Facebook Twitter

საქმე # 330100119003218806

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№862აპ-21 ქ. თბილისი

პ. ლ., 862აპ-21 7 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნათია თათიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნათია თათიაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. პ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და კანონიერი და რელევანტური სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; კასატორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა თ. დ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის შეტყობინებით, მოწმეების - დ. კ-ს, ზ. მ-სა და ნ. ჩ-ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - ს. ბ-ს ჩვენებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია ლ. პ-ს ბრალეულობა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. პ-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. ლ. პ. მეუღლეს - თ. დ-ს თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2019 წლის 6 ივნისს .. ალკოჰოლით მთვრალმა ლ. პ-მ თ. დ-ს ურთიერთშელაპარაკებისას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოუჭირა ხელი კისრის არეში და დაარტყა თავში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. ლ. პ. მეუღლეს - თ. დ-ს თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო 2019 წლის 7 ივნისს, ალკოჰოლით მთვრალი, .. მდებარე მოდის სახლ ,,დ-ში“, თანამშრომლების თანდასწრებით აგინებდა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.

3. ლ. პ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 ივნისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის განაჩენით ლ. პ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორივე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა კვიჟინაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა ლ. პ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა; დაზარალებულმა თ. დ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებებიდან: პატრულ-ინსპექტორების - ზ. მ-სა და დ. კ-ს ჩვენებები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე და ნახეს აღელვებული თ. დ., რომელსაც დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფიზიკურ ძალადობასთან მიმართებით არის - ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ პირადი გასინჯვით თ. დ-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. რაც შეეხება მოწმე ნ. ჩ-ს ჩვენებას, რომელზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: მიუხედვად იმისა, რომ მოწმე ნ. ჩ-მ დაადასტურა, რომ 2019 წლის 7 ივნისს ლ. პ-მ თ. დ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეუძლებელია მხოლოდ ამ სამხილის საფუძველზე ლ. პ-სათვის ბრალად შერაცხული დანაშაულის - ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია - ობიექტური შემადგენლობის უტყუარად დადასტურება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ლ. პ-ს მიერ თ. დ-ზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნათია თათიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ.თევზაძე

ნ.სანდოძე