საქმე # 060100121004747348
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №912აპ-21 ქ. თბილისი
ვ–ე რ. 912აპ-21 26 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ვ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
რ. ვ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 3 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ს–ის რაიონის, დაბა კ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რ. ვ–მ, ურთიერთშელაპარაკებისას, სახის არეში ხელის დარტყმით იძალადა კ. ს–ზე, რომელმაც მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2021 წლის იანვრიდან 2021 წლის 3 მაისის ჩათვლით დროის პერიოდში, ს–ს რაიონის დაბა კ–ში მცხოვრები რ. ვ–ე, მთვრალი უმიზეზოდ განაწყენების ნიადაგზე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა მასთან მცხოვრებ მამას - მ. ვ–ს. ბოლო ფაქტი მოხდა 2021 წლის 3 მაისს. აღნიშნულით მ. ვ–ე განიცდიდა ტანჯვას.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისის განაჩენით:
რ. ვ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
რ. ვ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით.
რ. ვ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 4 მაისიდან.
3. სასამართლომ დაადგინა:
3.1 ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რ. ვ–ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
3.2 2021 წლის 3 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ს–ს რაიონის, დაბა კ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რ. ვ–მ, ურთიერთშელაპარაკებისას, სახის არეში ხელის დარტყმით იძალადა კ. ს–ზე, რომელმაც მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარემ.
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი გივი გოცაძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას და რ. ვ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
მსჯავრდებულ რ. ვ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. დ–ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლას. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ვ–ს ინტერესების დამცველ ადვოკატს მ. დ–ს უარი ეთქვა რ. ვ–ს მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისის განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენაზე.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, რ. ვ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად, მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით რ. ვ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. დაზარალებულმა მ. ვ–მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის - (შვილის) რ. ვ–ს წინააღმდეგ.
9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნის თანახმად, მ. ვ–ს ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის პროცესში ვერ მოხერხდა ობიექტური მონაცემების შეგროვება და მისი ფსიქოემოციური მდგომარეობის შექმნილ სიტუაციასთან მიმართებით განხილვა, რის გამოც რ. ვ–ს ქმედებებში შეურაცხყოფის, დამცირებისა და მუქარის ფაქტების დადგენა, რომელიც გამოიწვევდა მ. ვ–ს ტანჯვას, აღნიშნული საექსპერტო კვლევის მიერ შეუძლებელია.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის აუცილებელი კომპონენტი - დაზარალებულის მიერ ტანჯვის განცდა.
11. რაც შეეხება კასატორის მითითებას შემაკავებელი ორდერის ოქმზე N...., სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, დაზარალებულმა მ. ვ–მ მიუთითა, რომ რ. ვ–ე სისტემატურად ლანძღავს და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ არ შეიძლება შემაკავებელი ორდერის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს (მათ შორის, როდესაც მხარეების მიერ უდავოდ არის ცნობილი), როდესაც დაზარალებული/მოწმე სარგებლობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარს ამბობს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება დაზარალებულისთვის აღნიშნულით ტანჯვის მიყენება.
სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაცია მოითხოვს ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ტკივილის განცდის, ხოლო სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების შემთხვევაში - ტანჯვის გამოწვევას. მოწმე ნ. ვ–მ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას განმარტა, რომ ზუსტი დრო არ ახსოვს, მაგრამ შესწრებია რ. ვ–ს მხრიდან მამის გინებას, თუმცა მას მამისთვის ხელი არ დაურტყამს და არც დამუქრებია. შესაბამისად, მოწმეს არ შეუძლია დაადასტუროს მ. ვ–ს მიერ ტკივილის ან/და ტანჯვის განცდის ფაქტი.
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ მითითებული სხვა მოწმეები: ნ. გ–ი და ი. ს–ა არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი, მათ დაინახეს მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2021 წლის 3 მაისს რ. ვ–ე იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში და იგინებოდა, ისინი არ შესწრებიან რ. ვ–სა და მ. ვ–ს შორის მომხდარ ფაქტს, მომხდარის შესახებ იციან მხოლოდ გადმოცემით. შესაბამისად მათი ჩვენება თავისი შინაარსით არის ირიბი.
13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფი, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
15. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
16. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება რ. ვ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე