Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №875აპ-21 თბილისი

ჭ-ე ბ-ი, 875აპ-21 8 თებერვბალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავასა და მსჯავრდებულ ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის განაჩენით ბ. ჭ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორ - ბ. ღ-ისა და თ. გ-ის ეპიზოდებში) და დაეკისრა ჯარიმა - 5000-5000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა (ბ. ღ-ის ეპიზოდი) შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი (თ. გ-ის ეპიზოდი) და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ჭ-ეს განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.

2. განაჩენის მიხედვით, ბ. ჭ-ეს მსჯავრი დაედო თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, არაერთგზის (ორ ეპიზოდში). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2015 წლის დეკემბერში ბ. ღ-ი, ბინის შეძენის მიზნით ინტერნეტში განცხადებების ძებნისას, დაინტერესდა შპს „ც-ი ჯ-ის“ შეთავაზებით, რომლის თანახმად, ხსენებული კომპანია თ-ში, ს. ჩ-ის ქუჩის №--ში, შეღავათიან ფასად, აშენებდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. ინტერნეტში განთავსებული სარეკლამო განცხადების მიხედვით, კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დაწყებული იყო. განცხადებას ერთვოდა კორპუსის საბოლოო იერსახის ამსახველი ესკიზი, არქიტექტურულ ნახაზთან ერთად. ვინაიდან განცხადებაში მითითებული ინფორმაცია იყო დამაჯერებელი, ხოლო პირობები - მისაღები, ბ. ღ-ი დედასთან - ნ. გ-თან, ადვოკატ ხ. ხ-ასა და არქიტექტორ ვ. კ-თან ერთად, ამავე კომპანიის ოფისში შეხვდა კომპანიის წარმომადგენელს - ბ. ჭ-ეს. საუბრისას ბ. ჭ-ემ ბ. ღ-ი და მისი თანმხლები პირები დაარწმუნა, რომ შპს „ც-ი ჯ-თან“ ხელშეკრულების გაფორმება იყო სარფიანი გარიგება. შეთავაზების თანახმად, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბ. ღ-ს თ-ში, ს. ჩ-ის ქუჩის №-ში მდებარე მშენებარე კორპუსში უნდა მიეღო: 70 კვ.მ. ბინა - ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით; ვერანდა და ავტოსადგომი. ბ. ჭ-ემ დაარწმუნა ბ. ღ-ი, რომ კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დაწყებული იყო. რეალურად, თ-ში, ს. ჩ-ის ქუჩის №--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყების ნებართვაც კი არ იყო გაცემული და არ არსებობდა აღნიშნულ მისამართზე კონკრეტული მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის თბილისის მერიასთან შეთანხმებული პროექტი. იმის გათვალისწინებით, რომ ბ. ჭ-ის მიერ შეთავაზებული პირობები იყო დამაჯერებელი და ხელსაყრელი, ბ. ღ-მა ირწმუნა მისი სიტყვები და 2015 წლის 17 დეკემბერს შპს „ც-ი ჯ-ის“ წარმომადგენელ ბ. ჭ-ესთან გააფორმა საცხოვრებელი ფართის მშენებლობის ვალდებულების შესახებ №- ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ც-ი ჯ-ი“ იღებდა ვალდებულებას, 32500 აშშ დოლარის (რაც მითითებულ დღეს არსებული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგენდა 79040 ლარს) სანაცვლოდ, დაესრულებინა მშენებლობა და დამკვეთისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 70 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა 10 კვ.მ. ვერანდითა და 18 კვ.მ. ავტოსადგომი ჩაებარებინა არაუგვიანეს 18 თვისა. ბ. ღ-მა იმავე დღეს შეასრულა ვალდებულება და შპს „ც-ი ჯ-ის“ ანგარიშზე გადარიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. აღნიშნული ფაქტით ისარგებლა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ბ. ჭ-ემ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ბ. ღ-ის მიერ შპს „ც-ი ჯ-ის“ ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას - 32500 აშშ დოლარს. მას შემდეგ, რაც ბ. ღ-მა შეიტყო ბ. ჭ-ის თაღლითური ქმედების შესახებ, მოსთხოვა თანხის დაბრუნება და განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოს. ბ. ჭ-ემ მოტყუებით, ხელახალი გაუმჯობესებული პირობების შეთავაზებით კვალავ მოიპოვა მისი ნდობა და დაარწმუნა მშენებლობის შეუფერხებლად დასრულებაში. ბ. ღ-მა კვლავ ირწმუნა მისი სიტყვები და 2017 წლის 10 ივლისს შპს „ც-ი ჯ-ის“ წარმომადგენელ ბ. ჭ-ესთან გააფორმა საცხოვრებელი ფართის მშენებლობის ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ №- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბ. ჭ-ე ბ. ღ-ს გადახდილი თანხის სანაცვლოდ, თ-ში, ს. ჩ-ის ქუჩის №--ში მდებარე მშენებარე კორპუსში, სთავაზობდა 100 კვ.მ. ბინას 10 კვ.მ. ვერანდით და 18 კვ.მ. ავტოსადგომს. მიუხედავად დაპირებისა, ბ. ჭ-ემ მშენებლობის დასაწყებად არ იმოქმედა. აღნიშნულის გამო ბ. ღ-ს მიადგა დიდი ოდენობით - 79040 ლარის მატერიალური ზიანი;

o 2016 წლის ნოემბერში თ. გ-ი, ბინის შეძენის მიზნით ვებგვერდ --ზე განცხადებების ძებნისას, დაინტერესდა შპს „ც-ი ჯ-ის“ შეთავაზებით, რომლის თანახმად, ხსენებული კომპანია თ-ში, ს. ჩ-ის ქუჩის №-ში, შეღავათიან ფასად აშენებდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. ინტერნეტში განთავსებული სარეკლამო განცხადების მიხედვით, კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დაწყებული იყო. განცხადებას, თვალსაჩინოებისათვის, ერთვოდა კორპუსის საბოლოო იერსახის ამსახველი ესკიზი, არქიტექტურულ ნახაზთან ერთად. ვინაიდან განცხადებაში მითითებული ინფორმაცია იყო დამაჯერებელი, ხოლო პირობები - მისაღები, თ. გ-ი მეუღლე ნ. მ-თან ერთად შეხვდა შპს „ც-ი ჯ-ის“ წარმომადგენელს - ბ. ჭ-ეს. შეხვედრა ამავე კომპანიის ოფისში შედგა. საუბრისას ბ. ჭ-ემ თ. გ-ი და მისი მეუღლე დაარწმუნა, რომ შპს „ც-ი ჯ-თან“ ხელშეკრულების გაფორმება იყო სარფიანი გარიგება. შეთავაზების თანახმად, მშენებლობის დასრულების შემდეგ, თ. გ-ს განცხადებაში მითითებულ მისამართზე უნდა მიეღო 45 კვ.მ. ბინა - ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით. ბ. ჭ-ემ დაარწმუნა თ. გ-ი, რომ კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დაწყებული იყო. რეალურად, თ-ში, ს. ჩ-ის ქუჩის №---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყების ნებართვაც კი არ იყო გაცემული და არ არსებობდა აღნიშნულ მისამართზე კონკრეტული მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის თბილისის მერიასთან შეთანხმებული პროექტი. თ. გ-ს თავდაპირველად არ მოეწონა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და გადაწყვიტა, უარი ეთქვა შეთავაზებაზე, მაგრამ ბ. ჭ-ის დამარწმუნებელი საუბრის შედეგად მოტყუვდა და 2016 წლის 28 ნოემბერს შპს „ც-ი ჯ-ის“ წარმომადგენელ ბ. ჭ-ესთან გააფორმა საცხოვრებელი ფართის მშენებლობის ვალდებულების შესახებ №- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია იღებდა ვალდებულებას 18000 აშშ დოლარად დაესრულებინა მშენებლობა და არაუგვიანეს 9 თვისა დამკვეთისათვის ჩაებარებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 45 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა. თ. გ-მა იმავე დღეს შეასრულა ვალდებულება და შპს „ც-ი ჯ-ის“ ანგარიშზე გადარიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. აღნიშნული ფაქტით ისარგებლა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ბ. ჭ-ემ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა თ. გ-ის მიერ შპს „ც-ი ჯ-ის“ ანგარიშზე ბინის შესაძენად ჩარიცხულ თანხას - 18000 აშშ დოლარს. აღნიშნულის გამო თ. გ-ს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

− თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ბ. ჭ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით ორ ეპიზოდში და თავისუფლების აღკვეთის სახით სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა;

− მსჯავრდებულ ბ. ჭ-ის ადვოკატებმა - ვ. კ-მა და ა. ჩ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ბ. ჭ-ის გამართლება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

− თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ბ. ჭ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით ორ ეპიზოდში და თავისუფლების აღკვეთის სახით სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას;

− მსჯავრდებულმა ბ. ჭ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულის პოზიციებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავასა და მსჯავრდებულ ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე