საქმე # 160100121004510918
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №905აპ-21 ქ. თბილისი
ი–ი ე. 905აპ-21 25 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:
1.1 ე. ი–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
1.2 გ. ი–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1 2021 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, ბ–ს რაიონის სოფელ ფ–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელი სახლის ეზოში, ე. ი–მა, ხის მოჭრასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ძმას - გ. ი–ს ნაჯახის ყუა დაარტყა ჯერ მხარში, ხოლო შემდეგ - გვერდში, რის გამოც გ. ი–მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2 2021 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, ბ–ს რაიონის სოფელ ფ–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ. ი–მ, იმის გამო, რომ ძმამ ე. ი–მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხის ტოტი დაარტყა მას ცხვირის არეში, რის გამოც ე. ი–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის განაჩენით:
3.1 გ. ი–მ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 80 საათით.
3.2 ე. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 80 საათით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო პაპაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულების - ე. ი–ისა და გ. ი–სათვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
მსჯავრდებულ გ. ი–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. გ–ა შესაგებლით ითხოვს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა - ე. ი–მ და გ. ი–მ ნამდვილად ჩაიდინეს გასაჩივრებული განაჩენით მათთვის შერაცხული ქმედებები.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულების - ე. ი–ს და გ. ი–მსათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, წარსულში ნასამართლევები არ ყოფილან, უდავოდ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყვეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ე. ი–ს და გ. ი–სათვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნასა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). შესაბამისად, კასატორი არ უთითებს კონკრეტულ გარემოებაზე, რაც დაადასტურებდა მსჯავრდებულების - ე. ი–ს და გ. ი–სათვის განსაზღვრული სასჯელის შეუსაბამობას საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე