Facebook Twitter

საქმე # 190100119003318283

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №746აპ-21 ქ. თბილისი

გ–ი თ. 746აპ-21 31 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ზვიად ფხაკაძისა და მსჯავრდებულ თ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: თ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მიკრორაიონში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის .........ის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს თ. გ–ი, რომელიც სამსახურებრივი ავტომანქანით გადაიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის .........ის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოში - მდებარე ქ. რ–ში, ......... ქ. N ..-ში. 2019 წლის 1 ნოემბერს, დაახლოებით 00:03 საათზე, ავტომანქანაში ყოფნის დროს, დაკავებით განაწყენებული, ნასვამი თ. გ–ი, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავს დაესხა მის გვერდით მჯდომ პოლიციელს - კ. კ–ს და ხელყო მისი ჯანმრთელობა, კერძოდ, უკბინა მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე და მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენით თ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს N1-455-16 განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. გ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

თ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 ნოემბრიდან;

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ–ს ადვოკატმა თ. გ–მ, რომელმაც ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და თ. გ–ს გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ თ. გ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება;

თ. გ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

თ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს N1-455-16 განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. გ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

მსჯავრდებულ თ. გ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 ნოემბრიდან.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი ზვიად ფხაკაძე ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, თ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო თ. გ–ს ადვოკატი თ. გ–ი ითხოვს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის მინიმუმადე შემცირებას.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თ. გ–ს დამნაშავედ ცნობას პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისათვის, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ხოლო დაცვის მხარე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდების ნაწილში, ანუ თ. გ–ს დამნაშავედ ცნობას პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობისათვის. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანია იმის გარკვევა, 2019 წლის 31 ოქტომბერს-1 ნოემბერს თ. გ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით თუ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა თ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მისთვის წარდგენილი ბრალდება მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ; საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თანახმადაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში მხილებამდე თ. გ–ს თავდასხმისა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის მიზანი არ ამოძრავებდა. სანაცვლოდ, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ თ. გ–ი ავტომანქანაში ყოფნისას პოლიციის თანამშრომლებს უწევდა წინააღმდეგობას - აყენებდა შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნებს. საბოლოოდ, ვინაიდან ცდილობდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევას, დაზარალებულ პოლიციის თანამშრომელს - კ. კ–ს უკბინა. თ. გ–ი კონკრეტულ შემთხვევაში არ მოქმედებდა პოლიციელზე თავდასხმის მიზნით, იგი პოლიციის თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობის გაწევით ცდილობდა, თავი დაეღწია მათგან. შესაბამისად, თ. გ–მ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 353 მუხლით.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს თ. გ–ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეთა ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სამხრეკამერის ჩანაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ თ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

13. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

14. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ თ. გ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე).

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თ. გ–ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, თ. გ–ს ჩადენილი ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა რეციდივის დანაწესის გათვალისწინებით მინიმალურთან მიახლოვებული ხანგრძლივობით.

16. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში მკაფიოდ უნდა ყოფილიყო მითითებული საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლის დანაწესები - რეციდივის წესით სასჯელის დანიშვნა.

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გასაჩივრებული განაჩენით, სასამართლომ გამოიყენა სასჯელების ნაწილობრივ შეკრების პრინციპი და წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - დაუმატა მხოლოდ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ზვიად ფხაკაძისა და მსჯავრდებულ თ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. გ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე