საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №870აპ-21 თბილისი
ბ-ე ა-რ, 870აპ-21 8 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ბ-ეს ბრალი დაედო:
ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ ცემასა და სხვაგვარ ძალადობაში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის დამცირება და ტანჯვა.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. ა. ბ-ე, 2018 წლის სექტემბრიდან - 2019 წლის 14 მარტის ჩათვლით პერიოდში, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილას დარტყმებით, სისტემატურად სცემდა და სხვაგვარად ძალადობდა თავის მეუღლე ნ. შ-ეზე, კერძოდ:
o 2018 წლის სექტემბერში, თ-ის რესპუბლიკაში ყოფნისას, ა. ბ-ემ თმის მოქაჩვითა და სახეში ხელის დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლე ნ. შ-ეს;
o 2018 წლის სექტემბერში, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ა. ბ-ემ მეუღლე ნ. შ-ე თმით ათრია და ხელები და ფეხები სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა დაზარალებულს;
o 2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა. ბ-ემ მეუღლე ნ. შ-ეს სხეულის სხვადასხვა ნაწილში ხელები რამდენჯერმე დაარტყა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა და გამოიწვია მისი სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მოშლა.
2.2. ა. ბ-ე, 2018 წლის სექტემბრიდან - 2019 წლის 14 მარტის ჩათვლით პერიოდში, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოებებისას, სისტემატურად შეურაცხყოფდა თავის მეუღლეს - ნ. შ-ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის დამცირებასა და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განაჩენით:
· ა. ბ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
· ა. ბ-ე, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 მარტის ეპიზოდი) და განესაზღვრა 120 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
· ა. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა 120 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 120 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 30 მარტიდან იმავე წლის პირველი აპრილის ჩათვლით - 3 დღით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, შეუმცირდა 15 საათით და საბოლოოდ ა. ბ-ეს განესაზღვრა 105 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
4. განაჩენის მიხედვით, ა. ბ-ეს მსჯავრი დაედო:
Ø ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა. ბ-ემ მეუღლე ნ. შ-ეს სხეულის სხვადასხვა ნაწილში ხელები რამდენჯერმე დაარტყა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა და გამოიწვია მისი სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მოშლა;
Ø ოჯახში ძალადობაში, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია დამცირება და ტანჯვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ა. ბ-ე, 2018 წლის სექტემბრიდან - 2019 წლის 14 მარტის ჩათვლით პერიოდში, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოებებისას, სისტემატურად შეურაცხყოფდა თავის მეუღლეს - ნ. შ-ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის დამცირებასა და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
− ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რომან ბოლქვაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; ა. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და ამ მუხლების სანქციებით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადით განსაზღვრა;
− მსჯავრდებულ ა. ბ-ის ადვოკატმა პ. შ-მ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. ბ-ის გამართლება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განაჩენით: პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განაჩენი გაუქმდა და ა. ბ-ე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2019 წლის 12 მარტის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ მსჯავრდებებში.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რომან ბოლქვაძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; ა. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და ამ მუხლების სანქციებით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადით განსაზღვრას.
8. მსჯავრდებულ ა. ბ-ის ადვოკატი პ. შ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
11. ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ა. ბ-ის ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე