლის 3 თებერვლის 1003აპ-20 განაჩენი )

15. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ოჯახის წევრებმა, მართალია, დაადასტურეს 2020 წლის 4 და 5 აგვისტოს ვ. ო–ის მიერ დაზარალებულ ი. კ–ს მიმართ ძალადობის ფაქტი, თუმცა სასამართლო ითვალისწინებს რომ: დაზარალებულმა - ი. კ–მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო დადგენილებით სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 9), ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 18 აგვისტოს N....... ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ შ. თ–ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მხოლოდ 2020 წლის 6 აგვისტოს მომხდარი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით; ბრალდების მხარეს არ დაუსვამს ექსპერტიზის წინაშე კითხვები 4 და 5 აგვისტოს მომხდარი ძალადობის კვალთან დაკავშირებით. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანების ხასიათს, ასევე იმ გარემოებას რომ დაუდგენელია დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მხოლოდ 6 აგვისტოს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად, თუ მათ შორის - მოწმეთა მიერ მითითებული ზემოქმედების შედეგად 4 და 5 ივნისს.

16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.

17. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა ვ. ო–ის მიმართ 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 2 აგვისტოსა და 2020 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე