საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №848აპ-21 თბილისი
ც-ე ა-ლ, 848აპ-21 8 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურორის - გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ც-ეს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 27 თებერვალს, დაახლოებით 11:18 საათზე, ქ. ქ-ში, - ქუჩის №-ში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ჩანაცვლებითი თერაპიის ქ-ის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ჯ-ესა და გ. ქ-ეს შორის მიმდინარე კონფლიქტისას, ა. ც-ემ, მკველელობის განზრახვით, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფიდან) სამჯერ ესროლა გ. ჯ-ეს ფეხების, მუცლისა და გულმკერდის არეში და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები. მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად გ. ჯ-ე საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ა. ც-ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენით:
· ა. ც-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 113-ე მუხლზე;
· ა. ც-ე, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2020 წლის 27 თებერვლიდან.
3. განაჩენის მიხედვით, ა. ც-ეს მსჯავრი დაედო მკვლელობაში აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 27 თებერვალს, დაახლოებით 11:18 საათზე, ქ. ქ-ში, -ის ქუჩის №--ში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ჩანაცვლებითი თერაპიის ქ-ის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ჯ-ესა და გ. ქ-ეს შორის მიმდინარე კონფლიქტისას, ა. ც-ემ, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფიდან) სამჯერ გასროლით, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, გ. ჯ-ეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად გ. ჯ-ე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ - გიორგი რამიშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ა. ც-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონულმა პროკურორმა - გიორგი რამიშვილმა, რომელიც საჩივრით ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ა. ც-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ა. ც-ის მიმართ (როგორც კვალიფიკაციის, ასევე - სასჯელის ნაწილში), რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურორის - გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე