Facebook Twitter

საქმე # 020100121004357539

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №843აპ-21 ქ. თბილისი

შ. გ., 843აპ-21 31 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ქ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. შ–ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

გ. შ–ს ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2021 წლის 10 იანვარს, ღამის საათებში, ზ-ს რაიონის ს...... ი-ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, გ. შ–მ მეუღლეს - ი. ე-ს, გაბრაზებულმა იმით, რომ ი. ე-ს სურდა ბავშვებისთვის ეჭმია მისი დედის მიერ მომზადებული საჭმელი, მათი არასრულწლოვანი შვილების ლ. და ლ. შ–ის თანდასწრებით ოთხჯერ დაარტყა გაშლილი ხელი თავის უკანა არეში, რა დროსაც ი. ე-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო აღნიშნულის შემსწრე არასრულწლოვნებს მიადგათ მორალური ზიანი.

- 2021 წლის 13 იანვარს, ღამის საათებში, ზ-ს რაიონის ს. ი-ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, გ. შ–მ მეუღლეს - ი. ე-ს, გაბრაზებულმა იმით, რომ ი. ე-ს არ სურდა მისი შვილი ყოფილიყო ბებიასთან, მათი არასრულწლოვანი შვილების ლ. და ლ. შ–ს-ის თანდასწრებით ერთხელ დაარტყა მარჯვენა გაშლილი ხელი ცხვირის არეში, შემდგ სამჯერ დაარტყა გაშლილი ხელი თავის უკანა არეში, რა დროსაც ი. ე-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო აღნიშნულის შემსწრე არასრულწლოვნებს მიადგათ მორალური ზიანი.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენით გ. შ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 13 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, გ. შ–ს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობით მსჯავრთან ერთად დაეკისრა მოვალეობა, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაიაროს ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსი, ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, გამოსაცდელი ვადის პერიოდში: არ მიიღოს ალკოჰოლი, ყოველდღიურად ალკოჰოლის მოხმარების კონტროლის მიზნით პრობაციის ბიუროს მიერ განსაზღვრული სიხშირითა და წესით გაიაროს ალკოჰოლის მოხმარების შემოწმება; ემოციების მართვისა და სტრესულ სიტუაციებთან გასამკლავებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, ამის აუცილებლობის ამოწურვამდე, განახორციელოს ფსიქოლოგთან ვიზიტები პრობაციის ოფიცრის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში; მეუღლესთან თანაცხოვრების გაგრძელების შემთხვევაში უმოკლეს შესაძლებელ ვადებში პრობაციის ბიუროს დახმარებით ჩართული მედიატორების მონაწილეობითა და დახმარებით შეიმუშავოს მას, მეუღლეს, დედას და შვილებს შორის ფუნქციების განაწილების, მათი ერთმანეთთან ურთიერთობის თაობაზე როგორც მეუღლისთვის, ასევე დედისთვის მისაღები კომპრომისული წერილობითი დოკუმენტი და უზრუნველყოს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პირების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით ყველა საჭირო არაძალადობრივი ზომის მიღება. დედას, მეუღლეს და შვილებს ყოველ ჯერზე მიმართოს მხოლოდ პატივისცემის გამომხატველი მიმართვის ფორმებით.

გ. შ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2021 წლის 14 იანვრიდან - 2021 წლის 16 აპრილის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განაჩენით ზ-ს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. შ–სს ინტერესების დამცველმა, ადვოკატ ზ. ქ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას. კერძოდ, სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას და მის ჩათვლას პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით, გამოყენებული მოვალეობის - ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსი და ალკოჰოლის ყოველდღიურად მოხმარების კონტროლის მიზნით პრობაციის ბიუროს მიერ განსაზღვრული სიხშირითა და წესით ალკოჰოლის მოხმარების შემოწმების გავლის ვალდებულების გაუქმებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. შ–სს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ქ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადვოკატმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. შ–სს მსჯავრდება და სასჯელი განაპირობეს. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ადვოკატის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

3. საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა გ. შ–სმ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრისა (რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით) და მის მიმართ გამოყენებული მოვალეობის - ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსისა და ალკოჰოლის ყოველდღიურად მოხმარების კონტროლის მიზნით პრობაციის ბიუროს მიერ განსაზღვრული სიხშირითა და წესით ალკოჰოლის მოხმარების შემოწმების გავლის ვალდებულების გაუქმების შესახებ.

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებული მოწყვლადობა და მათი დაცვის პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართვის აუცილებლობა ხაზგასმულია არაერთ საერთაშორისო ინსტრუმენტსა და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში (იხ. Z.B. v Croatia, no. 47666/13, §50-51, ECtHR, 11/07/2017; Opuz v Turkey, no. 33401/02, §§ 72-86, ECtHR, 09/09/2009; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, ECtHR, 30/11/2010; Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, ECtHR, 12/06/2008). სასამართლო ასევე ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის („სტამბოლის კონვენცია“) 45-ე მუხლს, რომლის თანახმად, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ეკისრებათ ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ზომის გატარება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი სანქციით.

6. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

7. გ. შ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 63-64-ე მუხლების მოთხოვნებს და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად „საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“, მაგრამ „კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს“ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება II-20); „შეჯიბრებითობის პრინციპი ...არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე (იხ.: იქვე, II-21). „შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს“(იხ.: იქვე, II-22).

9. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან საკასაციო საჩივრის და საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება გასაჩივრებული განაჩენით დადგენილი მოვალეობების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილებიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკიდან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის N624აპ-21 განაჩენი) გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს.

10. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლში მითითებული ჩამონათვალი არ ატარებს ამომწურავ ხასიათს და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, მსჯავრდებულს დააკისროს სხვა ისეთი სახის მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას, მაგრამ სასამართლომ მოვალეობის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს ერთი მხრივ დაკისრებული მოვალეობით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა (ვარგისი საშუალება) და მეორე მხრივ - დაკისრებული მოვალეობის შესრულების მონიტორინგის მექანიზმის არსებობა, ვინაიდან დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა შეიძლება ნეგატიური შედეგების მატარებელი გახდეს მსჯავრდებულისთვის. შესაბამისად, დაკისრებული მოვალეობის შესრულება-შეუსრულებლობა უნდა იყოს ობიექტურად გადამოწმებადი და არ უნდა ქმნიდეს მანიპულირების შესაძლებლობას.

11. სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულ გ. შ–ს დაკისრებული გამოსაცდელი ვადის პერიოდში ოჯახის წევრებისათვის (დედის, მეუღლისა და შვილებისთვის) ყოველ ჯერზე მხოლოდ პატივისცემის გამომხატველი ფორმებით მიმართვის მოვალეობის მონიტორინგთან დაკავშირებულ სირთულეებს, ასევე იმ გარემოებას, რომ სხვა მოვალეობებთან ერთად, მსჯავრდებულს დაეკისრა ალკოჰოლის მოხმარების კონტროლის მიზნით პრობაციის ბიუროს მიერ განსაზღვრული სიხშირითა და წესით ალკოჰოლის მოხმარების შემოწმება, ასევე - პირველივე შესაძლებლობისთანავე ალკოჰოლიზმის მკურნალობისა და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების გავლა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021წლის 17 დეკემბრის განაჩენი საქმეზე N624აპ-21, 11).

12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ცვლილება უნდა შევიდეს გ. შ–სზე საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული მოვალეობის ნაწილში და გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება გ. შ–სს მიერ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში (თანაცხოვრების გაგრძელების შემთხვევაში) დედის, მეუღლისა და შვილებისათვის ყოველ ჯერზე მხოლოდ პატივისცემის გამომხატველი ფორმებით მიმართვის შესახებ. დანარჩენ ნაწილში კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. შ–სს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ გ. შ–ს თანაცხოვრების გაგრძელების შემთხვევაში დედის, მეუღლისა და შვილებისთვის ყოველ ჯერზე მხოლოდ პატივისცემის გამომხატველი ფორმებით მიმართვის შესახებ;

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე