Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №739აპ-21 თბილისი

ე-ა კ-ე, 739აპ-21 8 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:

1.1. ს. ქ-ას, კ. ე-ას, გ. ა-ასა და ა. ძ-ას ბრალი დაედოთ:

ü ხულიგნობაში, ესე იგი ქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ü ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, ესე იგი მის ფიზიკურ და ფსიქიკურ იძულებაში, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად.

1.2. ბ. მ-ას ბრალი დაედო:

ü ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, ესე იგი მის ფიზიკურ და ფსიქიკურ იძულებაში, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად;

ü სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 5 მაისს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ. ზ-ში, ნ-ის ქუჩის №--ში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ დ. მ-ა, გ. თ-ა და ა. ჩ-ა, რომლებსაც მიკროავტობუსებით უნდა შეესრულებინათ რეისები, მარშრუტით - ზ-ი - თ-ი, რა დროსაც მათთან მივიდნენ კ. ე-ა, ს. ქ-ა, გ. ა-ა, ა. ძ-ა და ბ. მ-ა, რომლებმაც ყვირილით მოსთხოვეს, არ შეესრულებინათ რეისი და შეეწყვიტათ საქმიანობა, ასევე, სამარშრუტო მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები აიძულეს, ჩასულიყვნენ ავტომობილიდან. ამავე დროს, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დ. მ-ას, ა. ჩ-ასა და გ. თ-ას, კერძოდ: კ. ე-ამ გ. თ-ას ხელი დაარტყა სახეში, დ. მ-ას - სახესა და მკერდში, ხოლო ა. ჩ-ას ორჯერ დაარტყა სახესა და თავში; ს. ქ-ამ და გ. ა-ამ წაქცეულ ა. ჩ-ას ხელი და ფეხი დაარტყეს ტანზე, ხოლო ა. ძ-ამ გ. თ-ას დაარტყა ფეხი ტანზე, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ბ. მ-ამ მუშტი დაარტყა გ. თ-ას მფლობელობაში არსებული მიკროავტობუსის, სახელმწიფო ნომრით - ----, წინა საქარე მინას და დააზიანა იგი, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მესაკუთრე ა. ბ-ას მიადგა 180 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული ხმაურის გამო ხალხი შეიკრიბა. ხმაური გაგრძელდა დაახლოებით ხუთ წუთს, რითაც კ. ე-ამ, ა. ძ-ამ, გ. ა-ამ და ს. ქ-ამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით, უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. მათი ქმედებების შედეგად გ. თ-ამ, დ. მ-ამ და ა. ჩ-ამ შეწყვიტეს საქმიანობა და ვერ შეასრულეს დაგეგმილი რეისი ზ-დან თ-ის მიმართულებით.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენით:

3.1. ა. ძ-ა, - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. მასვე განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

3.2. კ. ე-ა, - -

· ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

· ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2020 წლის 7 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 5 მაისიდან იმავე წლის 8 მაისის ჩათვლით.

3.3. გ. ა-ა, -

· ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

· ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მასვე ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 5 მაისიდან იმავე წლის 8 მაისის ჩათვლით, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი (სულ - 20 საათი).

3.4. ს. ქ-ა, -

· ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

· ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მასვე ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 5 მაისიდან იმავე წლის 8 მაისის ჩათვლით, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი (სულ - 20 საათი).

3.5. ბ. მ-ა, -

· ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

· ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მასვე ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 5 მაისიდან იმავე წლის 8 მაისის ჩათვლით, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი (სულ - 20 საათი).

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ა. ძ-ას, კ. ე-ას, გ. ა-ასა და ს. ქ-ას დამნაშავეებად ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ბ. მ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მათთვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ბ. მ-ა გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან. დანარჩენ ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ, რომელიც საჩივრით ითხოვს: ა. ძ-ას, კ. ე-ას, გ. ა-ასა და ს. ქ-ას დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ბ. მ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მათთვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს კ. ე-ას, გ. ა-ას, ს. ქ-ას, ბ. მ-ასა და ა. ძ-ას ბრალეულობას მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, ა. ძ-ას ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

10. საკასაციო სასამართლო, ასევე, სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას კ. ე-ას, გ. ა-ასა და ს. ქ-ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ბ. მ-ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების შესახებ. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელთა ზომები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირთა ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ კ. ე-ას, გ. ა-ას, ს. ქ-ასა და ბ. მ-ას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები, რომელთა დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე