საქმე # 330100120003860966
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №888აპ-21 ქ. თბილისი
კ. ა. 888აპ-21 31 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. თ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ა. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ” პუნქტებით.
2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის მსჯავრდებულმა ა. კ–ამ 2020 წლის 11 ივლისს, დაახლოვებით 18:00 საათზე, ქ.თ–ში, ჯ–ის ქუჩა №.-ში მდებარე კაფე-ბარ ,,....–ში“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ჟ. წ–ის კუთვნილ ,,აიფონ 6ს“ და ,,აიფონ 5ს“ მობილურ ტელეფონებს. კერძოდ, გამოართვა თითქოსდა დარეკვის მიზნით, რის შემდეგაც მიიმალა და მობილური ტელეფონები მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულს - ჟ. წ–ს - მიადგა 1400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ა. კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელები;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. კ–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
ა. კ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 13 ივლისიდან.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 11 ივლისს, დაახლოვებით 18:00 საათზე, ქ.თ–ში, ჯ–ს ქუჩა №...-ში მდებარე კაფე-ბარ ,,.....“-ში ა. კ–ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ჟ. წ–ს კუთვნილ ,,აიფონ 6ს-სა“ და ,,აიფონ 5ს-ის“ მობილურ ტელეფონებს. კერძოდ, გამოართვა თითქოსდა დარეკვის მიზნით, რის შემდეგაც მიიმალა და მობილური ტელეფონები მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულს - ჟ. წ–ს - მიადგა 450 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
5 . აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ–მ, რომელმაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და გამართლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენში შევიდა შესწორება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მესამე აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,ა. კ–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლით.
8. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. თ–მ, რომელიც ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, მას არ აქვს პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ. დაცვის მხარე ასევე ითხოვს საქმის არსებით სხდომაზე განხილვას, რათა სასამართლომ მოისმინოს მსჯავრდებულის დაზუსტებული პოზიცია და მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.
9. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
10. უპირველეს ყოვლისა საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაზე, სადაც ერთი მხრივ, მითითებულია, რომ ბრალდება ა. კ–ს ედავება თაღლითობის ჩადენას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, თუმცა, მეორე მხრივ, მითითებულია - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ (ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და მე-3 ნაწილის ,,გ” (არაერთგზის) ქვეპუნქტები, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ (რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და მე-3 ნაწილის ,,გ“ (არაერთგზის) პუნქტებისა; ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 დეკემბრის განაჩენში მითითებულია, რომ ა. კ–ამ ჩაიდინა - ,,თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის“, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით; საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენში შევიდა შესწორება, რომლის თანახმად, ა. კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ (რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და მე-3 ნაწილის ,,გ“ (არაერთგზის) ქვეპუნქტებით. სასამართლო ასევე ითვალისიწნებს, რომ გასაჩივრებული განაჩენების დასაბუთებაც მიემართება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებს.
11. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდების ნაწილში და ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის დანიშვნას.
12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ა. კ–ს საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულ ჟ. წ–ს ჩვენება, პირის ამოცნობის ოქმი, პირადი ჩხრეკის ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის №...დასკვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განაჩენი, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა. კ–ამ ჩაიდინა მითითებული დანაშაული.
14. რაც შეეხება, ა. კ–ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, იმის გათვალისწინებით, რომ მან ახალი დანაშაული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ამასთან, დანიშნული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
15. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამიტომ „სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
16. საკასაციო სასამართლო კვალავაც მიუთითებს, რომ მართალია საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, თუმცა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის დროს განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობა, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, მართალია წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს, თუმცა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა არაერთგზის ცალსახად მიუთითებს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირებისას უკვე გათვალისწინებული იქნა მისი ნასამართლობა. ამდენად, სასჯელის განსაზღვრისას არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენი №562აპ-21).
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების ნაწილში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად სამი გარემოების არსებობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი (მაგალითისთვის: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება №305აპ-21). კერძოდ: მითითებული მუხლის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატი საკასაციო საჩივარში ითხოვს სასამართლომ მოისმინოს მსჯავრდებულის დაზუსტებული პოზიცია, თუმცა საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებული თავს არ ცნობდა დამნაშავედ, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის ეტაპზე, ხოლო სააპელაციო საჩივარში მართალია უთითებდა, რომ სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, თუმცა იმავდროულად ითხოვდა გამართლებას, იმ მოტივით, რომ სამართალწარმოების მიმდინარეობისას არასწორად შეფასდა მტკიცებულებები, რამაც განაპირობა მისი დამნაშავედ ცნობა.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას. ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no. 21447/11, no. 35839/11, §65, 66; 27/02/2020).
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. თ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე