Facebook Twitter

საქმე # 200100120003507793

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №770აპ-21 ქ. თბილისი

მ. ჯ. 770აპ-21 21 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ქ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ჯ. მ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „კ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ჯ. მ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის მარტის თვიდან, 2020 წლის 16 იანვრის ჩათვლით, თ–ს რაიონის სოფელ რ–ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჯ. მ–ი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - თ. ყ–ს და მისი ოჯახის წევრებს, არასრულწლოვან შვილებს - თ. ძ–სა და ს.-ზ. ძ–ს, ძალადობის გამოყენებით, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც თ. ყ–ე და მისი არასრულწლოვანი შვილები თ. ძ–ი და ს.-ზ. ძ–ი, მათ მიმართ განხორციელებული სისტემატური ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცდიდნენ ფიზიკურ ტანჯვას.

2015 წლის მარტის თვიდან, 2020 წლის 16 იანვრის ჩათვლით, თ–ს რაიონის სოფელ რ–ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჯ. მ–ი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - თ. ყ–ს და მისი ოჯახის წევრებს, არასრულწლოვან შვილებს - თ. ძ–სა და ს.-ზ. ძ–ს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც თ. ყ–ე და მისი არასრულწლოვანი შვილები თ. ძ–ი და ს.-ზ. ძ–ი, მათ მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

2019 წლის 24 ივნისს, თ–ს რაიონის სოფელ რ–ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჯ. მ–ი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - თ. ყ–ს და მისი ოჯახის წევრს, არასრულწლოვან შვილს - თ. ძ–ს დანისა და ნაჯახის გამოყენებით, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად თ. ყ–სა და თ. ძ–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ჯ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „კ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ჯ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ჯ. მ–ს დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 29 იანვრიდან.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ქ–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს ჯ. მ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულს, მისი ბუნებიდან გამომდინარე გააჩნია ლატენტური ხასიათი, როგორც წესი, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, „ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი“ (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019).

8. ჯ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „კ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა დასტურდება მათ შორის: დაზარალებულების - თ. ყ–ს, თ. ძ–ის (არასრულწლოვანი) და ს.-ზ. ძ–ის (არასრულწლოვანი) - ჩვენებებით; მოწმე ქ. ბ–ს გამოკითხვის ოქმით; უდავოდ ცნობილი ი. ო–ს გამოკითხვის ოქმით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა მტკიცებულებებით. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის ჩვენება დასტურდება უდავოდ ცნობილი 2020 წლის 30 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (ტ.1, ს.ფ.98), უდავოდ ცნობილი, 2020 წლის 30 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ტ.1, ს.ფ.111) და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

9. უდავოდ ცნობილი, სამედიცინო ექსპერტიზის №..... დასკვნის (ტ.1, ს.ფ.176) თანახმად, ს..-ზ.. ძ–ს 30.01.2020წ. პირადი შემოწმების დროს მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედის შიგნითა ზედაპირზე აღნიშნებოდა მოლურჯო-მომწვანო ფერის სისხლსნაჟღენთი. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის მიერ მითითებულ თარიღს - 2020 წლის 16 იანვარს. მას, ასევე, შემოწმების დროს მარჯვენა წვივის ზემო მესამედის გარეთა ზედაპირზე აღენიშნებოდა არასწორკიდეებიანი ჭრილობის შემდგომი ნაწიბური. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია დაჟეჟილი ხასიათის ჭრილობის შემდგომ და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა შესამოწმებლის მიერ მითითებულ თარიღს - 2019 წლის 24 ივნისს.

10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №.... დასკვნის (ტ.2, ს.ფ.196) თანახმად, თ. ყ–მ ჯ. მ–ს ქმედების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №.... დასკვნის (ტ.2, ს.ფ.203) თანახმად, თ. ძ-მ ჯ. მ–ს ქმედების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №...... დასკვნის (ტ.2, ს.ფ. 209) თანახმად, ს.-ზ. ძ–მა ჯ. მ–ს ქმედების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულების ჩვენებები სრულ თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან; არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც შექმნიდა ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს; საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც გახდებოდა დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ან/და საკმარისი იქნებოდა დაზარალებულების ჩვენებების გაუზუარებლობისთვის.

14. უდავოდ ცნობილი №.... შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის (ტ.1, ს.ფ.52) თანახმად, 2017 წლის 29 ივლისს ჯ. მ–ს მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი მსხვერპლთა - თ. ყ–სა და ი. ო–ს დასაცავად ფსიქოლოგიური ძალადობისათვის (სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე).

15. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 და 25-ე მუხლებიდან გამომდინარე დაცვის მხარეს ჰქონდა საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის შესაძლებლობა. ვინაიდან კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები დაზარალებულის მიკერძოებული უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ ჯ. მ–ს მიმართ არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით, სასამართლო მოკლებულია აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.

16. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ჯ. მ–ს მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.

17. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ჯ. მ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „კ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებული მოწყვლადობა და მათი დაცვის პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართვის აუცილებლობა ხაზგასმულია არაერთ საერთაშორისო ინსტრუმენტსა და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში (იხ. Z.B. v Croatia, no. 47666/13, §50-51, ECtHR, 11/07/2017; Opuz v Turkey, no. 33401/02, §§ 72-86, ECtHR, 09/09/2009; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, ECtHR, 30/11/2010; Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, ECtHR, 12/06/2008). ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელ პირთა პასუხისგებაში მიცემა უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას ამგვარი ქმედებებისგან (Volodina v Russia, no. 41261/17, §78, 0ECtHR, 9/07/2019).

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

20. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჯ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ქ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი