საქმე # 330100120003751887
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№860აპ-21 ქ. თბილისი
მ. ე., 860აპ-21 7 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჟვანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჟვანიამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ე. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“, მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: დაზარალებულ ა. ჯ. ვ-სა და მოწმე ნ. ვ. გ-ს ჩვენებები და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ე. მ-ს ბრალეულობა; სასამართლომ, ერთი მხრივ, არასწორად მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე დაზარალებულ ა. ჯ. ვ-ს ჩვენება იყო ერთადერთი და გადამწყვეტი, რადგან დაზარალებულის განმარტებები დასტურდებოდა მოწმე ნ. ვ. გ-ს ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო, მეორე მხრივ, არასრულფასოვნად შეაფასა მოწმე ნ. ვ. გ-ს ჩვენება, რომელიც დაზარალებულის მსგავსად ამხელს ე. მ-ს დანაშაულის ჩადენაში.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. მ-ს ბრალად დაედო ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ე. მ-მა 2020 წლის 8 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, .. მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეგობრებთან - მ. ჩ-სა და მ. ე-სთან ერთად გაიცნო პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ა. ჯ. ვ. და ამერიკის მოქალაქე - ნ. ვ. გ. ე. მ-მა განიზრახა, ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ა. ჯ. ვ-ს კუთვნილ ჩანთას და სცადა ძალის გამოყენებით მისი წართმევა, რაც ვერ მოიყვანა სისრულეში და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
3. ე. მ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“, მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენით ე. მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“, მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჟვანიამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ე. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“, მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ე. მ-ს ბრალეულობა; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან მხოლოდ დაზარალებულმა ა. ჯ. ვ-მ მიუთითა, რომ ე. მ-მა სთხოვა ტაქსის ფული, რაზეც უარის მიღების შემდეგ ფიზიკური ძალადობით შეეცადა მისი კუთვნილი ჩანთის გატაცებას, რაც ვერ შეძლო, რადგან, ერთი მხრივ, იგი თავად უწევდა წინააღმდეგობას, ხოლო, მეორე მხრივ, ისინი მ. ჩ-მა გააშველა; დაზარალებულის ჩვენების საპირწონედ, შემთხვევის ადგილზე მყოფთაგან, ე. მ-ს მეგობრებმა - მ. ე-მ და მ. ჩ-მა დაადასტურეს, რომ ნამდვილად გააშველეს მოჩხუბარი ე. მ. და ა. ჯ. ვ., მაგრამ არაფერი უთქვამთ დაზარალებულის შესაძლო ძარცვის მცდელობაზე; ნეიტრალურმა მოწმემ - ნ. ვ. გ-მ აღნიშნა, რომ ე. მ-მა თანხა სთხოვა დაზარალებულს, რაზეც ა. ჯ. ვ. გაბრაზდა, გახდა აგრესიული და ფიზიკურად დაუპირისპირდა ე. მ-ს; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, დაზარალებულ ა. ჯ. ვ-ს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, ნამდვილად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ შემთხვევის დღეს ა. ჯ. ვ-მა და ე. მ-მა იჩხუბეს, მაგრამ ვერაფრით დაედება საფძვლად იმის უტყუარად მტკიცებას, რომ ე. მ. ძალადობის გამოყენებით, აშკარად ცდილობდა დაზარალებულის ჩანთის გატაცებას.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჟვანიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ.თევზაძე
ნ.სანდოძე